კისრისა და წელის გაშეშება, ალბათ, ყველა ადამიანს ერთხელ მაინც გამოუცდია. მიზეზი კი შესაძლოა, სხვადასხვა იყოს. ექიმი-ნევროლოგი, მაკა ხაჩიძე, გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" საუბრობს, როგორ გავუმკლავდეთ კისრისა და ზურგის ტკივილს:
- კისრისა და წელის გაშეშება განსაკუთრებით აქტუალური ზაფხულის პერიოდში, კონდიციონერის გამოყენებასთან ერთადაა. კონდიციონერი მავნე საგანს არ წარმოადგენს, მაგრამ მისი არასწორი გამოყენება, შესაძლებელია, ამ ჩივილების წარმოქმნის მიზეზი გახდეს. პირდაპირი ცივი ჰაერის ნაკადი, რომელიც მიმართულია კისრისა და წელის ნაწილისკენ, გადაციებას იწვევს. მიზეზი კუნთების სპაზმია, რომელიც ცივი ტემპერატურის ზეგავლენით ხდება. ასევე, ხშირად მიზეზი ცხელი გარემოდან ცივ გარემოში უეცრად გადასვლაა. ამ დროსაც ორგანიზმის თბორეგულაცია კუნთებისა და სისხლძარღვების შეკუმშვით პასუხობს. შესაძლებელია, სხვა მიზეზებში არასწორ პოზაში დიდხანს ჯდომა, არასწორ პოზაში ძილი განვიხილოთ. ასევე, ორგანიზმის გადაღლა. ძალიან დიდი ფაქტორია სტრესი და უარყოფითი ემოციები, რაც ჩვენი კუნთების დაძაბვასა და სპაზმს იწვევს, განსაკუთრებით, კისრის სეგმენტში. გარდა ამისა, არსებობს სხვა ფაქტორებიც: იმუნური სისტემის დაქვეითება, სხვადასხვა ნევრალგია და კუნთის ანთება.
არსებობს მარტივი რეკომენდაციები, რომლებიც შეგვიძლია გავითვალისწინოთ. პირველ რიგში, კონდიციონერის სწორად გამოყენება ვისწავლოთ. მნიშვნელოვანია, დიდი ხნის განმავლობაში ძალიან დაბალ ტემპერატურაზე არ ვიყოთ. ტემპერატურა, დაახლოებით, 22-დან 24 გრადუსამდე უნდა რეგულირდებოდეს. თუ მაინც ხშირად გვაქვს ეს პრობლემა და დღის გარემოში ძალიან ცივ გარემოში ყოფნა გიწევთ, შესაძლოა, სახვევი გამოიყენოთ, მოსაცმელი ჩავიცვათ. ასევე, არსებობს საშუალება, რომელიც კონდიციონერზე მაგრდება და ჰაერის ნაკადს არეგულირებს და გადაანაწილებს. მნიშვნელოვანია, კონდიციონერი მთელი დღის განმავლობაში არ იყოს ჩართული. ხშირად უნდა გამოვრთოთ, ოთახი გავანიავოთ.
ასევე, მნიშვნელოვანია, ერთ პოზაში და არასწორ პოზაში დიდხანს არ ვისხდეთ. კისერი წინ გადახრილი არ უნდა იყოს, ასევე წელის არეშიც მოხრილი არ უნდა ვიყოთ. დაახლოებით, 30-40 წუთში ერთხელ, 5 წუთი უნდა ავდგეთ, გავიარ-გამოვიაროთ, გარკვეული გაწელვითი ვარჯიშები გავაკეთოთ, რომ პრობლემა თავიდან ავირიდოთ.
ვისაც მჯდომარე ცხოვრების წესი აქვს, ის კისრის არეში დაძაბულობას ყოველთვის გრძნობს. აუცილებელია, მარტივი, ხელის მასაჟით, ის ადგილები, სადაც კუნთოვან სპაზმს ვგრძნობთ, დავიმასაჟოთ.
თუ გადაციება დაგვემართა, მნიშვნელოვანია, თბილი კომპრესი გამოვიყენოთ. არა ცხელი, არამედ თბილი. ეს შეიძლება, იყოს თბილი პირსაცოხი, თბილი წყლით სავსე ბოთლი და ასე შემდეგ.
ასევე, ძალიან ნაზი და მსუბუქი მასაჟის გაკეთება შეგვიძლია. შეგვიძლია, კისრის მარტივი მასაჟებიც გავაკეთოთ. ამისათვის, დავსხდეთ ან დავდგეთ. აუცილებლად თანაბარი სუნთქვა უნდა იყოს. კისერი ჯერ მარჯვენა მხარეს უნდა გადავხაროთ, ოღონდ ისე, რომ მხარი არ უნდა ავწიოთ. დაახლოებით, 15-20 წამის განმავლობაში გავაჩეროთ. შემდეგ კი მეორე მხარეს გადავხაროთ. ასევე, ძალიან კარგი მოძრაობაა ნიკაპის გულ-მკერდთან მიტანა. შეგვიძლია, 10 წამი გავაჩეროთ და შემდეგ უკან გადავხაროთ.
რაც შეეხება წელის არეს, ძალიან კარგი ვარჯიშია, როდესაც მუხლებზე ვდგებით და წელის ჩაზნიქვის მოძრაობას ვაკეთებთ.
შესაძლებელია, ფეხზე დავდგეთ, ხელები სწორად, ტანთან გვქონდეს. გადავიხრებით მაქსიმალურად მარჯვნივ, შემდეგ მარცხნივ...
მკურნალობას რაც შეეხება, ეს დამოკიდებულია მდგომარეობაზე. მწვავე პერიოდში შესაძლოა, მედიკამენტური მკურნალობა დავიწყოთ და შემდეგ ფიზიოთერაპია ჩავრთოთ.
რისკ-ჯგუფში არიან ადამიანები, რომლებსაც ხერხემლის პრობლემა უკვე აქვთ.
მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, როდესაც ჩივილები, დისკომფორტი, დაძაბულობა გვეწყება, ეს უკვე ნიშანია იმისა, რომ რაღაც კარგად არ მიდის. ამ შემთხვევაში, დროული დიაგნოსტირება მნიშვნელოვანია.
აღსანიშნავია, რომ წელისა და კისრის არეში დისკომფორტი 3 დღეზე მეტხანს არ უნდა გაგრძელდეს. შემდეგ აუცილებლად ექიმს უნდა მიმართოთ.