რუსი ქალი ორი კვირის განმავლობაში ინდოეთში, გამოქვაბულში, შვილებთან ერთად ცხოვრობდა. შესაძლოა, იქ კიდევ დიდხანს დარჩენილიყო, მაგრამ გოკარნას მახლობლად ჩატარებული რეიდის საფუძველზე, პოლიციამ, ტყეში სხვადასხვა ნივთი აღმოაჩინა. მათ შორის ბავშვების სათამაშოები და გასაშრობად დატოვებული სამოსი იყო.
ექვსი წლის პრემა და ოთხი წლის ამა დედას გამოქვაბულში სრულიად გაუაზრებლად გაჰყვნენ. ისინი ოჯახის პრობლემებს ვერ აცნობიერებდნენ. თუმცა, ადგილი მართლაც ძალიან საშიშია. გამოქვაბულში არაერთი შხამიანი გველი ბინადრობს და საცხოვრებლად არ გამოიყენება.
ამბავი ძალიან დამაბნეველია. ქალს ვიზა არ ჰქონდა. თუმცა, გამოქვაბულში დეპორტაციის შიშით არ ცხოვრობდა... ის იქ შვილების მამას ემალებოდა. მამაკაცი ისრაელში მდიდარი ოჯახის შვილი იყო.
ნინა კუტინა კრასნოიარსკში დაიბადა. მშობლიურ ქალაქში, ფილოლოგიურზე სწავლობდა, ხელოვნება განსაკუთრებით აინტერესებდა და სხვადასხვა ახალგაზრდულ ღონისძიებაში მონაწილეობდა. ერთ-ერთ ფესტივალზე პირველ სიყვარულს შეხვდა. მათ ვაჟი, დიმიტრი შეეძინათ. თუმცა, ნინას ქმარი მალევე გარდაეცვალა.
2012 წელს ქალი მოსკოვში, "გუსლიცას" ხელოვნების სივრცეში გამოსასვლელად ჩავიდა. იქ მასწავლებელი, ანდრეი გაიცნო. ხელოვნების სიყვარული ორივეს აერთიანებდა. მუსიკას ქმნიდნენ და მოგზაურობაზე ოცნებობდნენ. ნინას ცხოვრების ახალი ეტაპი ასე დაიწყო... ქალი მეუღლესთან ერთად სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობდა. მათ საერთო შვილიც შეეძინათ, რომელსაც ლუჩეზარი დაარქვეს.
თუმცა, ეს კავშირიც დასრულდა. ნინას სულიერი პრაქტიკა, სხვადასხვა ადგილზე სიარული აინტერესებდა. ანდრეი კი იძულებული იყო, რეალობას დაბრუნებოდა და მუშაობა გაეგრძელებინა. დროთა განმავლობაში ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. ნინა კი ინდოეთში გადავიდა საცხოვრებლად.
გოაში ქალი ახალ სიყვარულს შეხვდა. მან ისრაელიდან ჩამოსული მამაკაცი დრორ გოლდშტეინი გაიცნო. ის საკმაოდ მდიდარი ოჯახიდან იყო და ნინას მსგავსად, მუსიკა და ხელოვნება აინტერესებდა.
მიუხედავად იმისა, რომ მათ ოჯახი ოფიციალურად არ შეუქმნიათ, წყვილი ერთად ცხოვრობდა. თუმცა, მდიდარი მამაკაცის ოჯახს, განსაკუთრებით კი დედას, ნინა კატეგორიულად არ მოსწონდა და ისინი შვილს ურთიერთობას უშლიდნენ.
ნინა დაორსულდა. იმ პერიოდში ქალს დრორ გოლდშტეინი დაშორდა, თუმცა ნინამ შვილი მაინც გააჩინა. მამაკაცის მშობლებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ ის ისრაელში დაებრუნებინათ. მაგრამ, გარკვეული პერიოდის შემდეგ, დრორ გოლდშტეინი ინდოეთში ისევ ჩავიდა. როცა გაიგო, რომ შვილი ჰყავდა, ნინას შეურიგდა. მალე ოჯახში კიდევ ერთი ქალიშვილი დაიბადა, რომელსაც ამა დაარქვეს. თუმცა, მამაკაცი ნინასთან ოფიციალურ კავშირზე უარს ამბობდა.
ერთი ვერსიით, გოგონების მამასთან კონფლიქტის გამო ნინა იძულებული გახდა, გამოქვაბულში დამალულიყო. რა მოხდა მათ შორის, ჯერჯერობით უცნობია.
"მინდა, ჩემს ქალიშვილებთან ახლოს ვიყო და მათზე მეურვეობა მეც ავიღო. მან (ნინამ) მითხრა, რომ თუ ერთ სახლში არ ვიცხოვრებდით, ბავშვებთან კონტაქტის შესაძლებლობას არ მომცემდა." - ეუბნება გოლდშტეინი ინდოელ ჟურნალისტებს.
"ბოლო 15 წლის განმავლობაში დაახლოებით 20 ქვეყანა მოვინახულე. ჩემი ყველა შვილი სხვადასხვა ადგილას დაიბადა. ყველა თვითონ გავაჩინე, საავადმყოფოებისა და ექიმების გარეშე, რადგან ვიცი, როგორ გავაკეთო ეს. არავინ მეხმარება." - ამბობს ქალი. ნინა ამტკიცებს, რომ ფინანსურადაც არავინ უჭერს მხარს და შვილებს მარტო ზრდის.
რუსი ქალის მეგობრები ამბობენ, რომ ის იტყუება და ბავშვების მდიდარი მამა მას ფულს უხდის. სანაცვლოდ კი პატარა შვილებთან ურთიერთობას ითხოვს.
"მე მას ფულს ყოველთვიურად ვაძლევ. შემდეგ კი აქ, ინდოეთში ჩამოვდივარ, რომ ექვსი თვე მათთან გავატარო, რადგან შემდეგი ექვსი თვის განმავლობაში სხვა ვალდებულებები მაქვს. გარდა ამისა, ვიზა მხოლოდ ექვსი თვის განმავლობაში გაიცემა." - ამტკიცებს მამაკაცი.
ნინას ეს დამოკიდებულება არ მოსწონდა და ქალიშვილებთან და ლუჩეზართან ერთად გამოქვაბულში დამალვა გადაწყვიტა. აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა ქალმა 9 თვის წინ უფროსი შვილი, დიმიტრი დაკარგა. ნინამ შვილს კრემაცია გაუკეთა და მის ფერფლს ყველგან დაატარებდა. როდესაც გამოქვაბულში პოლიციელები შევიდნენ, მათ ქალს ფერფლით სავსე ჭურჭლის თან წაღების უფლება არ მისცეს, რამაც ნინა განსაკუთრებით აღაშფოთა.
ქალის საქციელი არაერთმა ადამიანმა გააკრიტიკა და ის უპასუხისმგებლობასა და ბავშვებისადმი არასათანადო მოპყრობაში დაადანაშაულა. თუმცა, ნინა ამბობს, რომ ეს მოგზაურობები და ჯუნგლებში ცხოვრება ბავშვებისთვის სასიამოვნო იყო...
გამოქვაბულში მართლაც ბევრი საკვები აღმოაჩინეს. იქამდე, ვიდრე ქალი იქ გადაცხოვრების გადაწყვეტილებას მიიღებდა, სხვადასხვა სამსახურში მუშაობდა, ხელოვნების მიმართულებით გაკვეთილებს ატარებდა, სხვის შვილებზეც ზრუნავდა.
ნინას რუსეთში დაბრუნება კატეგორიულად არ სურს. მის ვიზას კი ინდოეთში ვადა დიდი ხნის წინ გაუვიდა. ახლა ოფიციალურ გადაწყვეტილებას ელოდება. გოგონების მამაც შეშფოთებით ელოდება ამ გადაწყვეტილებას და იმედოვნებს, რომ პატარები ინდოეთში დარჩებიან. კიდევ ერთი ვერსიის მიხედვით, ქალი საშიშ გამოქვაბულში იმიტომაც დაიმალა, რომ მისთვის შვილები არ ჩამოერთმიათ და თავად რუსეთში არ გაეგზავნათ.