ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტი და მენტალური ჯანმრთელობა ბავშვებში - მშობლები

ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტი და მენტალური ჯანმრთელობა ბავშვებში

2025-07-22 11:41:02+04:00

სტატიის მხარდამჭერია: კორეული წარმოების ქეარსენსის გლუკომეტრი და ჩხირები

ავტორები:

თსსუ ენდოკრინოლოგიის დეპარტამენტის ხელ-ლი - პროფ. მარინე გორდელაძე

თსსუ ბავშვთა ენდოკრინოლოგიის რეზიდენტი - მარიამ ონიანი

როდესაც ბავშვს ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზი უდასტურდება, მთავარი ყურადღება, როგორც წესი, ექცევა ფიზიკურ ჯანმრთელობას — ინსულინთერაპიას, გლუკოზის დონის კონტროლს, კვებასა და თანმხლები გართულებების პრევენციას. ფიზიკური სირთულეები ხილულია, მაგრამ ხშირად შეუმჩნეველი რჩება დიაბეტის გავლენა ბავშვის ემოციურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე. ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები აღიარებულია ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტის ერთ-ერთ ყველაზე ხშირ და უმეტესად შეუმჩნეველ გართულებად. ამ სტატიაში ვისაუბრებთ, როგორ აისახება დიაბეტის დიაგნოზი ბავშვის ფსიქიკურ მდგომარეობაზე, როგორ შევამჩნიოთ მისი სიმპტომები, რა ნაბიჯები გადავდგათ ბავშვის დასახმარებლად და როგორ შეუძლია თანამედროვე ტექნოლოგიებს შეამსუბუქოს ეს ტვირთი.

ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტი არ განეკუთვნება ისეთ დაავადებებს, რომელსაც გარკვეული დროის განმავლობაში ვუმკურნალებთ და გაივლის. ეს ცხოვრების განუყოფელი ქრონუკული მდგომარეობაა, რომელიც მუდმივ ყურადღებას მოითხოვს – დღისით და ღამით, სკოლაში, თამაშის დროს და თუნდაც დასვენებისას. სწორედ ეს მუდმივობა ქმნის ემოციურ ფონს, რაც ყოველდღიურად მოქმედებს როგორც ბავშვის, ისე მშობლის მდგომარეობაზე.

გლუკოზის გაზომვა კლასში, ინსულინის გაკეთება სკოლაში კვების დროს ან სპორტული დატვირთვისას ჰიპოგლიკემიის შიში – ეს ყველაფერი შეიძლება იყოს უხერხულობის, შფოთვისა და „დამალვის“ სურვილის გამომწვევი. ეს განცდები რეალურია!

გასათვალისწინებელია ბავშვის ასაკი და პიროვნული თავისებურებები. მაგალითად, მოზარდობის პერიოდში ამ ყველაფერს ემატება დამოუკიდებლობის სურვილი. ინსულინის დოზების გამოტოვება, გლუკოზის იშვიათი კონტროლი, ყოველდღიური წესების იგნორირება, განცდა, თითქოს დიაბეტი აკონტროლებს ცხოვრებას და ყველაფრისთვის თავის დანებების სურვილი - ეს აღწერს მდგომარეობას, რომელსაც ხშირად დიაბეტურ გადაღლას ვუწოდებთ. ასეთი ემოციების ფონზე ბავშვებმა შეიძლება დაკარგონ ინტერესი საყვარელი აქტივობების მიმართ, გახდნენ ემოციურად ლაბილურები და სოციალურად იზოლირდნენ. მოზარდის მსგავსი ქცევები უფროსებში ხშირად ბრაზს იწვევს, თუმცა სინამდვილეში ეს არის სიგნალი, რომ ბავშვს მტკიცე მხარდაჭერა, გაგება და პროფესიული დახმარება ესაჭიროება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი აღვიქვათ და გავიგოთ არა როგორც სისუსტე ან „ცუდად მოვლის შედეგი“, არამედ როგორც პროცესის ნაწილი და ბუნებრივი, ადამიანური რეაქცია რთულ ყოველდღიურობაზე.

იმის გაცნობიერება, თუ რას გრძნობს ბავშვი, მშობელს ეხმარება შვილის უკეთ მხარდაჭერაში. აქ მოცემულია რამდენიმე ფსიქოლოგიური ეტაპი, რომელიც შეიძლება გაიარონ ბავშვებმა და მათმა ოჯახის წევრებმა დიაგნოზის დასმის შემდეგ:

  • უარყოფის, გაოგნების ფაზა - ამ დროს ხშირია უნდობლობა და აგრესია სამედიცინო პერსონალისადმი, დიაგნოზის მიუღებლობა და ალტერნატიული გზების ძიება. ამ პერიოდის გახანგრძლივება დაკავშირებულია ჰოსპიტალიზაციის მაღალ რისკთან რეკომენდაციების შეუსრულებლობის გამო.
  • ბრაზის, იმედგაცრუების ფაზა - განსაკუთრებით ხშირად ისმის ისეთი ფრაზები, როგორიცაა, მაგალითად, „რატომ მე / ჩემი შვილი?“. მოზარდებში ეს ეტაპი შეიძლება გამძაფრდეს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დიაბეტის მართვა დამოუკიდებლობის ან სოციალური ცხოვრების ბარიერად აღიქმება.
  • სევდის, დეპრესიის ფაზა - „ნორმალური ცხოვრების“ დაკარგვის გამო გამოწვეული მწუხარება შეიძლება დეპრესიაში გადაიზარდოს, განსაკუთრებით თუ ბავშვს ემოციური მხარდაჭერა აკლია ან ფიქრობს, რომ მას ვერავინ უგებს. ეს ეტაპი ჩარევისთვის კრიტიკული მომენტია.
  • დაავადების გაცნობიერება - დროთა განმავლობაში, მხარდაჭერითა და წახალისებით, ბავშვებისა და მათი მშობლების უმეტესობა თანდათან ეგუება სიტუაციას და იწყებენ დიაბეტის, როგორც ცხოვრების ნაწილის მიღებას.

მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ ეს ეტაპები ყოველთვის თანმიმდევრული არ არის — ბავშვები გარკვეულ სტრესულ პერიოდებში შეიძლება დაუბრუნდნენ წინა ეტაპებს, მაგალითად: ავადობისას, პუბერტატის დროს, გარემოს შეცვლისას, გადაღლისას ან სოციალურ სირთულეების ფონზე.

ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტით ცხოვრებაში ადაპტაცია ბავშვისთვის ბევრად მარტივია, როცა მის გვერდით თავდაჯერებული, ყურადღებიანი და ემპათიური მშობელია. მშობლის როლი არ შემოიფარგლება მხოლოდ გლუკოზის კონტროლით ან ინსულინის დოზების სწორად გამოთვლით - ის მოიცავს ემოციურ მხარდაჭერას, უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფას და საჭირო რესურსებზე დროულ წვდომას. ბავშვებისთვის გადამწყვეტია, როგორ რეაგირებს მშობელი დაავადებაზე. თუ მშობელი ინარჩუნებს სიმშვიდეს და თავდაჯერებულობას, ბავშვიც თავს უფრო დაცულად გრძნობს. გულწრფელი დიალოგი ბავშვთან აუცილებელია - ჰკითხეთ ხოლმე შვილს: “რა იყო დღევანდელი დღის ყველაზე რთული მომენტი დიაბეტთან დაკავშირებით?” ან “გეშინია ხოლმე სკოლაში გლუკოზის ვარდნის?”. არ არის საჭირო მყისიერი გამოსავალი იპოვოთ - ხშირად მთავარი სწორედ მოსმენა და თანადგომაა. ტიპი 1 შაქრიან დიაბეტთან არც ბავშვი და არც მშობელი მარტო არ უნდა დარჩეს. დროულად უნდა შექმნათ მხარდამჭერი წრე, რომელიც მოიცავს ბავშვზე ორიენტირებულ ფსიქოლოგს, სკოლის ექიმსა და მასწავლებლებს. მნიშვნელოვანია თანატოლებთან ურთიერთობაც - მსგავსი გამოცდილების მქონე ბავშვებთან კონტაქტი ამცირებს იზოლაციის შეგრძნებას და ამაღლებს თვითშეფასებას. ყურადღება მიაქციეთ ბავშვის ემოციურ ცვლილებებს - გულჩათხრობილობას, ინტერესების დაკარგვას, შფოთვის ნიშნებს. თუ რამე დაგაეჭვებთ, ნუ გადადებთ სპეციალისტთან მიმართვას. ფსიქიკური სირთულეების ადრეული ამოცნობა და ჩარევა მნიშვნელოვნად ზრდის წარმატებული ადაპტაციის შანსს.

glukometri-1753170266.jpg

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ფსიქოლოგიურ თანადგომასთან ერთად დიდ დახმარებას გვიწევენ თანამედროვე ტექნოლოგიებიც. ე.წ. ჭკვიან მოწყობილობებს შეუძლიათ მნიშვნელოვნად შეამსუბუქონ როგორც ბავშვის, ისე ოჯახის ყოველდღიური რუტინა და ემოციური ფონი. ერთ-ერთი ასეთი მოწყობილობაა გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის სისტემა (CGM) - პატარა სენსორი, რომელიც კანზე ფიქსირდება და გლუკოზის დონეს რეალურ დროში ზომავს. ის მუდმივად აღრიცხავს გლუკოზის ცვლილებებს და გამაფრთხილებელ სიგნალს გზავნის ჰიპერ- და ჰიპოგლიკემიისას, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს გლუკოზის მოულოდნელი ვარდნის ან მატების შიშს. ამის შედეგად ბავშვი თავს უფრო დამოუკიდებლად და უსაფრთხოდ გრძნობს, მშობელს კი შეუძლია მუდმივი კონტროლის პასუხისმგებლობა ნაწილობრივ ტექნოლოგიას გადააბაროს.

მართალია ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტი დღევანდელი მედიცინის პირობებში დიაგნოზია, რომელიც მთელი სიცოცხლის განმავლობაში გაგყვება, მაგრამ ის არ უნდა გახდეს ბავშვის შესაძლებლობების ზღვარი. სწორად ჩამოყალიბებული ემოციური გარემო, კვალიფიციური დახმარება და თანამედროვე საშუალებების გამოყენება აყალიბებს ისეთ მხარდაჭერის სისტემას, რომელიც ბავშვს სრულფასოვნად ცხოვრების საშუალებას აძლევს. დიაბეტი არ არის მხოლოდ გლუკოზის დონე — ის არის ცხოვრების ახალი წესი, რომელთან ადაპტაცია ცოდნას, გაგებასა და თანაგრძნობას მოითხოვს.

იზრუნე წინასწარ - Caresens

R