25 წლის სიამის ტყუპი, ლუპიტა და კარმენ ანდრადე, მსოფლიოსთვის უკვე კარგად არიან ცნობილნი. ისინი არასოდეს მალავდნენ თავიანთი სხეულის უნიკალურობას — პირიქით, ამაყობენ ამით და აქტიურ სოციალურ ცხოვრებას ეწევიან. მათი ათასობით მიმდევარი ყოველდღიურად ადევნებს თვალს მათ ამბებს.
ლუპიტა და კარმენი 2001 წელს მექსიკაში დაიბადნენ. მათი მშობლები მალევე გადავიდნენ აშშ-ში, იმედით, რომ გოგონებს სპეციალიზებულ სამედიცინო დახმარებას აღმოუჩენდნენ. თუმცა ექიმებმა ვერაფერი გააწყვეს — დებს საერთო ღვიძლი, სისხლის მიმოქცევა და რეპროდუქციული სისტემა აქვთ. ეს გამორიცხავს მათ გაყოფას და დამოუკიდებელ არსებობას. მიუხედავად ამისა, ლუპიტამ და კარმენმა გადაწყვიტეს, ერთად ეცხოვრათ სრულფასოვნად.
მათ მალევე გაიაზრეს, რომ ბევრი რამით არ განსხვავდებოდნენ თანატოლებისგან და არც რომანტიკულ ურთიერთობებზე უთქვამთ უარი. ცოტა ხნის წინ კი კარმენის ცხოვრებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი რამ მოხდა — ის დაქორწინდა.
მისი რჩეული, დენიელ მაკკორმაკი, წლების განმავლობაში ახლოს იყო კარმენთან და ახლა ოფიციალურად მისი მეუღლეა. კარმენმა ეს ამბავი YouTube-ვიდეოთი გაამხილა: „ალბათ დროა, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ამბავი გითხრათ — მე დავქორწინდი,“ — აღნიშნა მან. მისმა დამ, ლუპიტამ კი დაამატა: „მე არა,“ რათა შესაძლო გაუგებრობა აერიდებინა თავიდან.
დენიელმა მხიარულად დაამატა: „ახლა მე უკვე ქმარი ვარ,“ — და სიხარულით გამოხატა თავისი ახალი როლი.
ცოტა ხნის წინ გავრცელდა პირველი საქორწინო ფოტოსესია, თუმცა აღმოჩნდა, რომ ქორწილი ჯერ კიდევ ოქტომბერში შედგა. წყვილმა გრანდიოზული ზეიმი არ მოაწყო — ცერემონია მხოლოდ ოჯახის წევრებთან ერთად ჩატარდა.
კარმენმა ტრადიციულ თეთრ კაბაზე უარი თქვა და ყვავილებიანი კაბა აირჩია. „თეთრი არ ჩამიცვამს. ეს ფერი არ მიყვარს,“ — უპასუხა მან გამომწერების კითხვას.
მისი კაბა ხელით იყო გაფორმებული მძივებითა და ბრჭყვიალა ქვებით. დენიელმაც სოლიდარობა გამოხატა — მწვანე პეპელა შეარჩია, კაბის ფერთან შესატყვისად. კარმენს ხელში უჭირავდა ვარდებისა და მზესუმზირების თაიგული. დებმა სამკაულებზე უარი თქვეს — მათი სხეული უკვე მორთულია ტატუებით.
სკეპტიკოსები მაინც ფიქრობენ, რომ ამ ურთიერთობას მომავალში პრობლემები ექნება. მაგრამ კარმენი და დენიელი ოთხი წელია ერთად არიან და დროის გამოცდას უკვე გაუძლეს. წყვილის ერთ-ერთი იუბილეს დროს კარმენმა დაწერა: „მე ყველაზე ბედნიერი გოგო ვარ, რადგან შენ მყავხარ!“
ახლა ის უკვე დაქორწინებულია და დღემდე უამრავ მილოცვას იღებს. კითხვებზე ბავშვებთან და დედობასთან დაკავშირებით კარმენი ჯერ პასუხს არ სცემს.
ცნობისთვის, მსგავსი კითხვები დაუსვეს სხვა ცნობილ სიამის ტყუპებსაც — დებს ჰენსელებს. ერთ-ერთმა, ები ჰენსელმა, ქორწინების შემდეგ არ დამალა, რომ დედობა სურდა.