კლინიკური ონკოლოგი, ელენე მარიამიძე, გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" საუბრობს, რატომ არ არის სასურველი ძალიან ცხელი ყავისა და ჩაის მირთმევა და იწვევს თუ არა ცხელი სასმლის მიღება სხვადასხვა სიმსივნურ პათოლოგიას:
- ჩაის შემთხვევაში, ორი მარტივი წესია - რომ ჩამოვასხამთ, 10 წუთის განმავლობაში არ უნდა მივიღოთ. კვირაში ერთხელ ეს ისეთი მავნე არ იქნება. თუმცა, რუტინად ქცეული არ უნდა იყოს. მაგალითად, ირანში კულტურული წესია, რომ ყველა სტუმარს ცხელი სითხეებით უმასპინძლდებიან. ეს წლების განმავლობაში გრძელდება, რაც, სამწუხაროდ, ონკოლოგიური დაავადებების განვითარების ერთ-ერთი რისკია. მარტივად რომ ვთქვათ, ჭიქას რომ ხელს ვერ მოვკიდებთ, ეს ნიშნავს, რომ ძალიან ცხელია და ტემპერატურა უსაფრთხო არ არის. ჩამოსხმიდან 10 წუთი უნდა დაველოდოთ. ასევე, ჭიქა ძალიან ცხელი არ უნდა იყოს. ყურადღება უნდა მივაქციოთ ჭურჭელს, რომელშიც ცხელ სითხეს ვასხამთ, რომ ის ამ მიზნისთვის იყოს გათვლილი.
ონკოლოგიური პრობლემები ერთი ფაქტორით იშვიათადაა გამოწვეული. კომბინაციაა. არსებობს სამეული, რასაც ყველაზე მეტად უნდა მოვერიდოთ, ესენია: ძალიან ცხელი სითხეების მოთავსება იმ კონტეინერებში, რომლებიც ამაზე არ არის გათვლილი. მაგალითად, პლასტიკატები, რომლებსაც არ აწერია, რომ ცხელი სითხეებისათვის გამოიყენება. ასევე, თუ მიკროტალღურ ღუმელში ვაცხელებთ საჭმელს და იმ კონტეინერს არ აწერია, რომ მიკროტალღურ ღუმელში გამოსაყენებლად ვარგისია, გამოიყოფა მავნე ნივთიერებები, რომლებმაც წლების ექსპოზიციის შემდეგ, შესაძლოა, განავითაროს და ხელი შეუწყოს ონკოლოგიას. გარდა ამისა, რისკია ალკოჰოლი და თამბაქო. მაგალითად, 90-იან წლებში ხშირად ძალიან ცხელ ყავას მიირთმევდნენ, სიგარეტთან ერთად, შემდეგ კი ალკოჰოლს აყოლებდნენ. ეს ძალიან მავნეა. ამიტომ, ძალიან ცხელი საკვებისა და სასმლის მიღებას მაქსიმალურად უნდა მოვერიდოთ.
ნებისმიერი ქრონიკული ანთება, რაღაც ეტაპზე, წლების განმავლობაში ცხელი სასმლის მიღების შემთხვევაში შეიძლება, ონკოლოგიურ დაავადებად გადაიზარდოს. მდუღარე საკვებისა და სასმლის მიღება ლორწოვანს ძალიან აღიზიანებს. ამას თუ ქრონიკული ხასიათი აქვს და ყოველდღიურობის ნაწილია, იქ შეიძლება, წყლულიც გაჩნდეს, ზედაპირი დაზიანდეს და ასევე რაღაც მომენტში ავთვისებიანმა დაავადებამაც იჩინოს თავი. ასევე, თუ ადამიანს უკვე აქვს წყლული, ძალიან ცხელი საკვებისა და სასმლის მიღების შემთხვევაში, ის შეიძლება, გართულდეს.
იხილეთ გადაცემა სრულად: