"ნაადრევად დავქორწინდი და სწავლის გაგრძელება ვეღარ მოვახერხე... ახლა ავიხდინე ოცნება..." - დედები, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გასვლა და სტუდენტობა გადაწყვიტეს - მშობლები

"ადრე დავოჯახდი, შვილები პატარები მყავდა და ვეღარ ვისწავლე... ახლა ავიხდინე ოცნება..." - დედები, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გასვლა და სტუდენტობა გადაწყვიტეს

2025-07-07 20:52:25+04:00

2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები უკვე დაიწყო და აბიტურიენტები სხვადასხვა საგანში გამოცდებს აბარებენ. ბევრმა მათგანმა სკოლა ახლახან დაამთავრა და ცხოვრების ახალ ეტაპს იწყებს. თუმცა, აბიტურიენტთა შორის არიან ადამიანები, რომლებმაც სკოლა წლების წინ დაამთავრეს, მაგრამ სწავლის გაგრძელება ახლა გადაწყვიტეს და სურთ, საკუთარ მიზნებს მიაღწიონ.

დღეს გაგაცნობთ დედებს, რომლებიც ერთიან ეროვნულ გამოცდებს წელს აბარებენ ან უკვე სტუდენტები არიან. ისინი მთავარი გამოწვევებისა და მოტივაციის შესახებ გვესაუბრებიან.

ინგა ანთიას ორი შვილი ჰყავს. 33 წლისაა და ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს. სწავლის გაგრძელებას ფილოლოგიურზე გეგმავს. ამბობს, რომ ეს მისი ძალიან დიდი მიზანია და ოჯახის მხარდაჭერა კიდევ მეტ მოტივაციას აძლევს. ინგა საკუთარი გადაწყვეტილებისა და სამომავლო გეგმების შესახებ გვესაუბრება:

inga-antia-1751907691.jpg
ინგა ანთია შვილებთან ერთად

- პირველად უნივერსიტეტში 15 წლის წინ ჩავაბარე. მესამე კურსზე ვიყავი, მეორე შვილს ველოდებოდი, ვერ დავდიოდი და გადავწყვიტე, აკადემიური ამეღო. თუმცა, ვერც მომდევნო 5 წლის შემდეგ მოვახერხე სწავლის გაგრძელება და ამის გამო, ძალიან ვნერვიულობდი. მინდოდა, უნივერსიტეტი დამემთავრებინა. წელს საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ უნივერსიტეტში სწავლა გავაგრძელო და ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დავრეგისტრირდი. 33 წლის ვარ და მინდა, ოცნება ავიხდინო. 15 წლის წინ სამართალზე ვსწავლობდი. ახლა რუსულის რეპეტიტორი ვარ. უკვე წლებია, ბავშვებს რუსულს ვასწავლი. მხატვრული ლიტერატურაც ძალიან მიყვარს.ამიტომ, გადავწყვიტე, ფილოლოგიურზე ჩავაბარო.

ოჯახის წევრებმა ჩემი გადაწყვეტილება ძალიან პოზიტიურად აღიქვეს და ყველაფერში მხარს მიჭერენ. სამწუხაროდ, დედა გარდამეცვალა. დედაჩემის ოცნება იყო, რომ უნივერსიტეტი დამემთავრებინა. ეს კიდევ მეტ მოტივაციას მაძლევს. მხოლოდ ჩემი სურვილების ასრულებას არ ვცდილობ. მინდა, დედაჩემის ოცნებაც ავასრულო.

inga-antia-2-1751907722.jpg
ინგა ანთია დედასთან ერთად

დამოუკიდებლად ვემზადებოდი. ქართულ ლიტერატურას ვეცნობოდი. საგამოცდო პროგრამებიც კარგად ვნახე, რადგანაც ბევრი რამ შეცვლილია. რუსული ძალიან კარგად ჩავაბარე. ლიტერატურის გამოცდამდე კიდევ რამდენიმე დღეა და ვემზადები. ჩემი სკოლის მასწავლებლებიც ძალიან მგულშემატკივრობენ და რეკომენდაციებს მაძლევენ.

ორი შვილი მყავს. ერთი 12 წლისაა, მეორე 9-ის. ჩემს უფროს შვილთან ერთად რუსული ენის საგამოცდო ტესტებს ვაკეთებდი და მითხრა, რომ გამოცდის აღარ ეშინია. მგულშემატკივრობენ და ძალიან უნდათ, მიზანს მივაღწიო.

მინდა, სხვა დედებს ვუთხრა, რომ სწავლა არასდროსაა გვიან. თუ გულით გინდათ, ან ფიქრობთ, რომ იქ არ ხართ, სადაც უნდა იყოთ, აუცილებლად გადადგით პირველი ნაბიჯები და თქვენს ოცნებებს მიჰყევით. აუცილებლად გამოგივათ ყველაფერი, რასაც გულით მოინდომებთ.

33 წლის თამრიკო კახიძე ფსიქოლოგიის მიმართულებით აბარებს. 3 შვილის დედაა, 13 წელია, მანიკიურის სპეციალისტია და საკუთარი სალონიც აქვს. ის მოტივაციის, სამომავლო გეგმებისა და საკუთარი არჩევანის შესახებ ვრცლად გვესაუბრება:

tamriko-kaxaze-1751877933-1751907541.jpg
თამრიკო მეუღლესთან და შვილებთან ერთად

- წლების წინ, როდესაც სკოლა დავამთავრე და უნივერსიტეტში ჩავაბარე, ფსიქოლოგიის მიმართულება ავირჩიე. თუმცა, ცხოვრებისეული მიზეზებიდან გამომდინარე, აკადემიური ავიღე და მაშინ უნივერსიტეტის დასრულება ვერ მოვახერხე. შვილები გავაჩინე, სხვადასხვა საქმით დავკავდი. მას შემდეგ, იმდენი წელი გავიდა, გაგრძელებაც ვეღარ მოვახერხე. ამიტომ, გადავწყვიტე, ახლა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე კვლავ გავიდე და უნივერსიტეტში, ისევ ფსიქოლოგიის მიმართულებით ვისწავლო. ახლა ჩემი შვილები წამოიზარდნენ და მინდა, ისევ ვცადო.

ჩემი მეუღლე მხარს მაქსიმალურად მიჭერს. რომ გითხრათ, მთელი წელი ვიჯექი და ვემზადებოდი-თქო, ასე არ არის. სამსახური მაქვს, შვილები მყავს. თუმცა, ბოლო თვეების განმავლობაში რაღაცებს გადავხედე. ჩემი უფროსი შვილი მე-3 კლასშია. მასაც ძალიან უხაროდა, როდესაც წიგნით მხედავდა. მეუბნებოდა, ერთად ვიმეცადინოთო. მიუხედავად იმისა, რომ მე-3 კლასელია და ჯერ ბოლომდე ვერ აანალიზებს, რას ვაკეთებ, მაინც ჩართულია ამ პროცესში. ყველაზე პატარა 3 წლისაა.

ახლა სწავლის გაგრძელება იმდენად მინდა, ვფიქრობ, ყველაფერს შევძლებ. 18-19 წლის რომ ვიყავი და ფსიქოლოგიაზე ჩავაბარე, ვიდრე არ ამიხსნეს, რას გულისხმობდა ეს პროგრამა, იქამდე ვერ გავიაზრე. ახლა ცხოვრებისეული გამოცდილება დამიგროვდა, ხალხთან ურთიერთობა ჩემთვის იმდენად დიდი გაკვეთილია, რომ უფრო მეტად, უფრო გააზრებულად მომინდა, რომ მესწავლა. ვფიქრობ, ჩემი შვილებისთვისაც მაგალითი ვიქნები, რომ წიგნი ავიღო და მეც მათთან ერთად ვისწავლო. მათ უნდა იცოდნენ, რომ სწავლისთვის გვიან არასდროსაა. (იხილეთ თამრიკო კახიძის ინტერვიუ ვრცლად)

34 წლის ნათია ზალდასტანიშვილი 3 შვილის დედაა. მან 2 წლის წინ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩააბარა, ძალიან წარმატებული სტუდენტია და ამბობს, რომ შვილებისთვის მისი მონდომება დიდი მოტივაციაა. ნათია საკუთარი არჩევანის შესახებ უფრო ვრცლად გვესაუბრება:

natia-zaldastanishvili-1751907890.jpg
ნათია ზალდასტანიშვილი შვილებთან ერთად

- სკოლაში ძალიან კარგად ვსწავლობდი. თუმცა, ნაადრევად დავქორწინდი და სწავლის გაგრძელება ვეღარ მოვახერხე. 34 წლის ვარ და ჩემი უფროსი შვილი 17 წლისაა. მეორე შვილი 15-ის, უმცროსი კი 4 წლისაა. თვითგანვითარება არასდროს შემიწყვიტავს. სკოლის დამთავრების შემდეგ, სხვადასხვა კურსი გავიარე. მაგრამ, ის ოცნება, რომ უნივერსიტეტში ჩამებარებინა და სტუდენტი გავმხდარიყავი, არასდროს მტოვებდა. მიუხედავად იმისა, რომ შვილების აღზრდით ვიყავი დაკავებული, კითხვა განსაკუთრებით მიყვარდა და საკუთარი თავის განვითარებას სულ ვცდილობდი. ალბათ, სწორედ ამიტომაა, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, ყოველგვარი მომზადების გარეშე, დამოუკიდებლად, საკმაოდ მაღალი ქულები მივიღე და სასურველ ფაკულტეტზე ჩავირიცხე. ახლა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, დაწყებითი განათლების პროგრამაზე ვსწავლობ. აქტიური სტუდენტი ვარ. სხვადასხვა კონფერენციაში, აქტივობაში ვმონაწილეობ. მაღალი აკადემიური მოსწრება მაქვს. 2 წლის განმავლობაში, უნივერსიტეტში არც ერთი დღე არ გამიცდენია. ყველა ლექციას ვესწრები და ყველა სემინარს ვაბარებ. სწავლა სრულად მიფინანსდება. ამავდროულად, მაღალი აკადემიური მოსწრების გამო, სახელმწიფო სტიპენდიას ვიღებ. გარდა ამისა, ახლა, ამ სემესტრში იმხელა ქულები მოვიპოვე, რომ ჩემს სტიპენდიას პატარკაციშვილის ფონდის სტიპენდია ემატება. ეს კიდევ ორმაგი მოტივაციაა.

ოჯახის თანადგომის გარეშე, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს ვერ შევძლებდი. მეუღლე და ჩემი შვილები ძალიან მეხმარებიან. სამომავლოდ, სკოლაში ვგეგმავ მუშაობას. თუმცა, ზუსტად განსაზღვრა, თუ რას გავაკეთებ რამდენიმე წლის შემდეგ, არ შემიძლია.

5-1751907932.jpg
ნათია მეუღლესთან ერთად

ძალიან კარგი კურსელები მყავს. თავიდანვე ვუთხარი, რომ მათი უფროსი მეგობარი ვიქნებოდი. მართლაც, ძალიან თბილი და მეგობრული დამოკიდებულება ჩამოგვიყალიბდა. არასდროს მიგრძნია მათგან, რომ მე მათზე დიდი ვარ და ჩემთან კომუნიკაცია არ უნდათ. ვფიქრობ, პირველ რიგში, თავად უნდა მივიღოთ ჩვენი თავი, არ დავკომპლექსდეთ და მერე სხვა ადამიანების კეთილგანწყობასაც მოვიპოვებთ.

ჩემი უფროსი შვილი ბიჭია, წელს აბიტურიენტია. ძალიან კარგად სწავლობს. გოგონაც ათოსანია. ვფიქრობ, ჩემმა გადაწყვეტილებამ დიდი როლი ითამაშა, რადგან ბიჭებს მოზარდობის ასაკში სწავლა ხშირად ეზარებათ. იმას, რომ სწავლისთვის გვიან არასდროსაა, ჩემი შვილები ძალიან კარგად ხედავენ და მგონია, რომ მათთვის მოტივაცია ვარ.

შესაძლოა, ადამიანებს უნივერსიტეტში ჩაბარება არ სურდეთ, მაგრამ რაიმე დამატებითი პროფესიის შესწავლაზე ფიქრობდნენ, საკუთარი ცოდნის გამრავალფეროვნება უნდოდეთ და ასაკის გამო ვერ ბედავდნენ, ფიქრობდნენ, რომ არ გამოუვათ - მინდა, მათ ვუთხრა, რომ გვიან არასდროსაა. ჩემი ოცნებები მიზნებად გადავაქციე და ვფიქრობ, ჯერ ყველაფერი წინაა. საკუთარი თავი ადამიანად, კარგ მშობლად, მეგობრად რომ იგრძნო, განათლება, საკუთარი თავის პოვნა აუცილებელია. თუ გულით მოინდომებთ, ყველაფერი გამოგივათ. ფაქტობრივად, თანხა არ დამჭირვებია, რომ მიზნისათვის მიმეღწია. კიდევ ბევრი მიზანი მაქვს და ამ მიზნებისთვის მუშაობას არ შევწყვეტ.

ნატალია ყალაიჩიშვილი 36 წლისაა. 3 შვილის დედაა. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლობს. როგორც თავად გვეუბნება, ბოლნისიდან თბილისში დადის, ლექციებს ესწრება და უკან ბრუნდება. ნატალია აღნიშნავს, რომ სწავლისა და განვითარების სურვილი იმდენად დიდია, ყველა დაბრკოლების გადალახვა მოახერხა:

foto-1-19-1751908078.jpg
ნატალია ყალაიჩიშვილი შვილებთან და მეუღლესთან ერთად

- შარშან, მარტის თვეში, სრულიად მოულოდნელად გადავწყვიტე, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დავრეგისტრირებულიყავი. ადრე დავოჯახდი, შვილები პატარები მყავდა და ვეღარ ვისწავლე. უკვე 4 წელია, სკოლაში, საქმის მწარმოებლად ვმუშაობ. ძალიან მინდოდა, რომ უნივერსიტეტში ჩამებარებინა და დიპლომი მქონოდა. ოჯახის წევრებს, დედაჩემს ჩემი სურვილი გავუზიარე. ძალიან დიდი მოტივაცია მომცეს. დედაჩემი მათემატიკოსია და გამოცდებზე მან დამარეგისტრირა. დამატებით საგნად მათემატიკა ავირჩიე. თუმცა, იმის გამო, რომ სკოლის დამთავრებიდან ბევრი წლის შემდეგ ვაბარებდი უნივერსიტეტში, საკუთარ შესაძლებლობებში ბოლომდე დარწმუნებული არ ვიყავი და მეოთხე საგნად გეოგრაფია ავირჩიე. გეოგრაფია ბავშვობიდან მიყვარდა და სკოლაშიც კარგად ვსწავლობდი. გამოცდების პერიოდი რომ დადგა, ძალიან ვნერვიულობდი. ბევრი რამ შევლილი იყო, გამოცდებზე განსხვავებულ რაღაცებს ითხოვდნენ და ვღელავდი. მაგრამ, ვფიქრობ, კარგად გავუმკლავდი. დამოუკიდებლად ვმეცადინეობდი, წინა წლების ტესტებს ვაკეთებდი... პირველი კურსი წარმატებით დავამთავრე და მეორე კურსზე გადავედი. ცოტახნის წინ ფინალური გამოცდებიც ვწერე. ბოლნისიდან ვარ, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გარემოს დაცვის მიმართულებით ჩავაბარე. ბოლნისიდან თბილისში დავდივარ, ლექციებს ვესწრები და შემდეგ უკან ვბრუნდები. იმის მიუხედავად, რომ ოჯახი მყავს, ვმუშაობ, ვცდილობ, ლექციები არ გავაცდინო და ყველა დავალება მოვამზადო. სამსახურიდანაც ძალიან მეხმარებიან. ჩემი ოჯახის მხარდაჭერის გარეშე კი, არაფერი გამომივიდოდა.

123-97-1751956396.jpg
ნატალია ყალაიჩიშვილი შვილთან ერთად

ჩემი მეუღლე ოთხივე გამოცდაზე წამომყვა და როგორც მშობლები ელოდებიან ხოლმე თავიანთ შვილებს საგამოცდო ცენტრთან, ისე მელოდებოდა. ჩემი უფროსი შვილი მე-11 კლასში გადავიდა, მეორე მე-8 კლასშია, მესამე შვილი კი - მე-4 კლასში. ვფიქრობ, მათთვის ჩემი გადაწყვეტილება სწავლის მოტივაცია გახდა. ჩემი დედამთილი ძალიან მეხმარება. დაღლილი რომ მივდივარ, ფაქტობრივად, მხოლოდ საკუთარი თავის მოწესრიგება მიწევს იმიტომ, რომ ის ჩემს მისვლამდე ყველაფერს აკეთებს.

ჯგუფელები ძალიან მიყვარს. მათგან დადებით და თბილ დამოკიდებულებას ვგრძნობ. მეც ვცდილობ, ყველაფერში დავეხმარო, ამობეჭდილი მასალა გავუზიარო. ჯგუფში 2 გოგო და 18 ბიჭი ვართ...

მინდა, სხვა დედებს, რომლებმაც სწავლა ვერ შეძლეს ან რაიმე მიზეზით ბოლომდე ვერ დაასრულეს, ვუთხრა, რომ სწავლა არასდროსაა გვიან. არც შეუძლებელია რაიმე. საკუთარი შვილების მომავლისთვის და თავიანთი კეთილდღეობისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

თამარ იაკობაშვილი