მარიამ ტატანაშვილი რამდენიმე წლის წინ მძიმე ავარიაში მოჰყვა და უამრავი სხვადასხვა დაზიანება მიიღო. ის დღემდე მკურნალობის კურსს გადის. მარიამი საზოგადოებამ სოციალური ქსელებით გაიცნო და მას არაერთი ადამიანი დაეხმარა. ეს პროცესი დღემდე გრძელდება. ის გადაცემაში "სიცრუის დეტექტორი" ამბობს, რომ უახლოესმა ადამიანმა ხალხის მიერ მკურნალობისათვის შეგროვებული ფული მოჰპარა:
- ეს ამბავი დღემდე ჩემმა ბევრმა მეგობარმაც კი არ იცის. ავარიის დღიდან ადამიანების დახმარებით მოვედი აქამდე. აბსოლუტურად ყველა ოპერაცია ქართველი ხალხის დამსახურებაა. რეანიმაციაში ვიწექი, დედაჩემმა სოციალურ ქსელში პოსტი რომ დადო. მერე უკვე სოციალურ ქსელებში მე გამოვჩნდი. ყველა ძალიან მეხმარება და მგულშემატკივრობს. იმ პერიოდში ყბის ოპერაციაც გავიკეთე. რაღაც თანხაც მქონდა აგროვებული. პატარა თანხა არ იყო, 34 ათასი იყო... კბილები უნდა გამეკეთებინა, ასევე წამლებისთვის მჭირდებოდა. ტაქსით მივდიოდი კლინიკაში. ალბათ, 10 ათასი ტაქსებში მაქვს დახარჯული იმიტომ, რომ ტრანსპორტით ვერ ვმგზავრობდი. თანხა შეგროვებული მქონდა. ანგარიშზე მინდოდა გადარიცხვა. დედასთვის უნდა დამერეკა, გარეთ ვიყავი და მობაილ ბანკის პაროლი ვუთხარი. ჩემი გარემოცვა ამ ადამიანს კარგად იცნობს, მაგრამ დასახელება არ მინდა. მან მთლიანი თანხა აიღო ბარათიდან და კაზინოში გადარიცხა... თამაშობდა. ალბათ, წააგო. ძალიან კარგი ბებია ჰყავდა და ეს თანხა შემდეგ დააბრუნეს. მაგრამ, ძალიან მძიმე იყო. იმ ადამიანს ვუთხარი, რომ ოპერაციის ფული, ჩემი მხედველობისა და სინათლის დაბრუნების თანხა იყო. უამრავმა ჩემმა მეგობარმა იცოდა ჩემი მობაილ ბანკის პაროლი. არც ერთს ჩემ დაუკითხავად ჩემი ტელეფონიც კი არ აუღია.
ამავე გადაცემაში მარიამმა თქვა, რომ მეგობრებმა, რომლებთან ერთადაც ავტოავარია შეემთხვა, დაივიწყეს:
- მეგობრები დაბადების დღისა და ძველით ახალი წლის აღსანიშნავად ვიყავით წასულები. მანქანაში 5 ადამიანი ვისხედით. ავარიის დღიდან, რეანიმაციაში რაც ვიწექი, ასე თუ ისე დედაჩემის გვერდით იყვნენ. მაგრამ, როდესაც გამომწერეს და მნახეს, მერე ყველა გაქრა. მიზეზი არ ვიცი. პასუხი არც თავად აქვთ და არც მე.
მარიამმა ყოფილი შეყვარებულის შესახებაც ისაუბრა და თქვა, რომ მეგობრების მსგავსად, ავარიის შემდეგ მანაც მიატოვა:
- ავარიაში ერთად მოვყევით. რეანიმაციაში რომ ვიწექი და თავიდან რომ ველაპარაკე, ისევ ჩემი შეყვარებული იყო. მპირდებოდა, რომ მომივლიდა და ყველაფერს თავად გამიკეთებდა. როცა მნახა, მეუბნებოდა, რომ საავადმყოფოდან სახლში თავად წამიყვანდა. მანქანა ჰყავდა. მაგრამ, გამოწერის დღეს მიმატოვა, არ მოვიდა. ტელეფონიც გამორთული ჰქონდა. გამოწერიდან 5 დღეში მომაკითხა, მითხრა, მანქანა გამიფუჭდა და იმ დღეს ვერ მოვედიო. ეს ბოლო მოსვლა იყო. მას შემდეგ გაქრა...