ახალგაზრდობის უნარების მსოფლიო დღის აღსანიშნავად, გაეროს ბავშვთა ფონდი მოზარდებისა და ახალგაზრდების კოგნიტური, ემოციური და სოციალური განვითარების ყოვლისმომცველი სტრატეგიის მნიშვნელობას უსვამს ხაზსდა საქართველოს ახალგაზრდების უნარებისა და კომპეტენციების შესახებ ახალ კვლევას აქვეყნებს.
არსებული კვლევით, რომელიც საფრანგეთის მთავრობის მხარდაჭერითა და სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების ბავშვთა უფლებების ცენტრებთან პარტნიორობით, გაეროს ბავშვთა ფონდმა ჩაატარა, არაერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა გამოიკვეთა.
მიზნობრივი კვლევაში 18-20 წლის 155 სტუდენტი მონაწილეობდა. კვლევაში მონაწილეობისათვის სხვადასხვა გამოცდილების მქონე სტუდენტი, როგორც სოფლებიდან, ასევე ქალაქებიდან, განსხვავებული აკადემიური მოსწრებისა და ეთნიკური ჯგუფებიდან შეარჩიეს. კვლევა 2024 წლის ოქტომბერ-ნოემბერში თბილისში, თელავში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ახალციხესა და ახალქალაქში ჩატარდა.
გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევის მიხედვით, ახალგაზრდების წინაშე მდგარი გამოწვევები მრავალმხრივია და მოიცავს წიგნიერებას, მრავალენოვნებას, მეცნიერებას, ტექნოლოგიას, ინჟინერიას და მათემატიკას (STEM) განათლებას, ციფრულ კომპეტენციებს, პიროვნულ განვითარებას, მოქალაქეობას, მეწარმეობის უნარებს და მენტალურ ჯანმრთელობას.
კვლევამ აჩვენა, რომ მოზარდები მნიშვნელოვან გამოწვევებს აწყდებიან წიგნიერებაში, განსაკუთრებით უჭირთ თავიანთი აზრის მკაფიოდ გამოხატვა, გამართულად წერა და კრიტიკული აზროვნება. ეთნიკური უმცირესობებისათვის სახელმწიფო ენის ბარიერი განსაკუთრებით დიდ დაბრკოლებას წარმოადგენს. ასევე, მოზარდები STEM-ის მნიშვნელობას აღიარებენ, მაგრამ მათ მეცნიერული ცოდნის პრაქტიკაში დანახვა და გამოყენება უჭირთ.
მიუხედავად კარგი ციფრული უნარებისა, მოზარდები კიბერუსაფრთხოების, სოციალური მედიის წიგნიერებისა და ციფრული საფრთხეების მიმართულებით გამოწვევებს აწყდებიან.
ასევე, ბევრ მათგანს კარიერის არჩევის დროს საჭირო ინფორმაცია არ აქვს, შესაბამის კონსულტაციას ვერავისგან იღებენ და საზოგადოებრივ და საგანმანათლებლო სტრუქტურებთან მიმართებით ხშირად დემოტივირებულნი არიან.
მენტალური ჯანმრთელობა კრიტიკულ საკითხად რჩება და კვლევის მონაწილეები ამბობენ, რომ ამ თემაზე სკოლებშივე მეტი განათლება და საუბარია საჭირო.
"მუდმივად ცვალებად სამყაროში, ბავშვებისა და მოზარდების უნარები და კომპეტენციები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე. ისინი მომავალი ინოვაციების, ეკონომიკური ზრდისა და სოციალური პროგრესის მამოძრავებელი ძალაა. გაეროს ბავშვთა ფონდი მუშაობს მთავრობებთან, საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და კერძო სექტორთან, რათა უზრუნველყოს ბავშვებისა და მოზარდების ხარისხიანი განათლებისა და ტრენინგების ხელმისაწვდომობა, უნარების განვითარება იქნება ჩვენი მომავალი სამოქმედო პროგრამის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება. ჩვენს პარტნიორებთან ერთად, შევეცდებით, ერთად აღმოვფხვრათ ის ხარვეზები, რაც ხელს უშლის ახალგაზრდებს განვითარებაში, რათა უზრუნველვყოთ მათი წარმატებული გზა მოზარდობიდან ზრდასრულობისკენ." - განაცხადა იესპერ მოლერმა, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში.
კვლევა გაეროს ბავშვთა ფონდის განათლების სპეციალისტმა, ნათია ჯოხაძემ წარადგინა და მნიშვნელოვანი მიგნებებიც გამოყო:
"მონაცემების მთელი საქართველოს მასშტაბით განზოგადება, ამ ეტაპზე, არ შეიძლება. ეს მიზნობრივი კვლევაა, რომელიც 7 რეგიონში, ბავშვთა უფლებების ცენტრებში ჩატარდა. წიგნიერებაში პრობლემები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა. საუბარია ისეთ უნარებზე, როგორებიცაა საკუთარი თავის გამოხატვა, ლოგიკური მსჯელობა, არგუმენტირებული მსჯელობა, აზრების თანმიმდევრულად გამოხატვა. თვალშისაცემი იყო გამოწვევები წერით კულტურასთან დაკავშირებით, სლენგისა და არაგრამატიკული ენის გამოყენების თვალსაზრისით. ეთნიკურ უმცირესობებთან სახელმწიფო ენის ცოდნის დაბალი მაჩვენებელი გამოიკვეთა, რაც მათ აკადემიურ მონაწილეობასა და თვითგამოხატვას ხელს უშლის.
გამოიკვეთა ის, რომ ახალგაზრდები ძალიან კარგად აცნობიერებენ, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს მრავლკულტურულობას, მრავალფეროვნებასა და მრავალენოვნებას. ეს ჩვენი კვლევის დადებითი შედეგია. მონაწილეების 92%-მა თქვა, რომ ინგლისურ ენას ფლობს, რაც მიუთითებს, რომ ისინი მზად არიან, საერთაშორისო და მრავალფეროვანი ურთიერთობებისთვის. ეს დასაქმებისთვისაც მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია.
ფაქტობრივად, ყველა მონაწილემ თქვა, რომ მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია და მათემატიკა (STEM) უმნიშვნელოვანესია, მაგრამ უმრავლესობას უჭირს, მეცნიერება ცხოვრებასთან დააკავშიროს, რაც ვფიქრობ, სერიოზული გამოწვევაა." - თქვა ნათია ჯოხაძემ პრეზენტაციის წარდგენისას.
კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ ახალგაზრდებს ციფრულ კომპეტენციებთან, პიროვნულ, სოციალურ და სწავლის ხელშემწყობ კომპეტენციებთან, მოქალაქეობასა და მწვანე კომპეტენციებთან, ასევე სამეწარმეო კომპეტენციებთან და ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით არაერთი გამოწვევა აქვთ და ხშირად იმ სერვისებს, რაც სჭირდებათ, ვერ იღებენ.
ნინო შატბერაშვილი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ასახელებს იმ ძირითად გამოწვევებს, რაც, მისი დაკვირვებით, სტუდენტებს აწუხებთ:
"ჩემი დაკვირვებით, ძალიან ინფორმატიული ახალგაზრდობა მოდის. მაგრამ, ძირითადი გამოწვევები მაინც არის ის, თუ როგორი მოლოდინებით მოდიან უნივერსიტეტში, როგორია მათი მზაობა იმისათვის, რომ სრულიად ახალ და განსხვავებულ სივრცეში ორიენტირება მოახერხონ. ასევე, რამდენად განვითარებული აქვთ ლიდერული უნარები, რას მოითხოვენ დამხვედრი გარემოსაგან. გარდა ამისა, პროფესიათა შორის თანამშრომლობის გააზრების დეფიციტი იკვეთება. სამწუხაროდ, წერითი უნარებისა და კრიტიკული აზროვნების თვალსაზრისითაცაა სივრცე, რაც შესავსებია. მაგრამ, მართლაც საოცარი ახალგაზრდობა მოდის.” - ამბობს ნინო შატბერაშვილი.
კვლევის პრეზენტაციის ფარგლებში გამართული დისკუსიის ფარგლებში, მონაწილეობა სტუდენტებმაც მიიღეს. მათ ისაუბრეს იმ უნარებსა და კომპეტენციებზე, რაც სკოლის დასრულების შემდეგ დააკლდათ:
ნინო ნასარიძე, კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტი:
"ორ დეტალს გამოვყოფდი. პირველ რიგში, იმ თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გადმოტანა, რასაც სკოლა გვაძლევს. ეს, განსაკუთრებით, STEM-ის ნაწილს ეხება. ხშირ შემთხვევაში, ფორმულები თუ თეორიები, რასაც ამ საგნების ფარგლებში მოსწავლეები ვსწავლობთ, რჩება ფორმულებად. სკოლის მოსწავლეს ძალიან უჭირს, ეს რეალურ სურათში გადმოიტანოს და რეალობასთან დააკავშიროს. ყველა მოსწავლეს ამა თუ იმ საგანში გარკვეული ძლიერი მხარე აქვს და ვთვლი, რომ უფრო მეტი მხარდაჭერაა საჭირო იმისათვის, რომ ბავშვმა შეძლოს იმის გაანალიზება, თუ რა კუთხით შეუძლია, ძლიერი მხარე პრაქტიკაში, რეალობაში მოიყვანოს.
მეორე ნაწილსაც გამოვკვეთ - ეს კარიერული ცოდნა და პროფესიული გაიდლაინებია. განსაკუთრებით, როდესაც დამამთავრებელ კლასებზე ვსაუბრობთ. მგონია, ძირითადი საგნების პარალელურად, ალბათ, გარკვეული პროფესიული ბაზისების სწავლაც აუცილებელია იმისათვის, რომ დამამთავრებელი კლასის მოსწავლეს რეალური მოლოდინი ჰქონდეს, რომელი ფაკულტეტისაგან რა შეიძლება მიიღოს და როგორ შეიძლება, ცოდნა კარიერაში გამოიყენოს."
მარიამ ძოწენიძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი:
"როდესაც სკოლას ვამთავრებდი, კარიერული კონსულტირება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. რეალურად, კარიერული კონსულტირება არ გულისხმობს მხოლოდ იმას, თუ როგორ დავაკავშიროთ ჩვენი თეორიული ცოდნა პრაქტიკულ ცოდნასთან. კარიერული მენტორები არიან ადამიანები, რომლებიც პიროვნული თვისებების განვითარებასა და კარიერაში სწორად ორიენტირებაში გეხმარებიან. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, სკოლაში კარიერული კონსულტანტი იყოს, ვინც თითოეულ მოსწავლეს დაეხმარება, რომ პროფესია სწორად აირჩიონ.
ასევე, სკოლაში მენტალურ ჯანმრთელობაზე არ საუბრობენ. ფსიქოლოგიის სტუდენტი ვარ და ხშირად, სკოლის მოსწავლეებმა არ იციან, მაგალითად, შფოთვა რას გულისხმობს. ძალიან მნიშვნელოვანია, მათ ამ და სხვა საკითხებზე სწორი ინფორმაცია ჰქონდეთ.”
კვლევის შედეგად არაერთი საკვანძო რეკომენდაცია მომზადდა, რომლებიც არა მხოლოდ განათლებისა, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, არამედ ბავშვთა განვითარებაში ჩართულ სხვა სისტემებსაც მიემართება.
კვლევა და შესაბამისი რეკომენდაციები სრულად რამდენიმე თვეში გამოქვეყნდება.
თამარ იაკობაშვილი