ელისაბედი ფრიცლი 24 წლის განმავლობაში საკუთარ მამას, ჯოზეფ ფრიცლის სარდაფში ჰყავდა დატყვევებული. მამა სისტემატურად მიმართავდა ფიზიკურ, სექსუალურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას. ამ წლების განმავლობაში გოგონამ შვიდი შვილი გააჩინა მოძალადე მამისგან. სამი მათგანი ჯოზეფმა ბუნკერიდან ზედა სართულზე, საკუთარ სახლში აიყვანა და ცოლთან ერთად ზრდიდა. ყველაფერი ისე დაგეგმა, თითქოს ელისაბედი სექტაში გაწევრიანდა და ოჯახი მიატოვა. მოგვიანებით კი თითქოს ბავშვებიც ელისაბედმა დატოვა სახლის კართან. დანარჩენი სამი შვილი სარდაფში იზრდებოდა — მზის და გარესამყაროსთან კავშირის გარეშე.
2008 წელს, როდესაც ერთ-ერთი შვილი, კერსტინი, მძიმედ დაავადდა, ელისაბედმა შეძლო ჯოზეფის დაყოლიება, რომ ბავშვი საავადმყოფოში წაეყვანა. ამან გამოძიების დაწყება გამოიწვია, რასაც მოჰყვა ჯოზეფის დაპატიმრება და ელისაბედისა და მისი შვილების გათავისუფლება.
მას შემდეგ, რაც გამოძიება და სასამართლო პროცესები დასრულდა, ელისაბედმა სახელი შეიცვალა, მკაცრად შეზღუდა საჯარო კონტაქტები და დღეს ავსტრიის ერთ სოფელში ცხოვრობს, რომელიც მედიისთვის მხოლოდ პირობითი სახელით „Village X“-ით არის ცნობილი. მასთან ერთად ცხოვრობენ მისი ექვსი შვილი და პარტნიორი — ყოფილი დაცვის თანამშრომელი ტომას ვაგნერი, რომელიც მას თავდაპირველად უსაფრთხოების მიზნით დაუნიშნეს.
წლების განმავლობაში ელისაბედი ფსიქოლოგიური დახმარების მკაცრ პროცესში იმყოფებოდა. თუმცა ბოლო ცნობებით, ექიმების რეკომენდაციით, მან შეწყვიტა ინტენსიური ფსიქიატრიული თერაპია, რათა ყოველდღიურ ცხოვრებასა და საზოგადოებაში სრულფასოვნად ჩაერთოს. ის შვილების გვერდითაა, ეხმარება მათ, ესწრება სოფლის აქტივობებს და ცდილობს თავიდან დაიწყოს ცხოვრება, რომელიც 24 წლით წაართვეს.
მხარდაჭერის ჯგუფის ერთ-ერთი წევრის თქმით: „მან ცხოვრების საუკეთესო წლები სარდაფში დაკარგა. ახლა მიზნად ისახავს, რომ ყოველი დარჩენილი დღე პროდუქტიული და სავსე იყოს.“
შვიდიდან ერთი ბავშვი — ტყუპი ბიჭი სახელად მიხაელი — დაბადებისას დაიღუპა. დანარჩენი ექვსი შვილი დღეს უკვე სრულწლოვანები არიან (21-დან 36 წლამდე) და დედასთან ერთად დაცულ სოფელში ცხოვრობენ .
თავდაპირველად ბავშვები, რომლებიც მზის სინათლეზე გაიზარდნენ, და-ძმის წინაშე თავს დამნაშავედ გრძნობდნენ, რადგან შედარებით ნორმალური ბავშვობა ჰქონდათ. ისინი, ვინც სარდაფში იზრდებოდნენ, წლების განმავლობაში სწავლობდნენ სამყაროს, მზეს, ადამიანურ ურთიერთობებს. დროთა განმავლობაში ოჯახური კავშირი გამყარდა. ერთ-ერთმა — კერსტინმა — სერიოზული ურთიერთობაც კი დაიწყო, სტეფანს კი სავაჭრო გემზე მუშაობა სურდა. ფელიქსი, კიდევ ერთი შვილი, ჩვეულებრივ სკოლაში დადიოდა და სპორტით იყო გატაცებული — რაც ბევრს ნიშნავდა მას შემდეგ, რაც ბავშვობა სულ სიბნელეში გაატარა.
ადგილობრივების თქმით, ოჯახი ჩაკეტილ ცხოვრებას ეწევა, მაგრამ როდესაც თანასოფლელებს ხვდებიან, „ძალიან ზრდილობიანები არიან, იღიმიან და მეგობრულად ექცევიან ყველას.“
2009 წელს, ჯოზეფ ფრიცლს მიესაჯა სამუდამო პატიმრობა. 2024 წელს, დემენციის დიაგნოზისა და ჯანმრთელობის გაუარესების გამო, ის ფსიქიატრიული დაწესებულებიდან ჩვეულებრივ ციხეში გადაყვანეს. მისმა ადვოკატმა განაცხადა, რომ პირობითი გათავისუფლების მოთხოვნას გეგმავდა, თუმცა ავსტრიის სასამართლოს თქმით, ეს ნაკლებად სავარაუდოა — არა მარტო დანაშაულის სიმძიმიდან გამომდინარე, არამედ საზოგადოების დაცვის განსაკუთრებული საჭიროებების გამო.
ელისაბედის შვილების ფოტოები საჯაროდ არ გამოქვეყნებულა, და ეს განზრახ დაცულია კანონისა და პირადი უსაფრთხოების მიზნით. ზოგიერთ მედიასაშუალებას სურდა გადაღება, მაგრამ ადგილობრივმა პოლიციამ და ფსიქოლოგიურმა ჯგუფებმა მკაცრად შეიზღუდეს მათზე წვდომა.