გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგი მადონა ჯუღელი გადაცემაში "შუადღე" საუბრობს რა ცვლილებები მიმდინარეობს მენოპაუზის დროს ქალის ორგანიზმში და რა ადრეული სიმპტომები აქვს მას:
- არსებობს აბსოლუტურად ჩვეულებრივად მიმდინარე მენოპაუზური პერიოდი. მაგრამ, ქალბატონების 60%-ში ამ პერიოდში ცხოვრების ხარისხი მკვეთრად უარესდება. მათთან სასქესო ჰორმონების რაოდენობა ნელ-ნელა მცირდება.
სტატისტიკის თანახმად, საშუალო ასაკი, როდესაც მენოპაუზა დგება, 50-51 წელია. თუმცა, ბოლო კვლევების მიხედვით, ქალები უფრო ადრეც უჩივიან მენოპაუზის სიმპტომებს.
40 წლამდე არსებულ პრობლემას, როდესაც მენსტრუაციის არქონაა გამოხატული, მას საკვერცხეების ნაადრევი უკმარისობა ჰქვია. პროცენტულად ამ მაჩვენებელმა მოიმატა. შესაძლოა, მეტი ქალბატონი მივიდა ექიმთან და სტატისტიკამ ეს აღრიცხა. გარდა ამისა, შესაძლოა, ეკოლოგიურმა პრობლემებმა იმოქმედა. საკვერცხეების ნაადრევი უკმარისობა შესაძლოა, გენეტიკური იყოს. ასევე, მას შეიძლება იწვევდეს სხვადასხვა აუტოიმუნური დაავადება და ოპერაციული მკურნალობა.
როდესაც 40-დან 45 წლამდე ასაკზე ვსაუბრობთ, ამ პერიოდს ადრეული მენოპაუზა ჰქვია. ადრეული მენოპაუზას ასევე შესაძლოა, სხვადასხვა მიზეზი ჰქონდეს. მათ შორის, გარემო, გენეტიკა, სხვადასხვა დაავადების ერთობლიობა.
პრე-მენოპაუზის პერიოდი შეიძლება, 7-8 წელს მოიცავდეს. ასეთ დროს, მენსტრუალური ციკლი ირღვევა. შეიძლება, გამოხატული იყოს ძილის დარღვევა, ოფლიანობა, ალები.
რაც შეეხება მენოპაუზას, როცა ბოლო მენსტრუაციიდან ერთი წელი გავიდა, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ქალბატონი მენოპაუზაშია. ერთი წლის შემდეგ უკვე პოსტ-მენოპაუზა მოდის.
ესტროგენი ერთ-ერთი წამყვანი ჰორმონია. მათ შორის, პროგესტერონიც. როდესაც საკვერცხეებში ფოლიკულების რაოდენობა მცირდება, ესტროგენი, პროგესტერონი და ანდროგენი მცირდება. ყველა ეს ჰორმონი ჩვენს ტვინს იცავს. როდესაც მცირდება, რა თქმა უნდა, ჩვენს ხასიათზე, მეხსიერებაზე აისახება. გარდა ამისა, პროცესში ძვალ-სახსროვანი სისტემაა ჩართული. კუნთების მასის განლევა ხდება. თუ ვიცით, რომ ბებიას, დედას მძიმე ოსტეოპოროზი აქვს, ამას ყურადღება აუცილებლად უნდა მივაქციოთ. მენოპაუზის დროს ძვლის მასის შემცირება მეტად ღრმავდება. დროული ჩარევა აუცილებელია. ასევე, მეხსიერების პრობლემები შეგვიძლია, სხვადასხვა საშუალებით გავაუმჯობესოთ. ეს შეიძლება იყოს მენოპაუზალური ჰორმონოთერაპია, ვიტამინები, რომლებიც გვაკლია. როცა ოვულაცია მცირდება, 40 წლის შემდეგ, წონის მატება იწყება. მეტაბოლიზმი ირღვევა, რაც წონის მატებას იწვევს.
რაც შეეხება სიმპტომებს, როდესაც ჩვენი სასქესო ჰორმონები, ესტროგენი, პროგესტერონი და ანდროგენი მცირდება, ესტროგენის რეცეპტორი ყველა ორგანოსა და სისტემაშია. შესაბამისად, ფუნქციები, რა თქმა უნდა, მცირდება. პროგესტერონის შემცირება ძილის დარღვევასა და შფოთვას იწვევს. ქალები დეპრესიისაკენ არიან მიდრეკილნი.
როდესაც ალები იწყება, შეიძლება, ამ სიმპტომმა 3 თვეში გაიაროს. 50% შემთხვევაში შეიძლება, 5 წელიც გაგრძელდეს... შესაძლოა, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების კუთხით სერიოზული პრობლემები შექმნას. მარტივად ნუ ვიტყვით, რომ ალები გაივლის. თუ დღეში 6-7 შემოტევა გვაქვს. ამასთან ერთად, ძილი გვერღვევა და მენტალური პრობლემები იწყება, საყურადღებოა.
მენოპაუზის პერიოდში სქესობრივ ცხოვრებასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები ჩნდება. ესტროგენის დაქვეითება ვაგინალურ სიმშრალეს იწვევს. როდესაც ვაგინალური სიმშრალეა, სქესობრივი ურთიერთობა მტკივნეულია. ასევე, ანდროგენის დაქვეითება ლიბიდოს შემცირებას იწვევს.
ექიმის ჩართულობით, პრობლემების მოგვარება აბსოლუტურად შესაძლებელია. სქესობრივი ცხოვრება ნამდვილად არ სრულდება. თუ ვინმე 45 წლის შემდეგ გვეუბნება: "თქვენი მატარებელი წავიდა", ნუ დაუჯერებთ. პირიქით, ჩვენ გველოდება თვითმფრინავები, იახტები, იმიტომ, რომ 50 წლის შემდეგ ახალი სიცოცხლე იწყება.
ბალანსირებულ კვებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, სადაც უნდა იყოს ცილა - ხორცი, თუ ხორცს არ ვიღებთ, ვეგეტარიანული ცილოვანი საკვები, ბოსტნეული, არაპროცესირებულ ცხიმებით მდიდარი საკვები და მნიშვნელოვანია, ნახშირწყლები. რთულ ნახშირწყლებზეა საუბარი. თამბაქოსა და ალკოჰოლის მიღებაზე უარი უნდა ვთქვათ.