გუშინ პოლიციამ არასრულწლოვანის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე 9 პირი დააკავა. მათგან ყველაზე უფროსი 30 წლისაა, ერთი 18-ის, დანარჩენები კი 14-17 წლის მოზარდები არიან. ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, სხვა ნივთებთან ერთად, ნაცისტური სიმბოლიკის ნივთები, ცივი და პნევმატური იარაღები ამოიღეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ წარსულში არსებული უთანხმოების ნიადაგზე, ერთ-ერთმა მათგანმა მოტყუებით წაიყვანა 15 წლის მოზარდი თბილისში, ერთ-ერთ მეტროსადგურთან ახლოს მდებარე მიტოვებულ შენობაში, სადაც სხვა ბრალდებული პირები დახვდნენ. დაკავებულებმა მასზე ფიზიკურად იძალადეს, ასევე, ცივი იარაღით, სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანება მიაყენეს და ეს ყველაფერი მობილური ტელეფონით გადაიღეს.
"დანით დასერეს, ძალის გამოყენებით დააჩოქეს, გააშიშვლეს მთლიანად, მიუხედავად იმისა რომ სთხოვდა არ გაეშიშვლებინათ. ამ დროს 15 წლის ბავშვს ყელზე დანა ჰქონდა მიბჯენილი და სხვა გზა არ ჰქონდა. იხტუნავეს მის თავზე და იარაღით აშინებდნენ. თითებზე ჩამოაცვეს პ*ეზერვატივი და გადაუღეს ვიდეო, პოლიციას თუ მიმართავდა გაუვრცელებდნენ" - წერს ბიჭის ახლობელი.
რადიო თავისუფლება დაზარალებული მოზარდის ადვოკატს ესაუბრა. ადვოკატი გამოცემას უყვება, რომ სასტიკად ნაცემ ბავშვთან დალაპარაკება, მხოლოდ რამდენიმე დღის გასვლის შემდეგ შეძლო.
„ბავშვი რამდენიმე დღის განმავლობაში დარჩა კლინიკაში. ეს იყო მის მიმართ განხორციელებული დაუნდობელი, არაადამიანური ქმედება. დანით აქვს დასერილი სხეული. არის სასტიკად ნაცემი... - განუცხადა მაკა ბერაძემ რადიო თავისუფლებას. მისივე თქმით, მოზარდი თანატოლმა გოგომ მოტყუებით თბილისში, ერთ-ერთ მეტროსადგურთან მიტოვებულ შენობაში მიიყვანა, სადაც მას ე.წ. ფაშისტური იდეოლოგიის მატარებელი რვაკაციანი ჯგუფი გაუსწორდა.
იხილეთ დეტალები სრულად