ნიჭი და გენები: ვისგან გადაეცემა ინტელექტი ბავშვს და რაზეა დამოკიდებული გონების სისწრაფე - მშობლები

ნიჭი და გენები: ვისგან გადაეცემა ინტელექტი ბავშვს და რაზეა დამოკიდებული გონების სისწრაფე

2025-07-18 10:25:00+04:00

საკმაოდ დიდი ხანია, რაც დადასტურებულია, რომ ბავშვს ინტელექტი ძირითადად დედისგან გადაეცემა. თუმცა, როგორც ახლა ირკვევა, მემკვიდრეობით მხოლოდ გონებრივი შესაძლებლობები კი არა, არამედ ტვინის მუშაობის სისწრაფეც გადაეცემა.

ჩინელმა მეცნიერებმა ჩაატარეს ახალი კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ კოგნიტური მოქნილობის (ახალი ინფორმაციისადმი სწრაფი ადაპტაციისა და ფოკუსის სწრაფი გადართვის უნარი) ფუნდამენტი "ტვინის კრიტიკულობაა" ეწოდება. ეს კი, თავის მხრივ, გენეტიკურად გადაიცემა.

მნიშვნელოვანია არ ავურიოთ ერთმანეთში ტერმინები "ტვინის კრიტიკულობა" და "კრიტიკული აზროვნება". ტვინის კრიტიკულობა ნიშნავს ტვინის იმ სამუშაო რეჟიმს, როდესაც ნეირონული ქსელები იმყოფებიან ზღვარზე — წესრიგსა და ქაოსს შორის. ეს მდგომარეობა მეტისმეტად მგრძნობიარე ხდის ტვინს გარე სტიმულებისადმი და შესაძლებლობას აძლევს, სწრაფად გადაამუშაოს ინფორმაცია და მარტივად მოერგოს სიახლეს. სწორედ ამ პროცესის წყალობით ვახერხებთ ყურადღების გადართვას, ინფორმაციის დამახსოვრებას, სწავლას და ფანტაზიის გამოყენებას.

კვლევაში მონაწილეობა 800-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო, მათ შორის იყვნენ როგორც ერთი, ისე სხვადასხვა კვერცხუჯრედის ტყუპები და ასევე კავშირში არმყოფი პირები. ასეთი მრავალფეროვანი შერჩევის საშუალებით მეცნიერებმა შეძლეს განსაზღვრონ, რამდენად დამოკიდებულია ტვინის კრიტიკულობა გენეტიკაზე.

აღმოჩნდა, რომ ყველაზე მეტად გენეტიკურად განწყობილია ტვინის სენსორული ზონები — ის უბნები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ხედვაზე, სმენაზე და სხეულის სიგნალების აღქმაზე. სწორედ ეს უბნები ასრულებენ მიღებული ინფორმაციის პირველადი გადამუშავების ფუნქციას. ამასთან, ტვინის ის ნაწილები, რომლებიც მონაცემების გააზრებაზე არიან პასუხისმგებელნი, უფრო მეტად დამოკიდებული არიან ადამიანის გარემოზე და მის გამოცდილებაზე.

კვლევის ფარგლებში ასევე დადგინდა, რომ მათ, ვისაც ტვინის კრიტიკულობის მაღალი დონე აღენიშნებოდა, უკეთესი შედეგები ჰქონდათ მეხსიერების, ყურადღების და აზროვნების სისწრაფის ტესტებში. ეს მიუთითებს, რომ ტვინის კრიტიკულობა ერთ-ერთი მთავარი მაჩვენებელია კოგნიტური ჯანმრთელობისა, რომლის დარღვევაც დაკავშირებულია განვითარების შეფერხებასთან და სხვადასხვა ნეიროფსიქიკურ დარღვევასთან — მათ შორის, შფოთვასთან, დეპრესიასთან, აუტიზმთან, შიზოფრენიასთან და ალცჰაიმერის დაავადებასთან.

თუ მეცნიერები შეძლებენ ტვინის კრიტიკულობის დაბალი დონის გამოვლენას ადრეულ ასაკში, ეს არამხოლოდ დაავადებების პროგნოზირებაში დაგვეხმარება, არამედ საშუალებას მისცემს საგანმანათლებლო სისტემას, მაქსიმალურად მორგებული გახდეს თითოეულ ბავშვზე. კვლევის ავტორები იმედოვნებენ, რომ მომავალში მათი აღმოჩენა გახდება საფუძველი ახალი დიაგნოსტიკური, პროფილაქტიკური და სამკურნალო მეთოდების შესაქმნელად, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს კოგნიტური დარღვევების მართვას.