"შარშანაც ყველა აღშფოთებული იყო მათემატიკის ტესტის სირთულით. შემდეგ კი სტატისტიკამ აჩვენა, რომ ეროვნული გამოცდების ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი დაფიქსირდა" - მათემატიკის პედაგოგი 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდის ტესტს აფასებს - მშობლები

"შარშანაც ყველა აღშფოთებული იყო მათემატიკის ტესტის სირთულით. შემდეგ კი სტატისტიკამ აჩვენა, რომ ეროვნული გამოცდების ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი დაფიქსირდა"  - მათემატიკის პედაგოგი 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდის ტესტს აფასებს

2025-07-16 14:12:22+04:00

აბიტურიენტებმა მათემატიკაში ერთიანი ეროვნული გამოცდის ჩაბარება დაასრულეს. წელსაც, წინა წლების მსგავსად, არაერთმა მათგანმა აღნიშნა, რომ ტესტი სასკოლო პროგრამას არ შეესაბამებოდა და განსაკუთრებით რთული იყო. ნაწილი კი აღნიშნავს, რომ დავალებების სირთულე, წინა წლებთან შედარებით, არ შეცვლილა. წლევანდელი ტესტის შეფასება მათემატიკოს ლია აბაშიძეს ვთხოვეთ. ის მრავალი წელია, აბიტურიენტებთან მუშაობს და შესაბამისად, ყოველი წლის ტესტი, მათთან ერთად დეტალურად აქვს განხილული:

- ვიდრე სტატისტიკური ანალიზი მოსწავლეების შედეგებს არ აჩვენებს, იქამდე ტესტის შეფასება რთულია. მათემატიკის გამოცდის შემდეგ, ფაქტობრივად, ყოველ წელს აბიტურიენტთა ნაწილი ერთსა და იმავეს ამბობს და აღნიშნავს, რომ ტესტის შესრულება გაუჭირდათ.

გამოცდაა და, რა თქმა უნდა, ეს აბიტურიენტების ემოციურ მდგომარეობაზე მოქმედებს. მათ შეფასებებს რომ ვაკვირდები, არაერთგვაროვანია. ნაწილი ამბობს, რომ წინა წელთან შედარებით, რთული იყო. თუმცა, პირადად, ვისთანაც შეხება მაქვს, ის აბიტურიენტები აღნიშნავენ, რომ ღია ტიპის დავალებები, წინა წლებთან შედარებით, მარტივი იყო. ჩემი დაკვირვებით, ტესტში სტრუქტურულად და შინაარსობრივად, წინა წელთან შედარებით, არაფერი შეცვლილა. დრო კვლავ 3 საათია. 41 საკითხია, უმრავლესობა ტესტური დავალებაა. 38-ე, 39-ე, მე-40 და 41-ე ღია ტიპის დავალებებია, სადაც მოსწავლემ, მსჯელობა-დასაბუთებით უნდა მიიღოს პასუხი.

ვფიქრობ, ყოველწლიურად, დაახლოებით, ერთი სირთულის ტესტია. აბიტურიენტთა ნაწილი ყოველთვის უკმაყოფილოა, თუმცა შემდგომ სტატისტიკური ანალიზი დგინდება და ვხედავთ, რომ საქმე პირიქითაა. მაგალითად, შარშან აბიტურიენტებმა მათემატიკაში ეროვნული გამოცდების არსებობის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი აჩვენეს. უნდა აღინიშნოს, რომ აბიტურიენტთა ნაწილი შარშანაც უკმაყოფილო იყო და ამბობდა, რომ ტესტი ძალიან რთული აღმოჩნდა. მათ შეშფოთება გამოხატეს, შემდეგ კი სტატისტიკურმა ანალიზმა აჩვენა, რომ, როგორც აღვნიშნე, ეროვნული გამოცდების ისტორიაში, ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი დაფიქსირდა.

- როგორ ფიქრობთ, რატომ უჭირთ აბიტურიენტებს მათემატიკის ტესტის შესრულება?

- გარდა გამოცდისთვის დამახასიათებელი ღელვისა, აბიტურიენტებს სასურველი შედეგის მიღწევაში სხვადასხვა ფაქტორი უშლის ხელს. ხშირად ისინი ფიქრობენ, რომ მათემატიკაში ერთ ან თუნდაც ორ წელიწადში მომზადება საკმარისია. მათემატიკა მთელი 12 წლის განმავლობაში, ძალიან ბეჯით და სისტემატურ მუშაობას მოითხოვს. ერთი წელიწადი პროგრამის საფუძვლიანად დამუშავებისთვის ძალიან ცოტაა.

- როგორ ფიქრობთ, წლევანდელი ტესტი სასკოლო პროგრამას შეესაბამება?

- ჩემი შეფასებით, წლევანდელი ტესტი პროგრამას აბსოლუტურად შეესაბამება. არც ერთი საკითხი პროგრამის ჩარჩოებს არ სცილდება. ასე იყო გასულ წლებშიც. გამოცდა სარეიტინგო ხასიათისაა. სტუდენტებს შეარჩევს, თუ როგორ არიან უმაღლესი მათემატიკისთვის მომზადებულები. ასეთი ტესტირების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, საუბარი ტესტის განსაკუთრებულ სიმარტივეზე არ შეიძლება.

- თქვენი დაკვირვებით, რა გაუჭირდათ წელს მათემატიკის ტესტში ყველაზე მეტად აბიტურიენტებს?

- ვიდრე სტატისტიკური ანალიზი არ გამოქვეყნდება, ამაზე ვერ ვისაუბრებ. თუმცა, წინა წლების ანალიზის საფუძველზე შემიძლია, გითხრათ, რომ აბიტურიენტებს, ძირითადად, ალბათობის თეორია და გეომეტრიული ნაწილი უჭირთ.

როგორც აღვნიშნე, მათემატიკა არ არის ისეთი საგანი, რომელსაც აბიტურიენტი რამდენიმე თვის მომზადების შედეგად აითვისებს. მშობლები შესაძლოა, ფიქრობენ, რომ მოსწავლეებს ბოლო წელს რეპეტიტორთან მიიყვანენ და ყველაფერს მოკლე დროში აითვისებენ. მოსწავლემ სკოლაში, სიღრმისეულად, ნელი ნაბიჯებით, მთელი 12 წელი უნდა ისწავლოს და არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჰქონდეს იმედი, რომ ბოლო წელს, ან თუნდაც ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაფრის თავიდან შესწავლას საფუძვლიანად მოახერხებს.

- კიდევ ერთხელ რომ შევაჯამოთ, თქვენი აზრით, წლევანდელი ტესტის სირთულე რამდენად დაძლევადი იყო?

- მათემატიკის ტესტი, წინა წლებთან შედარებით, არც სტრუქტურულად და არც შინაარსობრივად არ შეცვლილა. არ მგონია, რომ მოსწავლეს, რომელიც სკოლაში ბეჯითად სწავლობს, ეს ტესტი გასჭირვებოდა. როგორც აღვნიშნე, ტესტი პროგრამის ჩარჩოებს არ სცილდება და ეროვნულ სასწავლო გეგმას სრულად შეესაბამება. ტესტი უფრო მეტად მაღალი კლასების პროგრამით იყო დატვირთული. ტრიგონომეტრია, ლოგარითმები მე-10-მე-11 კლასებში ისწავლება. ასე, რომ შინაარსობრივ და სტრუქტურულ ცვლილებებს, პირადად მე, ვერ ვხედავ.

თამარ იაკობაშვილი

საქართველოში მათემატიკური სკოლა სულს ღაფავს... არ შეიძლება, ტესტში იყოს 37 შემოსახაზი და მხოლოდ 4 ამოსახსნელი ამოცანა... - მასწავლებელი მათემატიკის ეროვნულ გამოცდას ეხმაურება
რა მოხდა წელს ისტორიის გამოცდასთან დაკავშირებით? აბიტურიენტების დიდი ნაწილი განსაკუთრებით უკმაყოფილოა... სინამდვილეში... - სპეციალისტის შეფასება