ცნობილი ქართველი მოდელი, ყოფილი "მის საქართველო" თამთა შედანია, რომელიც ამჟამად საკუთარ სამოდელო სტუდიას ხელმძღვანელობს, სულ მალე მესამე შვილის დედა გახდება. სოციალურ ქსელში ფოტოსესიის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა შემდეგი ტექსტით:
"ცხოვრების ყველაზე სათუთ და ამაღელვებელ ეტაპზე ვარ სულ რამდენიმე დღეში ჩემი მესამე შვილი მოევლინება ამ სამყაროს. ვაჟიშვილის ეს მოლოდინი სრულიად განსხვავებულ სიღრმეს და განცდებს ატარებს, უსაზღვრო სიხარულის დროა ჩემთვის. ორსულობის არც ერთი მომენტი არ შემინახავს ფოტოდ, არა იმიტომ, რომ ის არ იყო მნიშვნელოვანი, არამედ იმიტომ, რომ ეს გზა სრულიად სხვანაირად მინდოდა გამევლო. მე ველოდებოდი ჩემს მეგობარს, რომელმაც ჩემი ისტორიის დაფიქსირების ექსკლუზივი ჯერ კიდევ დასაწყისში მიიღო. ვიცოდი, რომ როცა დრო მოვიდოდა, ის ამ ყველაფერს ისე დაინახავდა და ასახავდა, როგორც ჩემი გული გრძნობს. ცხენი კი, ეს მშვენიერი არსება, ჩემთვის ყოველთვის სიმბოლო იყო ძალის, თავისუფლების და შინაგანი სიმშვიდის. ის ერთდროულად მტკივნეული სილამაზეც არის და შეუპოვარი სიძლიერეც ზუსტად ისეთი, როგორიც დედობაა. ალბათ ამიტომაც არის ცხენი ჩემთვის ერთადერთი ცხოველი, რომელიც ასე ძლიერად მაკავშირებს საკუთარ თავთან და იმ ძლიერ ქალთან, რომელსაც ახლა ჩემი შვილისთვის ვქმნი...
ფოტოებს სულ მალე გაგიზიარებთ…"
თამთა და მისი მეუღლე დიზაინერი რატი რატიანი დიდი ხანია ერთად არიან, თუმცა ჯვრისწერა 2022 წელს გადაწყვიტეს.
2021 წელს საერთო შვილი - გოგონა შეეძინათ, რომელსაც კირა დაარქვეს.
თამთას პირველი ქორწინებიდან ჰყავს ასევე ქალიშვილი მია და რატისაც ჰყავს ქალიშვილი წინა ურთიერთობიდან.