"სიცხეში 8 წლის გოგონას ეზოში ხოხვით აგლეჯინეს სარეველა ბალახები, მშიერს აყურებინეს, როგორ ჭამდა დირექტორი..." - ბავშვებზე ძალადობის ფაქტები ახალგორის ბავშვთა სახლში და დირექტორი, რომელიც პედოფილიაშია შემჩნეული - მშობლები

"სიცხეში 8 წლის გოგონას ეზოში ხოხვით აგლეჯინეს სარეველა ბალახები, მშიერს აყურებინეს, როგორ ჭამდა დირექტორი..." - ბავშვებზე ძალადობის ფაქტები ახალგორის ბავშვთა სახლში და დირექტორი, რომელიც პედოფილიაშია შემჩნეული

2025-07-18 14:21:15+04:00

"შუადღის მზეზე ეზოში ხოხვით აგლეჯინეს სარეველა ბალახები, მშიერს აყურებინეს, როგორ ჭამდნენ დირექტორი და სხვა ბავშვები. დაისაჯა იმიტომ, რომ ბავშვმა გამრავლების ტაბულა ვერ ისწავლა", - ოკუპირებული ახალგორის ბავშვთა სახლში 8 წლის გოგონას მიმართ სასტიკი და დამამცირებელი მოპყრობის შესახებ ინფორმაცია ოსურ ტელეგრამარხებზე დიდი გარჩევის საგანი გახდა. ფაქტზე ინფორმაცია თავდაპირველად ახალგორელმა აქტივისტმა თამარ მეარაყიშვილმა "ფეისბუქზე" გაავრცელა. ატეხილი ხმაურის გამო მზრუნველობამოკლებული ბავშვების ბედით ახალგორის დე ფაქტო რაიონული პროკურატურაც დაინტერესდა, ბავშვთა სახლში მოკვლევა ჩაატარა და განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ "დადასტურდა ლენინგორის (ახალგორის) ბავშვთა სახლის ერთ-ერთი მოსწავლის მიმართ აღზრდისთვის მიუღებელი მეთოდების გამოყენების ფაქტები დაწესებულების დირექტორის მიერ".

მთელი ეს ამბავი დაიწყო 25 ივნისს, როდესაც თამარ მეარაყიშვილმა 8 წლის გოგონას, სახელად ძერასას, მიმართ სასტიკ მოპყრობაზე ილაპარაკა. როგორც მეარაყიშვილი წერს, ბავშვთა სახლის დირექტორმა ილას ბეჟანოვმა რატომღაც გადაწყვიტა ძერასასთვის გამრავლების ტაბულა ესწავლებინა და გოგონა თავის კაბინეტში შეიყვანა. ბავშვმა მას დავალება ვერ ჩააბარა, ამის გამო დირექტორმა გადაწყვიტა ის დაესაჯა და აიძულა ბავშვთა სახლის ეზოში სარეველები ხელით ამოეგლიჯა. გოგონა მცხუნვარე მზის ქვეშ ოთხზე დახოხავდა და ფილებს შორის ამოსულ ბალახს გლეჯდა, დირექტორი კი დაწესებულების კიბეზე იჯდა, ჩრდილში, და ძერასას უფრო სწრაფად მუშაობისკენ მოუწოდებდა. გოგონას დასჯას ბავშვთა სახლის თანამშრომლებიც ადევნებდნენ თვალყურს. მზარეულმა ქალმა ბავშვის დაცვა სცადა, მაგრამ დირექტორმა უყვირა, ნუ ერევი ჩემს საქმეშიო, და სამსახურიდან გაგდებით დაემუქრა.

"შემდეგ ბავშვი, სიცხეში მუშაობით დაღლილი, სასადილო ოთახში შეიყვანა, სადაც ილას ბეჟანოვმა მშიერი გოგონას თვალწინ ჭამა და ბავშვს უთხრა, რომ მას საჭმელი არ ეკუთვნოდა, რადგან გამრავლების ტაბულა არ ისწავლა. ამის შემდეგ დირექტორმა ბავშვთა სახლში მყოფ ბავშვებს ნაყინი დაურიგა - ყველას, ძერასას გარდა. სანამ ბავშვები ნაყინს ჭამდნენ, დირექტორმა მათ აუხსნა, რატომ არ დაიმსახურა ძერასამ ნაყინი", - ამბობს მეარაყიშვილი და ცხინვალის დე ფაქტო პრეზიდენტ ალან გაგლოევს სთხოვს დაიცვას მზრუნველობას მოკლებული ბავშვები და აღადგინოს წესრიგი ბავშვთა სახლში.

მეარაყიშვილის მონაყოლს დიდი გამოხმაურებები მოჰყვა "ფეისბუქის" ოსურ ჯგუფებსა და ოსურ ტელეგრამარხებზე. ნაწილი მეარაყიშვილს "საქართველოს უშიშროების სამსახურის აგენტს" უწოდებდა, რამდენიმე ანონიმურმა მომხმარებელმა კი დაწერა, რომ ეს არ არის იმ დაწესებულებაში სასტიკი მოპყრობის პირველი შემთხვევა, ბავშვებს იქ ხშირად სცემენ, დასჯის მიზნით აშიმშილებენ, ამცირებენ და არასრულწლოვან გოგონებს სექსუალურადაც ავიწროებენ. დირექტორი ხშირად მოდის მთვრალი და შენობაში ეწევა მარიხუანას.

ანონიმური მომხმარებლების მძიმე ბრალდებებზე გამოძიება არ დაწყებულა, ე.წ. პროკურატურამ მხოლოდ ამ ერთი შემთხვევის მოკვლევა დაიწყო.

როგორც გამოცემა "ეხო კავკაზა" წერს, ობოლ და მშობელთა მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა დაწესებულებაში მივიდნენ გამომძიებლები და თანამშრომლები დაკითხეს. ზოგს სამსახურში ესაუბრნენ, ნაწილს კი შინ მიაკითხეს. გამოცემის წყაროს ცნობით, ამბის ნამდვილობა ბავშვთა სახლის დირექტორის მოადგილე ნათია რუსიტაშვილმა და რამდენიმე აღმზრდელმა დაადასტურეს. გოგონამაც დეტალურად უამბო ყველაფერი გამომძიებლებსა და ბავშვთა ომბუდსმენს.

ამის შემდეგ ე.წ. პროკურატურა ავრცელებს განცხადებას, რომ "აღზრდისთვის მიუღებელი მეთოდების გამოყენება" დადასტურდა და "განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს" მიმართავს დამნაშავე პირების დისციპლინური პასუხისმგებლობის დასმის მოთხოვნით. ამ განცხადებიდან ერთ კვირაზე მეტი გავიდა, თუმცა სადისტი დირექტორი ისევ თანამდებობაზეა. გაგრძელდება თუ არა გამოძიება, არაფერი თქმულა. განაგრძეთ კითხვა