"52 წლისა გავხდი დედა. ზოგჯერ შვილებს რომ ვუყურებ, მგონია, მძინავს და ჩემი წარმოსახვაა..." - ქალები, რომლებიც 50 წლის შემდეგ გახდნენ დედები - მშობლები

"52 წლისა გავხდი დედა. ზოგჯერ შვილებს რომ ვუყურებ, მგონია, მძინავს და ჩემი წარმოსახვაა..." - ქალები, რომლებიც 50 წლის შემდეგ გახდნენ დედები

2025-07-10 12:37:10+04:00

გადაცემა "იმედის დღე" გვიყვება ქალებზე, რომლებმაც შვილების გაჩენა 50 წლის ასაკის შემდეგ გადაწყვიტეს და დღეს ძალიან ბედნიერები არიან.

თამთა დემურიშვილი, იუსტიციის სამინისტროს მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის დირექტორი ამბობს:

- დედა 52 წლის ასაკში გავხდი. ზოგჯერ მათ რომ ვუყურებ, მგონია, მძინავს და ჩემი წარმოსახვაა. სულ ვცდილობ ხოლმე, თავი შევიკავო, არ ვიტირო. პირველად რომ იცეკვეს, პირველად რომ "დედა" თქვეს - მეტირებოდა... სულ ვიცოდი, რომ დედა აუცილებლად გავხდებოდი. ასეთი აკვიატებული აზრი მქონდა და ზოგჯერ ფიქრობდნენ კიდეც, რომ ეს პარანოიაში გადავიდა.

სრული 30 წელია, რაც მინდა, რომ დედა გავხდე. 38 წლის ასაკში ინ ვიტრო განაყოფიერებაზე ფიქრი და შემდეგ უკვე განხორციელება დავიწყე. 12-ჯერ გავიკეთე და მეთორმეტედ გამოვიდა... შუალედებში ფარ-ხმალის დაყრის შეგრძნებები მქონდა, მაგრამ ყოველი მარცხისა და უარყოფითი პასუხის შემდეგ, მესამე დღეს ვამბობდი, რომ ისევ უნდა მეცადა. ზუსტად ვიცოდი, რომ გამოვიდოდა... არავისთვის არაფერი მითქვამს, ვიდრე ბავშვების გულისცემა არ მოვისმინე. ტყუპს ველოდებოდი.

ორსულობის პროცესი ძალიან კარგად გავიარე. სამსახურში ბოლო წუთამდე დავდიოდი. საკეისრო კვეთით გავაჩინე. საღამოს რომ წამომაყენეს და შვილების სანახავად წამიყვანეს, დავინახე, ორი პაწაწუკა როგორ იწვა, ძალიან ვიტირე...

მეშინოდა, ინკუბატორში არ მოხვედრილიყვნენ. მინდოდა, ეს ორსულობა ბოლომდე მიმეყვანა და მე რომ გამოვიდოდი სამშობიაროდან, თან წამომეყვანა.

ყველამ იცის და დასამალიც არაფერია, რომ მე მარტომ გადავწყვიტე ამის გაკეთება. წყვილში არ ვარ. მარტოხელა დედის სტატუსი მაქვს. ჩემი მცდელობები რომ რამდენჯერმე ცუდად დამთავრდა, ჩემი ოჯახის წევრები ძალიან დარდობდნენ. მეუბნებოდნენ: "აღარ გინდა, არ არის აუცილებელი, ყველა ქალი დედა გახდეს." მაგრამ, მე ჩემი სურვილები მქონდა და ვიცოდი, რომ დედა გავხდებოდი.

ჩემი მაგალითით მინდა იმ ქალბატონებს, ვინც ამ რთულ გზაზე დგას და შეიძლება, სულაც დღეს მიიღო უარყოფითი პასუხი, ვუთხრა - აუცილებლად გააკეთეთ ის, რაც თქვენ გინდათ. არ აქვს მნიშვნელობა, თქვენზე რას იტყვიან. ძალიან მეეჭვება, ვინმემ ქალი დედობისთვის გაკიცხოს. ასე, რომ თავისუფლად გააკეთეთ ის, რაც გინდათ. თუ ფინანსურად ამის შესაძლებლობა არ გექნებათ, დარწმუნებული ვარ, სახელმწიფოს რომ მიმართოთ, ამაზე უარს არ გეტყვიან.

იმხელა გზა მაქვს გასავლელი, რომ, მინიმუმ, 25 წელი მჭირდება, რომ ახალგაზრდა ვიყო. ამ პერიოდში კიდევ თუ შევძელი და ჯანმრთელობამაც ხელი შემიწყო, კიდევ ორ ბავშვს სიამოვნებით გავაჩენდი.

ნინო აზმაიფარაშვილი, ტელეკომპანია "იმედის" სატელევიზიო გადაცემების პროდიუსერიც დიდ ასაკში გახდა დედა და საკუთარი გამოცდილების შესახებ ამბობს:

- გადავწყვიტე, დედა გავმხდარიყავი მაშინ, როდესაც ჩემს მეგობრებს უკვე შვილიშვილები ჰყავდათ. ჩემი ცხოვრება აბსოლუტურად შეიცვალა. ყველაფერს ბავშვისთვის ვაკეთებ. ყველა ქალშია სურვილი, რომ დედა გახდეს. ალბათ, ჩემთან ქვეცნობიერში ამან იმუშავა. ბოლოსკენ რომ მიდიხარ, ხვდები, ის მთავარი ამოცანა, რომელიც შენ, როგორც ქალს, ცხოვრებაში გაქვს, შესასრულებელი დაგრჩა. ამის ასრულების გადაწყვეტილება მივიღე.

თავიდან ვფიქრობდი, რომ პროფესიაში უნდა მიმეღწია წარმატება. მაგრამ, შვილმა სულ სხვა რეალობაში გადამიყვანა. ახლა ამასთან ერთად ცხოვრების თავიდან შესწავლას ვიწყებ. მის ასაკს როგორი დედაც შეესაბამება, ზუსტად იმ ასაკის ვარ. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, იყო პერიოდები, რომ სახლში ღამის 11 საათზე შევდიოდი. ახლა ეს მიკვირს. მთელ დროს ბავშვთან ვატარებ. ამაზე უფრო საინტერესო და დიდ განათლებას ვერ მიიღებ. ყველგან ჩემთან ერთადაა.

საქართველოში ამ თემასთან დაკავშირებით ბევრი ტაბუა. თუმცა, როდესაც ორსულად ვიყავი, ყველა ძალიან დიდი სიხარულით მხვდებოდა. ორსულობის პერიოდში საკმაოდ ბევრი სირთულე გადავიარე. ჩემს პირად ექიმს ძალიან დიდი დამსახურება აქვს.

დედობას ასაკი ნამდვილად არ აქვს. ყველა ქალს ვურჩევდი, რომ არაფერს შეუშინდნენ. თუ რაღაც ძალიან გინდა, ის აუცილებლად ასრულდება.