უკრაინელი მოდელი, მარია კოვალჩუკი, რომელიც რამდენიმე თვის წინ დუბაიში, სამშენებლო ობიექტთან დასახიჩრებული იპოვეს, გამოჯანმრთელდა და მედიასთან შემთხვევის დეტალებზე ისაუბრა. მარია იხსენებს იმ მოვლენებს, რომლებიც იქამდე განვითარდა, ვიდრე გოგონა მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში აღმოჩნდებოდა…
აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა მოდელი კომაში იყო. შემთხვევა რამდენიმე თვის წინ მოხდა. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ინტერნეტში არაერთი განსხვავებული ვერსია ვრცელდებოდა. მარია კოვალჩუკი დუბაიში, დახურულ წვეულებაზე იმყოფებოდა.
გოგონას ნათესავები დარწმუნებულები არიან, რომ მარია ძალადობის მსხვერპლი იყო. როგორც დედა იხსენებს, როდესაც მარია კომიდან გამოვიდა, ახლობლებს სრულიად გულგრილად ათვალიერებდა და არ საუბრობდა. თუმცა, ახალგაზრდა მოდელმა ცოტა ხნის წინ გადაწყვიტა, ჩვენება მიეცა და ამავდროულად, ამბავი მედიასთანაც გაიხსენა.
მარია ჯერ კიდევ გამოჯანმრთელების პროცესშია. დედის თქმით, გოგონას დღემდე ცხრა ოპერაცია აქვს გაკეთებული და, სავარაუდოდ, კიდევ ერთის გაკეთება მოუწევს.
"ახლა თავს ბევრად უკეთესად ვგრძნობ. სიარული შემიძლია. რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, სიარულს ბევრად უფრო გამართულად შევძლებ." - ამბობს კოვალჩუკი.
მარია ასევე აღნიშნავს, რომ ერთი ფეხის მოტეხილობა ჯერ ბოლომდე არ შეხორცებულა და შესაბამისად, გადაადგილება ისევ უჭირს. ჯერჯერობით, ახალგაზრდა მოდელი გადასაადგილებლად ეტლს იყენებს.
კოვალჩუკის თქმით, ის დუბაიში მეგობრების მოსანახულებლად გაფრინდა. დასვენებას, ლამაზი ვიდეოების გადაღებასა და მაღაზიებში სხვადასხვა ნივთის შეძენას გეგმავდა. დაბადების დღე საყვარელი ადამიანების გარემოცვაში აღნიშნეს და ასევე ნაცნობ ფოტოგრაფთან ფოტოსესიები გამართეს. მას შემდეგ, რაც მისი მეგობრები რუსეთში დაბრუნდნენ, გოგონა მარტო დარჩა. როგორც თავად ამბობს, დუბაიში კიდევ ერთი ბარტერული ფოტოსესია ჰქონდა.
როგორც ახალგაზრდა მოდელი ამბობს, იქიდან ტაილანდში უნდა გაფრენილიყო, თუმცა ფრენამდე ჩაეძინა. როდესაც სასტუმროს ფოიეში ჩემოდნებით ხელში ჩავიდა, შეხვდა ბიჭს, რომელიც წინა დღეს კარაოკე-ბარში გაიცნო. მათ კონტაქტები გაცვალეს და ისაუბრეს.
"ის მეგობრებთან ერთად იყო. ჩემი ამბავი მოვუყევი. ვუთხარი, რომ თვითმფრინავზე დამაგვიანდა და ჩემი ბილეთიც გაუქმდა. მათ დახმარება შემომთავაზეს. მითხრეს, რომ შემეძლო, ოთახში მათთან ერთად წავსულიყავი და ისინი დამეხმარებოდნენ. უფრო სწორად, არტემი დამეხმარებოდა." - იხსენებს მარია.
მისი თქმით, ბიჭმა მამას დაურეკა და კერძო თვითმფრინავით გაფრენას დაჰპირდა. მარია აღნიშნავს, რომ არტემი და მისი მეგობრები ფხიზლები იყვნენ და მათთან ერთად ვერანაირი საფრთხე ვერ იგრძნო. დედასაც კი დაურეკა და უთხრა, რომ ყველაფერი კარგად იყო.
"საბოლოოდ, ყველაფერი კარგად მიდიოდა. თუმცა, მეორე დღეს ბიჭები რაღაცაზე გაბრაზდნენ და ალკოჰოლის საყიდლად წავიდნენ." - ამბობს მარია.
ოთახში კიდევ ორი გოგონა იყო - მილენა და ალექსანდრა. ისინი მეგობრობდნენ და ბიჭებსაც იცნობდნენ. როდესაც ახალგაზრდები ალკოჰოლით დაბრუნდნენ, მათი ქცევა აბსოლუტურად შეიცვალა.
"მათ დალევა დაიწყეს. თავიდან მსუბუქად მაწუებდნენ და დასალევს მთავაზობდნენ. შემდეგ კი, დამცინოდნენ. მეუბნებოდნენ: "შენ ჩვენი ხარ, რასაც გვინდა, იმას გავაკეთებთ.“ ვცდილობდი, ეს ხუმრობად აღმექვა, მაგრამ უცნაური იყო. ბიჭებმა შეუფერებლად დაიწყეს მოქცევა, იატაკზე ბოთლებს ამსხვრევდნენ - ყველაფერი მინით იყო მოფენილი. სიარული შეუძლებელი გახდა. შემდეგ, პირადი ნივთები წამართვეს." - იხსენებს მარია.
მოგვიანებით, ალექსანდრა მერცალოვამ მარიას ტანსაცმელი აიღო და, მისი თხოვნის მიუხედავად, ნომრიდან გავიდა. კოვალჩუკს არ ესმის, როგორ ვერავინ გაიგო, თუ რა ხდებოდა იმ ოთახში. მისი თქმით, სიტუაცია სულ უფრო მეტად იძაბებოდა.
როგორც ახალგაზრდა მოდელი იხსენებს, ბიჭები ინტიმურ ურთიერთობას სთხოვდნენ. მისგან უარი რომ მიიღეს, აგრესია კიდევ უფრო მეტად გაძლიერდა.
"მივხვდი, რომ რაღაც არანორმალური ხდებოდა. ვცდილობდი, აივანზე გავსულიყავი და მეზობლებისათვის დახმარება მეთხოვა. მაგრამ, უკანვე შემომიყვანეს. სანამ ისინი აივანზე იყვნენ, ოთახიდან გაქცევა მოვახერხე, მაგრამ უკან გამომყვნენ." - იხსენებს მარია. მისი თქმით, თავი მშენებარე შენობას შეაფარა.
"მშენებარე შენობა იყო. იატაკზე ვიჯექი და მათი ხმები მესმოდა. ამის შემდეგ აღარაფერი მახსოვს. შესაძლოა, თავში ძლიერად ჩამარტყეს. ერთადერთ, რაც მახსოვს, არის ის, რომ გამვლელი მანქანების გაჩერებას ვცდილობდი. ქუჩიდან ხალხმა სასწრაფო დახმარება გამოიძახა." - ამბობს გოგონა.
გოგონა ამბობს, რომ მასზე სექსუალურად არ უძალადიათ. თუმცა, მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს. მარია დარწმუნებულია, რომ ისინი ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ იყვნენ.
გოგონა ამბობს, რომ დუბაიში გაცნობილი ახალგაზრდები მდიდარი ოჯახის შვილები იყვნენ. ერთ-ერთი მათგანია არტემ პაპაზოვი, ბიზნესმენ ოლეგ პაპაზოვის ვაჟია, რომელიც Cinnabon-ისა და Pap Burger-ის ქსელებს ფლობს. ალექსანდრა მერცალოვა ბლოგერი და მოსკოვში სამედიცინო ცენტრის მფლობელის ქალიშვილია. მილენა დოლგანოვა კიეველი მეწარმის 16 წლის ქალიშვილია, რომელიც ამჟამად უზბეკეთში მუშაობს.
მარიას დედა ამბობს, რომ პოლიცია საქმეს ობიექტურად არ იძიებს. მონაწილე პირები კი მიმალვას გეგმავენ. ასევე, ცნობილია, რომ შემთხვევაში მონაწილე პირები 7 დღით დააკავეს. პროკურორები პირობას დებდნენ, რომ ამ საქმეს ბოლომდე მიიყვანდნენ, თუმცა მეორე დღეს სამივე გაათავისუფლეს…
დედის თქმით, საქმეში მოგვიანებით ცრუ ჩვენება გამოჩნდა. კერძოდ, სასამართლოში მარიას სახელით ხელმოწერილი დოკუმენტია, სადაც აღნიშნულია, რომ გოგონამ თვითმკვლელობა სცადა… ქალი ასევე აღნიშნავს, რომ პოლიციამ ვიდეომტკიცებულებების მოპოვება და შენახვა დააგვიანა. მისი თქმით, სასტუმროს კამერები ჩანაწერებს მხოლოდ სამი თვის განმავლობაში ინახავს და როდესაც ადვოკატმა ჩანაწერები მოითხოვა, აღმოჩნდა, რომ ისინი უკვე წაშლილი იყო.
ანამ ახალგაზრდების ოჯახებთან დაკავშირებაც სცადა, მაგრამ არავინ უპასუხა. ის ვარაუდობს, რომ მათ სერიოზული კავშირები და ფული აქვთ და ამ საქმესაც ისე წარმართავენ, როგორც თავად აწყობთ…
როგორც მედიამ გაარკვია, იმ ღამეს მარიასთან ერთად ოთახში იმყოფებოდა ბიზნესმენ ოლეგ პაპაზოვის 19 წლის ვაჟი, რომელიც Cinnabon-ისა და Pap Burger-ის ქსელებს ფლობს. მისი უფროსი ძმა, ასევე ოლეგ პაპაზოვი, დიდი რუსული კომპანიის, Mega Group-ის, მფლობელია. ოჯახი დუბაიში მდიდრულად ცხოვრობს. ოთახში ასევე ალექსანდრა მერცალოვა, 19 წლის წარმატებული ბლოგერი იყო. ასევე, იქ მილენა დოლგანოვა, 16 წლის გოგონა იმყოფებოდა. მამამისმა კიევში ალკოჰოლური სასმელების ბიზნესით დაიწყო მოღვაწეობა და ამჟამად უზბეკეთში რამდენიმე კომპანიას მართავს. ის ასევე საკუთარ თავს ფსიქოანალიტიკოს-ტრენერსა და ბიზნეს კონსულტანტს უწოდებს.
მათ გარდა, წვეულებაზე კიდევ ორი ადამიანი იმყოფებოდა - რუსი მაქსიმ კრაშენინიკოვი და 29 წლის ბელორუსი ალექსანდრ ლატინსკი. მარიას თქმით, კრაშენინიკოვი საკმაოდ ადრე წავიდა და ძალადობაში მონაწილეობა არ მიუღია.
ანა, მარიას დედა, ამბობს, რომ ყველაფერი, რაც მოხდა, კარგად დამკვიდრებულ სქემას ჰგავს: „მაშას მსგავსი ადამიანები, ლამაზები, ახალგაზრდები, დაუცველები, სამიზნეები ხდებიან. ეს ბიჭი კარაოკე ბარში „შემთხვევით“ აღმოჩნდა, სწორედ იმ მომენტში, როდესაც მაშა უსახლკაროდ და ბილეთის გარეშე დარჩა. ეს ყველაფერი დადგმული იყო. დარწმუნებული ვარ, ეს ხალხის გაყიდვით ფულის შოვნის საშუალებაა - ბოლოს და ბოლოს, არც ერთი მათგანი არ მუშაობს."
ახლა მარია მკურნალობას აგრძელებს და რეაბილიტაციის კურსს გადის. ანა კი სამართლებრივ ბრძოლას აპირებს. თუმცა, როგორც თავად ამბობს, ჯერჯერობით გამოძიება არაობიექტურად მიმდინარეობს.