"საქართველოში მათემატიკური სკოლა სულს ღაფავს... არ შეიძლება, ტესტში იყოს 37 შემოსახაზი და  მხოლოდ 4 ამოსახსნელი ამოცანა... " - მასწავლებელი მათემატიკის ეროვნულ გამოცდას ეხმაურება - მშობლები

"საქართველოში მათემატიკური სკოლა სულს ღაფავს... არ შეიძლება, ტესტში იყოს 37 შემოსახაზი და  მხოლოდ 4 ამოსახსნელი ამოცანა... " - მასწავლებელი მათემატიკის ეროვნულ გამოცდას ეხმაურება

2025-07-16 08:32:03+04:00
აბიტურიენტებმა ახლახან მათემატიკის გამოცდა ჩააბარეს. საგამოცდო სესიების დასრულებისთანავე სოციალურ ქსელში უკმაყოფილო, იმედგაცრუებული და სასოწარკვეთილი ახალგაზრდების პოსტები გამოჩნდა, რომლებიც წერდნენ, რომ წლების შრომა წყალში ჩაეყარათ, რომ ასეთი სირთულის პროგრამა მათ არ გაუვლიათ და რომ წლევანდელი ტესტები, გასულ წლებთან შედარებით, ბევრად რთული იყო.
სამწუხაროდ, მათემატიკის გამოცდა ყოველ წელს ასეთი აჟიოტაჟით გრძელდება. პრობლემას მასწავლებელი, მათემატიკის რეპეტიტორი რომან თეთვაძე გამოეხმაურა. ის თავადაა აბიტურიენტთათვის განკუთვნილი მათემატიკის სახელმძღვანელოს ავტორი და სოციალურ ჯგუფშიც უსასყიდლოდ უზიარებს აბიტურიენტებს ამოცანების ამოხსნებს სიტყვიერი განმარტებებით. რომან თეთვაძე წერს, რომ სკოლა ვერ აძლევს მოსწავლეს მინიმალურ ცოდნასაც კი, რის გამოც მოზარდის მათემატიკური უნარები, წლების განმავლობაში, ასაკობრივ ცვლილებებთან შესაბამისად ვერ ვითარდება და ბოლო წელს დაგროვილ ინფორმაციას ეფექტურად ვეღარ ითვისებს.
"მათემატიკის ტესტის გარშემო ატეხილი (ტრადიციული) აჟიოტაჟის პასუხად:
ფაქტია, რომ სკოლა (უიშვიათესი გამონაკლისების გარდა) მოსწავლეს ვერ აძლევს საჭირო, თუნდაც მინიმალური დონის, განათლებას, ანუ სასკოლო ცხოვრება ფუჭი დროის კარგვაა მოსწავლისთვის!
ერთ (თუნდაც ორ) წლიანი მომზადება რეპეტიტორთან, არაა საკმარისი ღირსეული შედეგის მისაღწევად, რამეთუ გასულ წლებში (მერვე, მეცხრე, მეათე კლასებში) შესასწავლი მასალის თავის დროზე არ (ვერ) სწავლის გამო, მოზარდის ტვინი ადექვატურად, ასაკობრივ ცვლილებებთან შესაბამისად, ვერ განვითარდა (ვერ გაიზარდა) და წლების განმავლობაში დაგროვილი მასალის ათვისება ისევე ეფექტურად ვერ მოხდება!
აბიტურიენტებს არ აქვთ საგამოცდო გამოცდილება, ანუ საგამოცდო ემოცია აბსოლუტურად უცხოა მათთვის და ეს რათქმაუნდა მნიშვნელოვან ნეგატიურ გავლენას ახდენს მათი მუშაობის ხარისხზე!
მათემატიკის ტესტი, მისი კატასტროფული სპეციფიკიდან გამომდინარე, არანაირად არ შეესაბამება მათემატიკური ცოდნის გამოვლენისა და შეფასებისთვის საჭირო კრიტერიუმებს. ანუ, არ შეიძლება მათემატიკის ტესტში იყოს 37 დახურული ტიპის ტესტი (შემოსახაზი), ხოლო ღია ტიპის (ამოსახსნელი) კი მხოლოდ 4 ამოცანა, რამეთუ მათემატიკური ცოდნის გამოვლენა ამოცანის ამოხსნის პროცესის წარმოჩენაში ვლინდება!
ეს და სხვა კიდევ არაერთი ფაქტორი ახდენს გავლენას იმ კოშმარზე, რაც ყოველწლიურად ხდება და ისმის გამოცდების შემდეგ და განსაკუთრებით მათემატიკაში!!
სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოში მათემატიკური სკოლა სულს ღაფავს და ჩვენ, ჩვენი დუმილით ხელს ვუწყობთ ამ პროგრესირებად კატასტროფას!დიახ, ჩვენ ჩვენი დუმილით ფაქტობრივი თანამონაწილეები ვართ მომავალი თაობის ინტელექტუალური გენოციდისა!
ვინც ამ ყველაფერს აპროტესტებთ, წუხხართ და ეძებთ გზებს გამოსავლის საპოვნელად, მადლობა თითოეულ თქვენგანს და ქედს ვიხრი თქვენს წინაშე!" - წერს რომან თეთვაძე ჯგუფში მათემატიკა – აბიტურიენტი 2025.