ბავშვთა ქირურგი, ლალი ჩხეიძე, გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველოში" საუბრობს რა შემთხვევაში ტარდება ტეტანუსის საწინააღმდეგო აცრა, თუ ბავშვს გეგმიური ვაქცინაცია არ აქვს ჩატარებული და როგორ უნდა დავამუშაოთ ცხოველის ნაკბენი სახლის პირობებში სწორად, რომ გართულებები თავიდან ავირიდოთ:
- ტეტანუსის ვაქცინით ბავშვები აცრების გეგმიური კალენდრის მიხედვით იცრებიან. თუმცა, არის შემთხვევები, როდესაც ობიექტური მიზეზების ან მშობლის სურვილით ბავშვის სრულყოფილად ვაქცინაცია ვერ ხდება. ასევე, არის გარკვეული ასაკი, როდესაც ტეტანუსთან დაკავშირებით იმუნურები არ ვართ. ეს ასაკია, დაახლოებით, 9-10 წლიდან 14 წლამდე - ასეთი ასაკობრივი კატეგორიის მქონე პაციენტები, რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა იყვნენ აცრილნი. მაგალითად, თუნდაც ცხოველის თავდასხმის დროს, როგორც ვაკეთებთ ცოფის ვაქცინაციას, ამავდროულად, ტეტანუსის ვაქცინაციაც ტარდება. თუმცა, ამ შემთხვევაში მნიშვნელობა აქვს, რა ასაკობრივ კატეგორიაზე ვსაუბრობთ და ასევე, რამდენად აქვს ბავშვს ვაქცინაცია სრულყოფილად ჩატარებული. თუ არ აქვს ჩატარებული, აუცილებლად უნდა ჩატარდეს. ტეტანუსი ნიადაგშია. შეიძლება, დაბინძურებულ საგნებში, ასევე ცხოველის პირის ღრუში, კლანჭებში იყოს. შესაძლოა, არ გვიკბინოს, მაგრამ დაგვკაწროს - ასეთ შემთხვევაში, ბავშვი როგორც ცოფზე, ასევე ტეტანუსზე უნდა ავცრათ. წლინახევრის ასაკზე რა აცრაც ტარდება, ტეტანუსს მოიცავს, 5 წლის ასაკის ვაქცინაც მოიცავს და შემდეგ, 10 წლიდან 14 წლამდე აუცილებლად დამატებითი ვაქცინა გვჭირდება.
ანტიტეტანური და ცოფის საწინააღმდეგო მკურნალობა კომბინირებული მკურნალობაა. ის როგორც ადგილობრივად, ჭრილობის პირველად ქირურგიულ დამუშავებას გულისხმობს, ასევე, რა თქმა უნდა, შემდგომი ეტაპი ვაქცინაციაა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია. პირველ რიგში, სახლის პირობებში, შეგვიძლია, გამდინარე, საპნიანი წყლით ჭრილობა მრავალჯერადად ჩამოვბანოთ. კონცენტრაციას, თუ ნერწყვის რა რაოდენობა ხვდება ჭრილობაში, დაავადების განვითარებაში დიდი მნიშვნელობა აქვს. თუ ანტისეპტიკური ხსნარები გვაქვს, ჭრილობა სუფთად უნდა გადავახვიოთ და ამის შემდეგ შესაბამის დაწესებულებას აუცილებლად უნდა მივმართოთ, სადაც ქირურგი ჭრილობას სრულყოფილად შეაფასებს.
იხილეთ გადაცემა სრულად: