მარიკა კუბლაშვილი 36 წლისაა. ის სამი შვილის დედაა. გასულ წელს, საკუთარ შვილთან ერთად, უნივერსიტეტში ჩააბარა და როგორც თავად ამბობს, დიდი ხნის ოცნება აიხდინა. მარიკა ახლა სამუშაოდ კვლავ ქვეყნის გარეთაა, თუმცა ახალი სასწავლო წლიდან დაბრუნებასა და სწავლის გაგრძელებას გეგმავს. შვილთან ერთად ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გასვლა მისთვის ერთ-ერთი ყველზე ამაღელვებელი და ამავდროულად, სასიამოვნო ემოცია იყო. მარიკა გვიყვება, რა დაბრკოლებები შეხვდა ამ პროცესში, როგორ მიიღო უნივერსიტეტში ჩაბარების გადაწყვეტილება და რა გახდა მისთვის მთავარი მოტივაცია:
- 2005 წელს, როდესაც სკოლა დავამთავრე, უნივერსიტეტში ჩავაბარე. ერთ-ერთი საუკეთესო მოსწავლე ვიყავი სკოლაში და სხვანაირად ვერც იქნებოდა, მაგრამ მოხდა ისე, რომ ადრეულ ასაკში შევქმენი ოჯახი და გარკვეული გარემოებების გამო, სწავლას თავი დავანებე. მას შემდეგ ის აუსრულებელი ოცნება მოსვენებას არ მაძლევდა, მაგრამ საამისოდ დროც აღარ მქონდა. განქორწინების შემდეგ ემიგრაციის გზას დავადექი და რამდენიმე წელი უცხო ქვეყანაში გავატარე. გასულ წელს, ისევ ემიგრაციაში მყოფმა, გადავწყვიტე, რომ გამოცდების წინ დავბრუნებულიყავი და ჩემს შვილთან ერთად ჩამებარებინა უნივერსიტეტში. მხოლოდ ისტორიის რამდენიმე ონლაინ გაკვეთილი გავიარე, დანარჩენ საგნებს არც შევხებივარ, ისევ ოცი წლის წინანდელი ცოდნით გავედი გამოცდებზე და შესანიშნავად გავართვი თავი ყველაფერს. ძალიან სასიამოვნო შეგრძნებაა, შვილთან და მის კლასელებთან ერთად საგამოცდო ცენტრში შესვლა. ვფიქრობ, ამით ჩემს შვილსაც სტიმულს ვაძლევდი.
- ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე( სამართლის ბაკალავრი) ჩავაბარე. იურისტობის გარდა, პოეტიც ვარ და როგორც ამბობენ, მშვენივრად ვწერ.
- როგორც უკვე ვთქვი, ფაქტობრივად, მოუმზადებელი ვიყავი, თუ ისტორიის საკითხების გახსენებას არ ჩავთვლი. მეტის დრო ფიზიკურად არ მქონდა. მოგეხსენებათ ემიგრაციაში მუშაობა როგორი რთულია. გამოცდებს რაც შეეხება, ნამდვილად არ გამჭირვებია. ამისთვის, კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა ჩემს მასწავლებლებს. მყარი საფუძველი უმნიშვნელოვანესია.
- არანაირი წინააღმდეგობა არ შემხვედრია, პირიქით... ვერც ხვდებოდნენ, რომ ახალი სკოლადამთავრებული არ ვიყავი. როცა იგებდნენ, კომპლიმენტებით მავსებდნენ. მეუბნებოდნენ, რომ ბევრისთვის მაგალითი ვარ.
- უბედნიერესი იყო. ქულებს ჩემი შვილი ამოწმებდა და მე უფრო მაღალი შეფასება რომ მქონდა, სიხარულით გიჟდებოდა- დედა, ხედავ როგორ მაჯობეო?
-დავბრუნდები და გავაგრძელებ, რა თქმა უნდა. ყველაზე ცუდ სიტუაციაში, 1 წლით აკადემიურს ავიღებ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ახალი სასწავლო წლისთვის დაბრუნებას შევძლებ.
- ჩემი გამოცდილებით მინდა, ყველა დედას და არამარტო დედებს, მათ, ვისაც ასაკის გამო ამ ნაბიჯის გადადგმა უჭირთ, ვურჩიო - სცადეთ, პირველ რიგში, საკუთარ თავს დაუმტკიცეთ, რომ შეგიძლიათ. სწავლა არასდროს არის გვიან. არ ვნანობ და არც არასდროს ვინანებ ამ გადაწყვეტილებას, მიუხედავად იმისა, რომ რთული ცხოვრება მაქვს და პარალელურად მიწევს ემიგრაციაში ყოფნა, რომ შვილებზეც ვიზრუნო. მოგეხსენებათ სტუდენტური გრაფიკით სამსახურის პოვნა ჩვენს ქვეყანაში თითქმის შეუძლებელია, ან თუ იპოვი, ანაზღაურება მიზერულია. ვისურვებდი, ქვეყნიდან აღარ გავრბოდეთ და ნორმალურ პირობებში შეგვეძლოს განათლების მიღებაც და არსებობაც. კიდევ ერთხელ, წარმატებები ყველა აბიტურიენტს და განსაკუთრებით იმ დედებს, რომლებსაც ჩემსავით ოცნებებით აქვთ გული სავსე.
თამარ იაკობაშვილი