როკის ლეგენდა ოზი ოსბორნი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. სიკვდილამდე რამდენიმე წლით ადრე პარკინსონის დიაგნოზი დაუსვეს და სცენაზე ძირითადად ტახტზე მჯდარი გამოდიოდა.
ნამდვილი სახელი ჯონ მაიკლ ოსბორნია. 1948 წლის 3 დეკემბერს დაიბადა ინგლისში, ბირმინგემში, მუშათა კლასის დიდ ოჯახში. მას ჰყავდა ექვსი და-ძმა: სამი და და სამი ძმა.მამა ჯონ ტომას ოსბორნი ავტოქარხანაში მუშაობდა. იქვე მუშაობდა დედა, ლილიან ოსბორნი. მათი სახლი იყო პატარა, ბირმინგემის ინდუსტრიულ რაიონში და საკმაოდ უჭირდათ. ერთხელ ოზი იხსენებდა: „ბავშვობაში მეშინოდა სიღარიბის. მეზობელთან ტელევიზორის ყურება უკვე სასწაული იყო". ხშირა ღუმელსაც ვერ ანთებდნენ და ცივ სახლში ეძინათ.
გარდა გაჭირვებისა, ოზის დისლექსია ჰქონდა და მეტყველების პრობლემები, რაც ართულებდა სკოლაში სწავლას.
ერთადერთი, რაც მას სიამოვნებდა და კარგად გამოსდიოდა, მუსიკა იყო და სწორედ ამ მიმართულებით განაგრძო საქმიანობა.
1970-იან წლებში ბირმინგემელ ახალგაზრდებთან ერთად დააარსა ჰევი მეტალის ლეგენდარული ბენდი Black Sabbath და ოზი ოსბორნის სახელი მალე მსოფლიომ გაიგო.
თუმცა ოზის არც ისე მორჩილი ხასიათი ჰქონდა, ალკოჰოლს და ნარკოტიკებსაც ეტანებოდა. ამის გამო მალე დაიწყო კონფლიქტი ჯგუფში და 1979 წელს გამოაგდეს ჯგუფიდან. ეს გახდა გადამწყვეტი მომენტი მის ცხოვრებაში. სოლო კარიერა დაიწყო და წარმატებამ არც აქ დააყოვნა, ქარიზმატული მომღერალი გამორჩეული ხმით სცენებს იპყრობდა. მისი უჩვეულო და არაორდინარული ქცევებიც აოცებდა ხალხს. 1982 წელს კონცერტზე სცენაზე ნამდვილი ღამური შეჭამა - ამბობს, რომ ეგონა ის პლასტმასის იყო. ეს ინციდენტი გახდა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და სკანდალური მუსიკის ისტორიაში...
ოზის სოლო კარიერა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული გახდა ჰევი მეტალში – გაყიდულია 100 მილიონზე მეტი ალბომი მისი კარიერის განმავლობაში.
ოზის გულშემატკივრების აზრით, ყველაზე მეტად მას მაინც ცოლში გაუმართლა. შერონ ოსბორნი მისი არა მხოლოდ ცოლი გახდა, არამედ მეგობარი, პროდიუსერი, მენეჯერი, საყრდენი.
როდესაც ის გამორიცხეს Black Sabbath-დან, შერონი გახდა მისი მენეჯერი. შერონმა გადაარჩინა ოზის კარიერა: მან მართა მისი სოლო კარიერა და დაგეგმა მთელი კარიერული სტრატეგია. წყვილმა 1982 წელს იქორწინა და სამი შვილი ეყოლათ: ემი ოსბორნი, რომელსაც დღეს მუსიკალური კარიერა აქვს ARO-ს ფსევდონიმით. კელი, მომღერალი და მოდის კრიტიკოსი, რომელიც ცნობილია თავისი ტრანსფორმაციით - დაამარცხა საკმაოდ დიდი წონა. 2022 წელს დედაც გახდა და ოზის შვილიშვილი აჩუქა.
ვაჟი ჯეკ ოსბორნი პროდიუსერი და რელიგიური შოუების წამყვანია. თინეიჯერობაში ნარკოტიკების პრობლემები ჰქონდა, თუმცა დაამარცხა.
ოზის ოჯახი განსაკუთრებით ცნობილი გახდა რეალური შოუს წყალობით, რომელიც ასევე შერონის იდეა იყო. ოსბორნების შოუ წლები ინარჩუნებდა პოპულარობას და რეიტინგს რეალურ შოუებს შორის.