და-ძმა ანა და პაატა ფიჩხაიებს სოციალურ ქსელებში უამრავი ადამიანი იცნობს. მათ სახალისო ვიდეოებს ბევრი მოწონება და გაზიარება აქვს. და-ძმას შორის 17-წლიანი ასაკობრივი სხვაობაა. ისინი გადაცემაში "შუადღე" სოციალური ქსელებში პოპულარობისა და ერთმანეთთან ურთიერთობის შესახებ საუბრობენ:
პაატა: პირველი იდეა 2020 წელს გაჩნდა. სოციალურ ქსელში ჩემი 5-6 ვიდეო მქონდა ატვირთული, რომლებსაც ძალიან ცოტა ნახვები ჰქონდა. შემდეგ ანას ვიდეო შემთხვევით ავტვირთე. ძალიან დიდი გამოხმაურება დააგროვა და მას შემდეგ, ტიკ-ტოკით მეც და ანაც "მოვიწამლეთ".
ანა: გოგოებს პატუკა ჩემ გამო მოსწონთ...
პაატა: არ მგონია, ჩვენს ვიდეოებს მხოლოდ იუმორის გამო უყურებდნენ. ძალიან ბევრი ემიგრანტი წერს, რომ ოჯახი ენატრება, ზოგს პატარა დედმამიშვილთან ურთიერთობა ახსენდება და მგონია, ეს კონტენტი უფრო "გავარდა".
პირველი ვიდეო ტრენდზე "ჩვენ ვისმენთ და არ განვსჯით" ჩავწერეთ. ერთი ნაწილი რომ გადავიღეთ, ხალხი ითხოვდა, რომ შემდეგიც გადაგვეღო. ახლა, დაახლოებით, 8 ნაწილი გვაქვს გადაღებული.
როცა ის ასაკი მქონდა, რომ ურთიერთობები უნდა დამეწყო, ანაც დაიბადა. 25 წელია, შეყვარებული არ მყოლია.
ძირითადად, მამა-შვილი ვგონივართ. არც ერთმა ვიდეოს ჩაწერამ არ გვიშველა. ანა სხვადასხვა ექაუნთით წერს, რომ მამა-შვილი ვართ...
17 წლის ვიყავი, ანა რომ დაიბადა. მან არა მარტო ჩემი, მთლიანად, ოჯახის ცხოვრება შეცვალა. თუ ადრე სახლში იმდენად ხშირად ვერ ვიკრიბებოდით, როცა 2-3 წლის იყო, მთელი ოჯახი წრეზე დავდიოდით და ანა უნდა დაგვეძინებინა. თავიდან ვცდილობდი, უფრო მკაცრი ვყოფილიყავი, მაგრამ არანაირად არ გამომდის. როგორც საუკეთესო მეგობრები, ისე ვართ.
საჯაროდ სიყვარულის გამოხატვის კომპლექსი მქონდა. ანას დაბადების შემდეგ ეს შეიცვალა. ანას წყალობით ეს ვისწავლე.