1961 წლის ნოემბერში, მაიკლ როკფელერი, მრავალმილიონიანი ქონების მემკვიდრე, პაპუა-ახალი გვინეის სანაპიროდან მოულოდნელად გაუჩინარდა. მისმა უცნაურმა გაუჩინარებამ არა მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატები, არამედ მთელი სამეცნიერო საზოგადოება შოკში ჩააგდო. ამბავი იდუმალებითაა სავსე და მხოლოდ ცოტას თუ სჯერა, რომ გამოცდილი მეცნიერი უბრალოდ წყალში დაიხრჩო…
მაიკლ კლარკ როკფელერი 1938 წელს დაიბადა. ის ნიუ-იორკის გუბერნატორის, ნელსონ როკფელერის უმცროსი ვაჟი და ჯონ დ. როკფელერის მიერ დაარსებული დინასტიის კიდევ ერთი წარმომადგენელი იყო, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრეს ადამიანად ითვლებოდა. მამას იმედი ჰქონდა, რომ მაიკლი მის კვალს გაჰყვებოდა და ბიზნესიმპერიის მართვაში გარკვეულ პასუხისმგებლობას აიღებდა. თუმცა, ახალგაზრდა მამაკაცს სულ სხვა ინტერესები ჰქონდა. მაიკლს აფრიკული ტომების კულტურა, მათი იარაღები, სამოსი, წესები და ჩვეულებები განსაკუთრებით აინტერესებდა.
ოჯახის სიმდიდრის წყალობით, მაიკლი ბევრს მოგზაურობდა, თვეების განმავლობაში იაპონიასა და ვენესუელაში ცხოვრობდა, მაგრამ სულ ფიქრობდა, რომ რაღაც აკლდა… განსხვავებული თავგადასავალი სჭირდებოდა. ისეთ ექსპედიციაში უნდოდა მონაწილეობის მიღება, სადაც ჯერ ადამიანი ნამყოფი არ იყო.
ნიდერლანდების ეთნოლოგიის ეროვნულ მუზეუმთან მოლაპარაკებების შემდეგ, მაიკლმა ახალი გვინეის კუნძულის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროზე ეთნოგრაფიული ექსპედიციის ორგანიზება გადაწყვიტა. ტერიტორია იმ დროს ნიდერლანდების პროტექტორატის ქვეშ იყო.
მოგზაურობის მიზანი ასმატების ტომის საყოფაცხოვრებო ნივთების, სხვადასხვა რიტუალისთვის განკუთვნილი ინვენტარის, ტანსაცმლისა და სამკაულების შეგროვება იყო. ადგილობრივი ტომის წარმომადგენლები ხისა და ძვლის კვეთის დიდ ოსტატებად იყვნენ ცნობილნი. თუმცა, მათ ცუდი რეპუტაციაც ჰქონდათ. ამბობდნენ, რომ ისინი კანიბალები იყვნენ…
ასმატების უმეტესობას თეთრკანიანი ადამიანი არასდროს ენახა. გარე სამყაროსთან კომუნიკაციის ნაკლებობის გამო, ტომები თვლიდნენ, რომ მათი კუნძულის მიღმა მდებარე მიწები სულებით იყო დასახლებული, ამიტომ ნებისმიერი უცხო ზებუნებრივი არსებად მიაჩნდათ. გასაკვირი არ არის, რომ მაიკლ როკფელერის გუნდის გამოჩენა სოფელ ოცჯანეპის მოსახლეობამ უსიამოვნო სიახლედ მიიღო.
თანდათანობით, ასმატები შეეგუვნენ იმ ფაქტს, რომ თეთრკანიანი უცნობები მათ ყოველ ნაბიჯს აფიქსირებდნენ. პრობლემები მაშინ დაიწყო, როდესაც ექსპედიციის წევრებმა სხვადასხვა ხის ნივთის, სარიტუალო დეტალების, ადამიანის მოხატული თავის ქალების წაღება გადაწყვიტეს… მიუხედავად ადგილობრივების გაღიზიანებისა, მაიკლის დიდი შეუპოვრობით ბევრი განსხვავებული და განსაკუთრებული ნივთი ექსპედიციის წევრებმა იქიდან მაინც წაიღეს და მეტროპოლიტენის მუზეუმში გადაიტანეს.
ანთროპოლოგიური თვალსაზრისით, ასმატების წეს-ჩვეულებებმა მაიკლი სრულიად გააოცა. იმ დროს სოფლებს შორის ომები ხშირი იყო, ამიტომ, როდესაც ისინი უპირატესობას მოიპოვებდნენ, გამარჯვებულები ხშირად დამარცხებულთა თავებს იღებდნენ და მათ ხორცს მიირთმევდნენ… ზოგიერთ რაიონში ასმატი მამაკაცები ერთმანეთთან რიტუალურ სექსუალურ აქტებს ასრულებდნენ და ერთმანეთის შარდსაც კი სვამდნენ, რადგან თვლიდნენ, რომ ასე ერთმანეთთან მენტალურ კავშირს ამყარებდნენ.
როდესაც მაიკლი ამერიკის შეერთებულ შტატებში დაბრუნდა, მალევე შეიმუშავა გეგმა, თუ როგორ უნდა დაბრუნებულიყო გვინეაში. 1961 წლის ნოემბერში ანთროპოლოგ რენე ვასინგის თანხლებით ის კუნძულზე კვლავ დაბრუნდა. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი ტომის შამანმა მაიკლს უთხრა, რომ მის სახეზე სიკვდილის ნიღაბი დაინახა, მაგრამ მეცნიერს ეს არ ადარდებდა.
მალევე მაიკლი და მისი თანამშრომელი ოცჯანეპისთან გაუჩინარდნენ. ნავი, რომელშიც მაიკლი უნდა ყოფილიყო, ნაპირიდან 19 კილომეტრით იყო დაშორებული.
რა თქმა უნდა, სამძებრო სამუშაოები ძალიან მასშტაბური იყო. გავლენიანი ოჯახი ყველაფერ აკეთებდა, რომ მემკვიდრე ცოცხალი ეპოვა. თვითმფრინავები, გემები, ვერტმფრენები - ყველა მაიკლს ეძებდა, თუმცა ის უკვალოდ გაქრა. 9-დღიანი ძებნის შემდეგ, სამძებრო სამუშაოები უშედეგოდ დასრულდა. ერთი ვერსიის თანახმად, მაიკლი დაიხრჩო. თუმცა, ბევრმა ეს ვერსია ვერ დაიჯერა...
2010-იანი წლების დასაწყისში, National Geographic-ის რეპორტიორი კარლ ჰოფმანი ახალ გვინეაში მაიკლის გარდაცვალების ნამდვილი მიზეზის დასადგენად გაემგზავრა. ჟურნალისტმა ამბავზე წიგნიც დაწერა, სადაც ამტკიცებს, რომ მაიკლმა ნავით სეირნობისას ნაპირს მიაღწია, თუმცა ასმატებმა მოკლეს და შეჭამეს...
მან ორი ჰოლანდიელი მისიონერის სიტყვები მოიყვანა დასტურად. ისინი ასმატებთან ერთად კუნძულზე მრავალი წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ და მათ ენაზე საუბრობდნენ. ჰოლანდიელები ამტკიცებდნენ, რომ მათ ტომის მიერ მაიკლის მკვლელობის გეგმის განხილვა გაიგეს... სოფელში ჩასული გამომძიებელი იმავე დასკვნამდე მივიდა და თავის ქალაც კი წარადგინა, რომელიც, მათი თქმით, მეცნიერს ეკუთვნოდა. თუმცა, საქმე არ განახლებულა და არქივში დამარხეს…
ოცჯანეპში ჩასვლის შემდეგ, ჰოფმანმა გადაწყვიტა, ჰოლანდიელი მისიონერების სიტყვები შეემოწმებინა. თეთრკანიანი კაცის დანახვისას, ასმატებმა ერთმანეთში რაღაცაზე დაიწყეს საუბარი, შემდეგ კი ერთ-ერთმა მათგანმა მოითხოვა, რომ გარდაცვლილ ამერიკელზე არ ესაუბრათ. მოგვიანებით, მამაკაცებმა აღიარეს, რომ თეთრკანიანი კაცის მკვლელობა არ ახსოვდათ.
ფაქტია, რომ მაიკლის კუნძულზე ჩასვლამდე სამი წლით ადრე, 1957 წელს, ორ ასმატურ ტომს შორის ხოცვა-ჟლეტა მოხდა. ჰოლანდიელები ოცჯანეპის მეომრების განიარაღებას აპირებდნენ, მაგრამ ყველაფერი ასმატების და, კერძოდ, ოთხი ლიდერის სიკვდილით დასრულდა.
ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, როდესაც ტომის წარმომადგენლებმა მაიკლი დაინახეს, მისი მკვლელობა მაშინვე განიზრახეს. გაუჩინარების დღეს კი ახალგაზრდა მეცნიერი მოკლეს, მაიკლი შეჭამეს და ძვლები დაანაწევრეს. ასმატები დარწმუნებულები იყვნენ, რომ მათი შურისძიება მსოფლიოში ბალანსს აღადგენდა.
მაგრამ მალევე ოცჯანეპის მაცხოვრებლებმა ეს ინანეს. ქოლერა სანაპიროზე გავრცელდა და ასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
კიდევ ერთი ვერსიის მიხედვით, მაიკლი არც წყალში დამხრჩვალა და არც ადგილობრივებს მოუკლავთ… ახალგაზრდა მეცნიერს თავგადასავლები ყველაზე მეტად უყვარდა და მდიდრული ცხოვრება არ ხიბლავდა. ამიტომ, არსებული ვერსიის მიხედვით, ის ტომის წარმომადგენლებს შეუერთდა და მათთან ერთად ცხოვრება დაიწყო.
1960-იანი წლების ბოლოს, ნიუ-იორკელმა ჟურნალისტმა მილტ მახლინმა, რომელიც მაიკლ როკფელერის გაუჩინარებას იკვლევდა, ასმატების ტომი კამერაზე გადაიღო. შავკანიან მამაკაცებს შორის, ფირზე დაფიქსირებულია წვერიანი თეთრკანიანი მამაკაცი. ის შიშველი იყო და სახე ომის საღებავით ჰქონდა დაფარული. თუმცა, სახის გარჩევა შეუძლებელი იყო.
მახლინის მიერ გადაღებული კადრები ახალი ინგლისის არქივში დოკუმენტური ფილმების რეჟისორმა ფრეიზერ ჰესტონმა აღმოაჩინა. დღემდე უცნობია, ამ კადრებში რეალურად მაიკლია დაფიქსირებული თუ სხვა მამაკაცი.