პრინცი უილიამისა და პრინცი ჰარის 20 წლის ნათესავი, როზი როში, უილტშირის საგრაფოში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ამბავი ბრიტანულმა გამოცემებმა გაავრცელეს, რასაც საზოგადოების გამოხმაურებაც მოჰყვა.
ოფიციალური ვერსიით, როზი როში თავის მძიმე ტრავმით გარდაიცვალა. ვილტშირისა და სვინდონის სასამართლო ექსპერტიზის ბიურომ „Page Six“-თან დაადასტურა, რომ გოგონა თავის ტრავმული დაზიანებით დაიღუპა. დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე არ გაჟღერებულა.
20 წლის როზი პრინცესა დიანას ბიძის შვილიშვილი და შესაბამისად, უილიამისა და ჰარის ნათესავი იყო. მისი ცხედარი დედამ და დამ – ფილიპამ და აგათამ – საკუთარ ოთახში იპოვეს. მანამდე გოგონა მეგობრებთან ერთად გასამგზავრებლად ემზადებოდა. ოთახში, ცხედართან ახლოს, ცეცხლსასროლი იარაღიც იპოვეს.
მიუხედავად იმისა, რომ პოლიცია ძალადობრივ ნიშნებს არ აფიქსირებს და აცხადებს, რომ საქმეს არ ახლავს საეჭვო გარემოებები, საზოგადოება მაინც დაინტერესებულია, თუ რა შეიძლებოდა ყოფილიყო ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების რეალური მიზეზი. როზი დურჰამის უნივერსიტეტში სწავლობდა და როგორც ამბობენ, აქტიური და სოციალურად ჩართული სტუდენტი იყო.
ბრიტანულ სამეფო ოჯახში ეს უკვე მეორე მძიმე ტრაგედიაა წელს. თებერვალში მსგავს ვითარებაში ლედი გაბრიელა უინძორის ქმარი, 45 წლის ფინანსისტი თომას კინგსტონი გარდაიცვალა, რომელმაც ანტიდეპრესანტების მიღებას სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე შეწყვიტა. მის გვერდითაც იპოვეს იარაღი და საქმეს მაშინაც არ ჰქონია დანაშაულის ნიშნები.