მარიამ აფრასიძე-დადეშქელიანი, 33 წლის გოგონაა, რომელმაც ტიკ-ტოკზე გამოჩენისთანავე დიდი პოპულარობა მოიპოვა. უყვარს ეროვნული სამოსის ტარება და ქართული ფოლკლორი. მარიამს 2 შვილი ჰყავს და თვლის, რომ მისი მთავარი მისია შვილების ტრადიციულად აღზრდაა. ის საკუთარი ცხოვრების სტილის შესახებ გადაცემაში "დღის პოსტი" საუბრობს:
- ხალხური, მთის სიმღერები ძალიან მიყვარს. როდესაც თავშალს ვატარებ, მგონია, უცებ გადავსხვაფერდები და ვხვდები იმ გარემოში, სადაც თავშლიანი დედაკაცები არანაირ სამუშაოს არ თაკილობდნენ, ვაჟკაცურად იყვნენ. ჩემთვის ეს, პირველ რიგში, ქალურობასთანაა დაკავშირებული. ეკლესიაშიც თავშლით შევდივარ. მთის შვილი ვარ. ჩემს ვიდეოებს ძალიან ხშირად ვუყურებ ხოლმე. მინდოდა, მანდილში სიმღერებით ქართველი ქალის სახე გადმომეცა. როდესაც პირველ ვიდეოს გამოხმაურება მოჰყვა, მერე აქტიურობას მოვუმატე. ადამიანები დადებითად იყვნენ განწყობილნი.
ბებიაჩემი ყველაფერს მისწორებდა. მეუბნებოდა, ქალს არ შეეფერებაო. შეიძლება, ეს დღევანდელმა თაობამ არასწორად მიიღოს. ჩარჩოებში ჩასმა არ მოსწონთ. მაგრამ, თუ ქალი ხარ, რაღაც ჩარჩოებში ასე თუ ისე უნდა ვიჯდეთ. არ ვიძახი იმას, რომ ყველაფერზე თავი დავხაროთ. არა, პირიქით, ხმაც უნდა ავიმაღლოთ და თუ სათანადო მამაკაცი გვყავს, სწორად მიგვიღებენ იმიტომ, რომ ჩვენ ქალები ვართ და ცოტა შეგვეფერება. ძალიან დიდი სიამაყით ვამბობ, რომ სვანი ვარ. სვანი ქალები მკაცრი გამომეტყველებით გამოვირჩევით. ჩვენი ძირძველი ენები ყველა ქართველმა უნდა იცოდეს. ვცდილობ, ჩემს შვილებს სვანურად ვესაუბრო.
რაც შეეხება ტრადიციების სიყვარულს, ეს ახალგაზრდობაში აუცილებლად უნდა ჩაინერგოს. აუცილებლად ვიცხოვრებდი მეფეებისა და დედოფლების დროს… ძალიან მომწონს ის პერიოდი, ის ისტორიები, რასაც ვისმენ. შეიძლება, ჩოხა-ახალუხით სიარული კომფორტული არ იყოს, მაგრამ პატარა ელემენტები შეგვიძლია, გამოვიყენოთ, ყაბალახი მოვისხათ. ქამარი, ჩანთა შესაბამისი ორნამენტებით, ან თავშალი გავიკეთოთ.
ჩემს გოგონას ეს ყველაფერი ძალიან მოსწონს. ეს მისი ნებაა, თავშალს გაიკეთებს თუ არა. წიგნივით დავუდებ ყველაფერს და ავუხსნი. ვთვლი, რომ შვილებთან მკაცრი ვარ. სიმკაცრე საჭიროა, რომ ბავშვებმა რაღაცები სწორად მიიღონ. ჩვენს ოჯახში ცხენი ყოველთვის იყო. თუ მამა სადმე მიდიოდა, მე უნდა შემემზადებინა. იარაღიც სულ იყო. მამა აფხაზეთის ომში იბრძოდა და როცა იარაღს დაშლიდა და გაწმენდას დააპირებდა, ყველაფერში მონაწილეობას ვიღებდი. სხვანაირად, ხისტად აღვიზარდე.
ვისურვებდი, ჩვენი ახალი თაობა კარგები და ლაღები ყოფილიყვნენ. ყველაფრის არსი სიყვარულია. გულში უნდა ჰქონდეთ სიყვარული, ყველაფრის მიმართ. მერე, ალბათ, ყველაფერი კარგად იქნება.