გულის აორტის სარქვლის პათოლოგიები და მათი მკურნალობის თანამედროვე გზები - მშობლები

გულის აორტის სარქვლის პათოლოგიები და მათი მკურნალობის თანამედროვე გზები

2025-07-17 10:28:05+04:00

გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიები მსოფლიო მასშტაბით სიკვდილიანობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. გულის გამართული ფუნქციონირებისთვის დიდ როლს ასრულებს აორტის სარქველი, რომელიც მარცხენა პარკუჭსა და აორტას შორის მდებარეობს. ის არეგულირებს სისხლის გამოდინებას მარცხენა პარკუჭიდან აორტაში და ხელს უშლის მის უკან დაბრუნებას გულში. ჯანმრთელი გულის შემთხვევაში, აორტის სარქველი შედგება სამი კარედისგან, თუმცა ხშირია პათოლოგიური შემთხვევებიც.

აორტის სარქვლის სხვადასხვა პათოლოგიის დროს ტარდება როგორც ტრადიციული ქირურგიული ოპერაცია, ისე მაღალტექნოლოგიური ინტერვენციული ჩარევა. სწორედ დროული და ადეკვატური მკურნალობა უზრუნველყოფს პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესებასა და მისი გართულებებისგან დაცვას. აორტის სარქვლის ფუნქციებზე, პათოლოგიებსა და მკურნალობაზე „ნიუ ჰოსპიტალსის“ ექიმი კარდიოლოგი თამარ ნარმანია გვესაუბრება.

რა როლს ასრულებს აორტის სარქველი ორგანიზმში?

აორტის სარქველი გულის უმნიშვნელოვანესი სარქველია. მისი გავლით მარცხენა პარკუჭიდან ჟანგბადით მდიდარი სისხლის გადაედინება თავის ტვინისა და შინაგანი ორგანოებისკენ. ამ დროს ხდება საკვები ნივთიერებებით მდიდარი სისხლის მიწოდება მთელი ორგანიზმისთვის.

აორტის სარქველი არის ერთგვარი კარი გულსა და ორგანიზმის დანარჩენ ნაწილს შორის. ის გულის ყოველ ციკლთან ერთად იხსნება და იხურება. სარქველი უნდა გაიხსნა შეფერხების გარეშე ფართოდ, რომ სისხლის სათანადო ნაკადი მიეწოდოს მთელ ორგანიზმს. ასევე უნდა დაიხუროს ძალიან მჭიდროდ, რომ არ მოხდეს სისხლის უკუდინება. აღნიშნული ფუნქციების დაირღვევა აორტის სარქვლის დაავადებაზე მიუთითებს.

რა ტიპის პათოლოგიები ახასიათებს აორტის სარქველს?

ზოგადად, აორტის დაავადებები ყველაზე ხშირია გულის პათოლოგიებს შორის. ფუნქციიდან გამომდინარე არსებობს ორი ტიპის პათოლოგია: სტნოზი და ნაკლოვანება. სტენოზის დროს აორტის სარქვლის კარედების გახსნა შეზღუდულია, რას გამოც სისხლის შემცირებული ნაკადი მიეწოდება ორგანოებს. ნაკლოვანების დროს კი ხდება კარედების დახურვის შეფერხება. შედეგად სისხლი აორტიდან უკან გულში ბრუნდება.

აორტის პათოლოგიები თანდაყოლილია თუ შეძენილი?

შეიძლება იყოს როგორც თანდაყოლილი, ისე შეძენილი. სრულყოფილი აორტის სარქველი უნდა იყოს სამკარედი. თუმცა გვაქვს შემთხვევები, როდესაც ადამიანები ორკარედი, ოთხკარედი და იშვიათ შემთხვევებში, ერთკარედი აორტითაც იბადებიან. ამ შემთხვევაში პათოლოგია თანდაყოლილია და გარკვეული დროს შემდეგ ფუნქციის დარღვევა ხდება.

რაც შეეხება შეძენილ პათოლოგიას, ის შეიძლება იყოს სხვადასხვა რევმატული, ინფექციური, სისტემური დაავადებების თანმხლები პროცესი.

უმეტესად, რა ასაკის ადამიანებს აწუხებთ აორტის სარქვლის პათოლოგიები?

ხშირ შემთხვევაში, პათოლოგია ასაკთან ერთად ჩნდება. ის 60+ ასაკის ადამიანებში განსაკუთრებით ხშირია. თუმცა, როგორც აღვნიშნეთ დაავადება შეიძლება იყოს თანდაყოლილი და უფრო ადრეულ ასაკშიც იჩინოს თავი.

როგორია აორტის სარქვლის პათოლოგიების სიმპტომები?

აორტის სარქვლის პათოლოგიები ვლინდება ისეთი ჩივილებით, როგორიცაა: გულის უკმარისობა, ადვილად დაღლა, საერთო სისუსტე, ქოშინი, გულისცემის აჩქარება, ფეხების შეშუპება, დისკომფორტი და ტკივილი გულმკერდის არეში. შორს წასულ შემთხვევებში არის გონების დაკარგვის ეპიზოდებიც, რაც საკმაოდ საშიშ მდგომარეობას წარმოადგენს.

რომელი სიმპტომების აღმოჩენის დროს უნდა მიმართოს პაციენტმა ექიმს?

ზოგადად, სასურველია თითოეული ადამიანი პერიოდულ სკრინინგს იტარებდეს და ამა თუ იმ პათოლოგიის გამოვლენა სიმპტომების გაჩენამდე მოხდეს. თუმცა თუ ასე არ ხდება, ზემოთ დასახელებული ნებისმიერი სიმპტომის გაჩენისთანავე, აუცილებელია ექიმთან მიმართვა.

როგორ ხდება აორტის სარქვლის პათოლოგიების დიაგნოსტირება?

აორტის სარქვლის დაავადებების დიაგნოსტიკა იწყება შესაბამისი სპეციალისტის მიერ პაციენტის ჩივილებისა და დაავადებების ისტორიის ინფორმაციის შეკრებით, პაციენტისთვის ფიზიკო-ინსტრუმენტული კვლევების ჩატარებით. გამოკვლევის დროს ოქროს სტანდარტი არის ექოკარდიოსკოპია. ინდივიდუალური მდგომარეობიდან გამომდინარე ინიშნება დამატებითი კვლევები, როგორიცაა: ტრანსეზოგრაფია, გულის ანგიოგრაფია, სტრეს ექოკარდიოსკოპია, გულის კომპიუტერული ტომოგრაფია, გულის მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფია.

როგორ ხდება აორტის სარქვლის პათოლოგიების მკურნალობა?

აორტის სარქვლის დაავადებების მკურნალობის მეთოდები დამოკიდებულია დაავადების ტიპზე, სტენოზია, ნაკლოვანება თუ ორივე ერთად. ასევე, მნიშვნელოვანია დაავადების პროგრესირების ხარისხი. აღნიშნულის გათვალისწინებით ინიშნება მედიკამენტური, ქირურგიული ან ინტერვენციული მკურნალობა.

მედიკამენტური მოიცავს პაციენტის სიმპტომების მართვასა და გართულების რისკების შემცირებას. მკურნალობის ეს გზა დაავადების პროგრესირებას აჩერებს, მაგრამ სრული გამოჯანმრთელება ვერ ხდება.

ქირურგიული გულისხმობს აორტის სარქვლის აღდგენას ანუ პლასტიკას და მის პროთეზირებას ბიოლოგიური ან მექანიკური სარქვლით.

ინტერვენციული მკურნალობა კი მოიცავს აორტის სარქვლის ტრანსკათეტერულ შეცვლას ბარძაყიდან მიდგომით განაკვეთის გარეშე. ის ცნობილია, როგორც TAVI.

„ნიუ ჰოსპიტალსში“ მკურნალობის რა გზებს სთავაზობს პაციენტებს?

„ნიუ ჰოსპიტალში“ ხელმისაწვდომია მკურნალობის ყველა ის გზა, რასაც დღეს თანამედროვე ამერიკული თუ ევროპული კლინიკები სთავაზობენ პაციენტებს. ჩვენთან წლებია ტარდება აორტის სარქვლის შეცვლა ბარძაყიდან მიდგომით, რომელიც დაავადების თანამედროვე მეთოდია. ეს საკმაოდ მაღალტექნოლოგიური პროცედურაა, რომელიც სპეციალისტების უმაღლეს კვალიფიკაციას და ტექნოლოგიურ აღჭურვილობას მოითხოვს.

TAVI-ს მთავარი უპირატესობა გახლავთ ის, რომ რეაბილიტაციის პროცესი ძალიან მარტივი და ხანმოკლეა. ჩარევიდან მე-3-4 დღეს პაციენტი ეწერება ბინაზე და დამატებითი სარეაბილიტაციო პროცედურების გარეშე უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს.

ქირურგიული მკურნალობის შემთხვევაშიც იგივე შედეგი მიიღწევა, მაგრამ მას საკმაოდ რთული სარეაბილიტაციო პერიოდი ახლავს თან.

კლინიკის სამედიცინო პერსონალი სრულად გადამზადებულია ევროპის წამყვან კლინიკებში და ნებისმიერი სირთულის ჩარევისთვის მუდმივ მზადყოფნაშია.

რა გართულებების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს პაციენტი, თუ პათოლოგიის დროული მკურნალობა არ მოხდება?

მკურნალობის დაგვიანების შემთხვევაში პათოლოგია პროგრესირებს, ზომაში იზრდება, პარამეტრების გაუარესება ხდება, რასაც პაციენტი გულის მძიმე უკმარისობამდე მიჰყავს. მძიმე სტენოზის შემთხვევაში არსებობს უეცარი სიკვდილის რისკიც.

მკურნალობის შემდეგ პაციენტს რჩება თუ არა გარკვეული შეზღუდვები? მას სჭირდება თუ არა მუდმივი მონიტორინგი?

საწყის ეტაპზე პაციენტებს თვეში ერთხელ უწევთ მონიტორინგზე სიარული. შემდეგ კი უკვე წელიწადში ერთხელ ან ორჯერ არის საჭირო კონსულტაცია და კვლევების ჩატარება.

R