24 წლის ცნობილ სიამის ტყუპს, კარმენ და ლუპიტა ანდრადეებს, დღეს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა აქვთ. ექიმები ვარაუდობენ, რომ ლუპიტას შეიძლება სულ მალე მუდმივად ჟანგბადის ბალონზე ყოფნა მოუწიოს.
ისინი მსოფლიომ მაშინ გაიცნო, როცა 2024 წლის გაზაფხულზე სხვა სიამის ტყუპის, დები ჰენსელების ამბავი განიხილებოდა – ერთ-ერთი მათგანი დაქორწინდა, რაც სოციალურ ქსელებში გავრცელებულმა საქორწილო ფოტოებმა გამოავლინა. თუმცა კარმენი და ლუპიტაც არანაკლებ ცნობილი არიან.
კარმენმა დანიელ მაკკორმაკი დაახლოებით ოთხი წლის წინ გაიცნო და რამდენიმე წლის ურთიერთობის შემდეგ ჩუმად დაქორწინდნენ, საზოგადოების ყურადღების თავიდან ასაცილებლად. ქორწილი გასულ წელს შედგა, თუმცა სწორედ ახლა გაასაჯაროვეს ამ ამბის დეტალები. მასმედიისთვის სწორედ ამიტომ გახდა ეს თემა აქტუალური თემა , განსაკუთრებით ლუპიტას ჯანმრთელობის გაუარესების ფონზე.
მიუხედავად იმისა, რომ დანიელი მხოლოდ კარმენზეა დაქორწინებული, მათ სხეულს კარმენის ტყუპისცალი ლუპიტაც იზიარებს. ქალებს საერთო აქვთ რეპროდუქციული სისტემა, რაც ურთიერთობებს კიდევ უფრო რთულს ხდის. დანიელი ხშირად პასუხობს კითხვებს თავისი ურთიერთობის შესახებ და ყოველთვის ხაზს უსვამს, რომ ცოლი მხოლოდ ერთი ჰყავს. ლუპიტა კი ამბობს, რომ ასექსუალია და მამაკაცები არ აინტერესებს. მას არ ესმის არც დაქორწინების იდეა და არც საქორწილო ბეჭდის შერჩევა მოუწონებია დასისთვის.
რამდენიმე წლის წინ კარმენი ამბობდა: „დანიელთან ძალიან ახლო მეგობრობა მაკავშირებს. ინტიმური ურთიერთობა არ გვაქვს. ვფიქრობთ ნიშნობაზე, მაგრამ ჯერ უბრალოდ ერთად ცხოვრებას ვაპირებთ. გვიყვარს ბავშვები, მაგრამ შვილები არ გვინდა. მე ძალიან მომწონს ძაღლის დედობა! ლუპიტას და მე არ შეგვიძლია დაორსულება – გვაქვს ენდომეტრიოზი და ვიღებთ ჰორმონულ ბლოკატორებს მენსტრუაციის შესაჩერებლად.“
დები ანდრადეები მექსიკაში, ვერაკრუზში დაიბადნენ. დაბადებისას ექიმებმა დედას უთხრეს, რომ ისინი მხოლოდ რამდენიმე დღით იცოცხლებდნენ. კარმენი და ლუპიტა ერთმანეთთან შეზრდილები არიან გულმკერდიდან მენჯამდე. აქვთ საერთო ღვიძლი, რამდენიმე ნეკნი, სისხლის მიმოქცევის, საჭმლის მომნელებელი და რეპროდუქციული სისტემები. თუმცა ორივეს ცალ-ცალკე აქვს გული, ფილტვები და კუჭი. თითოეულს ორი ხელიც აქვს. სხეულების ასეთი მჭიდრო დაკავშირების გამო მათი გაყოფა ექიმებმა სიცოცხლისთვის მეტისმეტად სახიფათოდ მიიჩნიეს. მოგვიანებით დედამ შეძლო სამედიცინო ვიზით ამერიკაში გადაყვანა, თუმცა იქაც ვერაფრით დაეხმარნენ.
მცირე ასაკიდანვე დებს ინტენსიური ფიზიოთერაპია სჭირდებოდათ, რადგან მათი სხეული ორ ადამიანს ემსახურება. დამოუკიდებლად სიარული მხოლოდ ოთხი წლის ასაკში შეძლეს. ინტელექტუალური შესაძლებლობებიც განსხვავებული აქვთ: კარმენი სკოლაში მუდამ წარმატებული იყო, კარგად ხუმრობდა და აქტიურად მონაწილეობდა გაკვეთილებში, ლუპიტას კი სწავლა უჭირდა და სპეციალური სასწავლო პროგრამა დასჭირდა. თუმცა რაც ყველაზე მეტად აოცებს გარშემომყოფებს – ისაა, რომ კარმენი და ლუპიტა, მიუხედავად საერთო სხეულისა, აბსოლუტურად განსხვავებული პიროვნებები არიან.
ლუპიტას დღეს განსაკუთრებით სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. მას ძლიერად აქვს გამრუდებული ხერხემალი, რაც ფილტვებზე დიდ ზეწოლას იწვევს. ექიმები არ გამორიცხავენ, რომ მომავალში გოგონა მხოლოდ ჟანგბადის ბალონის მეშვეობით შეძლებს სუნთქვას. ზოგიერთი სპეციალისტი კიდევ უფრო მძიმე პროგნოზსაც გამოთქვამს – რომ ჟანგბადის ბალონიც კი ვეღარ დაეხმარება.
სავარაუდო საფრთხეების მიუხედავად, დები ანდრადეები დღეს იმით ცხოვრობენ, რაც აქვთ – ცდილობენ დატკბნენ ყოველდღიურობით, იხალისონ და იმედიანად შეხედონ მომავალს. მათთვის ცხოვრება მარტივი არასდროს ყოფილა, მაგრამ სიყვარული, მეგობრობა და თანადგომა მათ უდიდეს ძალას აძლევს.