პაკისტანელი ვარსკვლავი ისე გარდაიცვალა, რომ 9 თვის განმავლობაში ვერავინ გაიგო: "არავის გახსენებია, არავის მოუკითხავს... ცხედარი შემთხვევით იპოვეს" - მშობლები

პაკისტანელი ვარსკვლავი ისე გარდაიცვალა, რომ 9 თვის განმავლობაში ვერავინ გაიგო: "არავის გახსენებია, არავის მოუკითხავს... ცხედარი შემთხვევით იპოვეს"

2025-07-18 13:35:04+04:00

პაკისტანელი მსახიობის და მოდელის, ჰუმაირა ასგარ ალის ტრაგიკულმა ისტორიამ სოციალური ქსელი შეძრა.

ჰუმაირას ცხედარი ივლისის დასაწყისში აღმოაჩინეს ქალაქ ქარაჩიში, ერთ-ერთ დაქირავებულ ბინაში. ახალგაზრდა ქალი — ყოფილი რეალითი შოუს ვარსკვლავი და სილამაზის კონკურსის გამარჯვებული — 9 თვის განმავლობაში ამ ბინაში იწვა და მისი არსებობა არავის გახსენებია. ოჯახის წევრებმა არამხოლოდ არ განაცხადეს მისი გაუჩინარების შესახებ, არამედ მოგვიანებით უარი თქვეს მისი ცხედრის დაკრძალვაზეც.

ცხედარი შემთხვევით იპოვეს. ქონების მეპატრონემ სასამართლოს მიმართა, რადგან მდგმური ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში არ იხდიდა ქირას და ზარებს არ პასუხობდა. როდესაც სასამართლო აღმასრულებელი შევიდა ბინაში, იქ ადამიანის გახრწნილი ნეშტი დახვდა. შემდგომ დადასტურდა, რომ ეს იყო 31 წლის ჰუმაირა ასგარ ალი, წარმოშობით ლაჰორიდან, მსახიობი და მოდელი.

სასამართლო ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ცხედარი დაშლის ძალიან გვიან ეტაპზე იყო, რაც მიუთითებს, რომ სიკვდილიდან მინიმუმ ცხრა თვე იყო გასული. თავდაპირველი ექსპერტიზით ძალადობის კვალი არ გამოვლენილა, თუმცა საზოგადოებაში კითხვები მაინც გაჩნდა — როგორ შეიძლება, რომ ასეთი ცნობილი ადამიანი ასე უჩინრად გამქრალიყო? რატომ არავინ გაიხსენა მისი არსებობა? რატომ არავინ დაინტერესდა, რატომ აღარ ჩანდა?

ჰუმაირას სიკვდილმა განსაკუთრებული შოკი გამოიწვია, როდესაც გაირკვა, რომ ოჯახის წევრებმა არ ისურვეს მისი ცხედრის დაკრძალვა. საბოლოოდ, მსახიობი 11 ივლისს დაიკრძალა — გარდაცვალებიდან თითქმის 9 თვის შემდეგ.

ხალხს, ვისაც მისი სახელი ახსოვდა, გაუჭირდა დაჯერება. ჰუმაირა ასგარ ალი 2014 წელს გახდა ცნობილი, როცა კონკურსი Veet Miss Super Model მოიგო. შემდეგი წლები მის კარიერაში აქტიური და წარმატებული აღმოჩნდა — მონაწილეობდა ფილმებში და სერიალებში, პროექტებში.

ჰუმაირა ასგარს ბევრი აღიქვამდა როგორც ქალის დამოუკიდებლობისა და შინაგანი სიმტკიცის სიმბოლოს. ის აქტიურად მართავდა ბლოგს, ათავსებდა ფოტოებს მოგზაურობებიდან, წერდა თავის გატაცებებზე და მიზნებზე. მას განსაკუთრებით უყვარდა სპორტი, მათ შორის ექსტრემალური სახეობებიც.

ერთ-ერთ პოსტში მან ამაყად გამოაცხადა, რომ გახდა ეროვნული პრემიის „ქალის ლიდერობის“ ლაურეატი ნომინაციაში „ამომავალი ვარსკვლავი“. მას სწამდა, რომ ეს მიღწევა მნიშვნელოვანი იყო როგორც პროფესიულად, ისე პიროვნულად — იმის დასამტკიცებლად, რომ ქალებს შეუძლიათ ბევრი. ჰუმაირამ მადლობა გადაუხადა მშობლებს, მენტორებსა და მხარდამჭერებს — მათ, ვინც როგორც მან დაწერა, მუდამ „სინათლის გზა“ მიუთითეს.

ამიტომაც არის ასე გაუგებარი, რომ ცხოვრების ბოლო თვეებში ეს ამომავალი ვარსკვლავი სრულიად მარტო დარჩა. არავინ მოიკითხა, არავინ ეძებდა, არავინ დაურეკა. ბოლოს კი, არავინ გამოჩნდა, რომ ღირსეულად დაეკრძალა.

რატომ მოხდა ასე — კვლავ უცნობია. ზოგი ვარაუდობს, რომ მას შეეძლო პირადი კრიზისი ჰქონოდა ან ოჯახთან კონფლიქტი. შესაძლოა, ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა, რომელთა შესახებ არაფერს წერდა. თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდებია. სიკვდილის ზუსტი მიზეზი ამ დრომდე უცნობია.