10 წიგნი, რომელიც მთაში უნდა წაიკითხო - მშობლები

10 წიგნი, რომელიც მთაში უნდა წაიკითხო

2025-07-23 16:20:22+04:00

კითხვა ყველგან სასიამოვნოა, თუმცა არსებობს გარკვეული ადგილები, სადაც ეს პროცესი განსაკუთრებულ ხიბლს იძენს. ცივილიზაციის ხმაურისგან მოშორებით, ბუნების სიჩუმესა და სიმშვიდეში კითხვა სულ სხვაგვარ გამოცდილებასა და შთაბეჭდილებებს სთავაზობს ადამიანს.

მთის უნიკალური გარემო, სუფთა ჰაერი, პანორამული ხედები, ტყის შრიალი და ფრინველების სასიამოვნო ხმები ხელს უწყობს კონცენტრაციას. ასეთ გარემოში წიგნი თითქოს თავად გესაუბრება, შენი მეგობარი ხდება. ფურცლებიდან მიღებულ ამბებსა და აზრებს კი სხვაგვარად უღრმავდები, ახალი იდეები გიჩნდება, ახალ გზებს ხედავ და მომავლის ახალი პერსპექტივები გეხსნება.

პასიური დასვენება, ჰამაკი და წიგნი მართლაც საუკეთესო რამ არის, რაც ყოველდღიური რუტინისგან დაღლილმა შეიძლება საკუთარ თავს აჩუქოთ. აქვე გირჩევთ რამდენიმე წიგნს, რომლებიც თქვენი პასიური დასვენებისთვის იდეალურია.

„პირველი ორი წრე“, ნაირა გელაშვილი

რა ხდება მაშინ, როცა ვინმე იმისაგან განსხვავებულად აღწერს სინამდვილეს, როგორც ჩვენ ის წარმოგვიდგენია? ვბრაზდებით თუ ვცდილობთ, განსხვავებულში სიმართლის მარცვალი მაინც დავინახოთ და მერე ეს ყველაფერი ისევ ჩვენს სასარგებლოდ გამოვიყენოთ? რომანიდან ჩანს, რომ სინამდვილის ამა თუ იმ ინტერპრეტაციაზე გაბრაზებაც კი უკვე სინამდვილის გააზრებაა. და ეს უკვე კარგია, რადგან რეალურად კატასტროფა სინამდვილეზე ურეაქციობას, სინამდვილის გაუაზრებლობას და მის აუთვისებლობას მოსდევს და ისტორიაში თუ თანამედროვეობაში, ასე, გაუაზრებლად დატოვებული ნებისმიერი მოვლენა მერე სასტიკად იძიებს შურს ჩვენსავე მომავალზე. ამიტომაც, სხვა ყველა ღირსებასთან ერთად, ნაირა გელაშვილის „პირველი ორი წრე და ყველა სხვა“ იმით არის უმნიშვნელოვანესი რომანი, რომ საქართველოს უახლესი წარსულის სიღრმისეული გააზრების მცდელობას წარმოადგენს.

„ლისაბონის ღამე“, ერიხ მარია რემარკი

ევროპა მეორე მსოფლიო ომის ზღვარზეა. ნაციზმი მძლავრობს და მთელ ხალხებსა და ქვეყნებს აჩანაგებს, ადამიანებს კი ართმევს უკანასკნელ - პატივს და ღირსებას - აიძულებს მიატოვონ საკუთარი სამშობლო და სხვა ქვეყნებში გადასახლდნენ. რომანის გმირების სულიერი სამყარო და დატრიალებული უბედურება საბედისწეროდ ერწყმის ერთმანეთს. ავტორი თითქოს თავად გვევლინება მთხრობლის როლში და გვიამბობს იმ ადამიანთა გრძნობებსა და განცდებზე,რომლებიც ცდილობენ ამ ძნელბედობის ჟამს შეინარჩუნონ არა მხოლოდ სიცოცხლე,არამედ ადამიანური სახე.

„იძულებით გათხოვილი“, ლეილა

საფრანგეთში ყოველწლიურად 50 000 გოგონა იძულებითი ქორწინების მსხვერპლია. ასეთი ქორწინება მახინჯი ტრადიციაა და მშობლების ინტერესებს ემსახურება... „ოცი წლის ვიყავი და სიყვარულით გათხოვებაზე ვოცნებობდი...“ კაცი, რომელიც თვალით არ უნახავს, მასზე თხუთმეტი წლით უფროსია, არ მოსწონს, არ უყვარს და მაინც აიძულეს, მისთხოვებოდა. „მამაჩემმა მითხრა: შენი ქმარი ის იქნება და სხვა არავინ, და მასთან ბედნიერად იცხოვრებ“. ქორწინების შესახებ გარიგება მაროკოში შედგა და საფრანგეთში იურიდიულად გაფორმდა.

„ევას სამი ქალიშვილი“, ელიფ შაფაქი

პერი, შირინი და მონა ერთმანეთისგან სრულად განსხვავებული სამი მეგობარია, სამი მუსლიმი - აღმოსავლეთის შვილი. ოქსფორდის უნივერსიტეტში სწავლობენ, ევროპის ცენტრში. უყვართ, სძულთ, ერთგულობენ, განიცდიან, ბრაზობენ, ღალატობენ - ისეთი ვნებით, როგორიც 19-20 წლის ახალგაზრდებს სჩვევიათ... და ამ ვნებებში ბოლომდე იხარჯებიან, როგორც ნებისმიერი მათ ასაკში. ამ ასაკმა, მათმა გულწრფელობამ და უმანკოებამ თითქოს ყველა შეცდომა უნდა გააქარწყლოს, მაგრამ...

„იფიქრე სწრაფად, იფიქრე ნელა“, დანიელ კანემანი

ნობელის პრემიის ლაურეატისა და ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული თანამედროვე მეცნიერის, დანიელ კანემანის, რევოლუციური წიგნი "იფიქრე სწრაფად, იფიქრე ნელა“ ავტორის მრავალწლიანი სამეცნიერო მოღვაწეობის უმნიშვნელოვანეს შედეგებზე დაყრდნობით გვიყვება, იმაზე, თუ როგორ ხდება გადაწყვეტილებების მიღება აზროვნების ორი ერთმანეთისაგან განსხვავებული პროცესის - სწრაფი და ნელი აზროვნების შედეგად. წიგნი არაერთ მნიშვნელოვან კითხვაზეც დაგვაფიქრებს: მაგალითად, უნდა ვენდოთ თუ არა ჩვენს ინტუიციას? როგორ შეიძლება ავარიდოთ თავი უნებლიე შეცდომებს გადაწყვეტილებების მიღებისას ამ პროცესების გააზრების შედეგად?

„ჩემი საყვარელი ორეული“, ნინო ხარატიშვილი

სტელა ოცდაათი წლის ქალია, რომელიც პროფესიულ საქმიანობას ეწევა და მეუღლესთან ერთად ჰამბურგში ცხოვრობს. მისი მყუდრო ცხოვრება ნახევარძმის – ივოს მოულოდნელი გამოჩენით ირღვევა, რომელიც ოჯახში დიდი ხნის გაუჩინარების შემდეგ ბრუნდება. სტელასა და ივოს ამ შეხვედრის სცენები რომანში სულიერი ტრავმებით სავსე მათი ბავშვობის მოგონებებთან თავბრუდამხვევადაა გადახლართული.

რომანის მეორე ნაწილში სტელა ქმარ-შვილს ტოვებს და ივოს საქართველოში მიჰყვება, სადაც ივო ვითომდა გარკვეულ დოკუმენტებს იკვლევს, სინამდვილეში კი ერთი ოჯახის წარსულის გამოძიებას ცდილობს. ივოსთვის ნაცნობია ძალადობის, ღალატისა და გაშვილების მწარე გამოცდილება და იმედი აქვს, რომ სტელასთან ერთად სხვისი ოჯახური საიდუმლოს გამოძიებით საკუთარი ოჯახის მტკივნეული ისტორიის დაძლევასა და დავიწყებას შეძლებს.

ჩემი საყვარელი ორეული ამაღელვებელი და მომნუსხველი დრამაა, რომელშიც აკრძალული ვნებისა და წარსულისაგან განთავისუფლების მცდელობის მსოფლიო თემებია ასახული.

„წლები“, ანი ერნო

2022 წელს ანი ერნო გახდა ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი „გამბედაობისა და კლინიკური სიმძაფრისთვის, რომლითაც იგი ახსნის პირადი მეხსიერების ფესვებს, გაუცხოებას და კოლექტიურ იძულებას“. თავის უმთავრეს ნაწარმოებში, 2008 წელს გამოქვეყნებულ მემუარულ რომანში, „წლები“, საზოგადოების და ქალის ურთიერთობას აღწერს. რომანი არა მხოლოდ ერთი ქალის, არამედ მთელი თაობის ცხოვრების ანონიმური ისტორიაა, როგორც ერნო ამბობს, „ვირჯინია ვულფიდან სამოცდაათი წლის შემდეგ და მარგერიტ დიურასიდან ოცი წლის შემდეგ“. მწერალი მიჰყვება ურთიერთგამომრიცხავ შთაბეჭდილებებს მუდამ გაუგებარ რეჟიმში გა ტარებული ცხოვრებიდან და მას „უპიროვნო“ და კოლექტიური ავტობიო გრაფიის ფორმად აქცევს.

„ფუკოს ქანქარა“, უმბერტო ეკო

„ფუკოს ქანქარა” ცნობილი იტალიელი მწერლისა და მეცნიერის, უმბერტო ეკოს (1932-2016) მეორე რომანია, რომელიც ავტორის სადებიუტო „ვარდის სახელზე“ არანაკლებ პოპულარულია მთელ მსოფლიოში. განუმეორებელი სტილი - ისტორიული ფაქტებით მდიდარი, სახალისო და, ამავდროულად, სევდიანი თხრობა დღესაც, რომანის გამოცემიდან თითქმის 30 წლის შემდეგ, აჯადოებს მკითხველს.ერთ-ერთი მილანური გამომცემლობის რედაქტორები ოკულტური მეცნიერებებით, საიდუმლო საზოგადოებებით, მსოფლიო შეთქმულებებით ერთობიან. ასე, თამაშ-თამაშით, მოიფიქრებენ „გეგმას“, მაგრამ მეტისმეტი მოსდით: ვიღაც მართლა დაიჯერებს მათ შეთხზულ ისტორიას და დაუნდობელ ბრძოლას იწყებს საიდუმლოს გასაღების ხელში ჩასაგდებად

„ძველი გულებისა და ხმლისა“, აკა მორჩილაძე

რომანში მოქმედება 1828 წელს ხდება: მალე რუსეთ-ოსმალეთის ომი დაიწყება, საქართველოს დაპყრობიდან კი თითქმის მეოთხედი საუკუნეა გასული. რუსი დამპყრობლები არ იცნობენ ქართველებს და მათ კულტურას. ანდა რა გასაკვირია, თავად ქართველებიც ხომ არ იცნობდნენ საკუთარ კულტურასა და ერთმანეთს: მათაც საქართველო ხან ერთი ეგონათ და ხან ორი – ლიხს იქით და ლიხს აქეთ.

რუსი პოლკოვნიკისთვის სრულიად გაუგებარია, რატომ მოკლა ბადუნა ფავნელმა ოფიცერი გეხტი, რომელიც თბილისის ბაზარში რუსი ქალიშვილების თავის მოსაწონებლად სპარსელ მეშაქარლამეს ტკბილეულს უნადგურებდა.

ტყვეებით მოვაჭრე თათარი აზიზ-ბეი, ადამიანების გამტაცებელი ქართველი აჩიკ-ბაში, რუსი პოლკოვნიკი ენკელი, მისი ქალიშვილი ეკატერინა, ყაჩაღი გოგია ნუკრაძე, პორუჩიკი მანველოვი და ახალგაზრდა ქართველი აზნაური ბადუნა ფავნელი – ამ პერსონაჟების ბედი უცნაური ხლართებით უკავშირდება ერთმანეთს და გმირების ტრაგიკული ისტორია ერთი ამოსუნთქვით იკითხება.

„უკანა სახლი“, ანე ფრანკი

1942 წლის 12 ივნისიდან 1944 წლის 1 აგვისტომდე ანე ფრანკი დღიურში ჩანაწერებს აკეთებდა. თავიდან მხოლოდ თავისთვის წერდა, სანამ 1944 წლის გაზაფხულზე რადიო „ორანელში“ დევნილი მთავრობის განათლების მინისტრის, ბოლკესტეინის გამოსვლა არ მოისმინა. მინისტრმა განაცხადა, რომ ომის შემდეგ შეაგროვებდნენ და გამოაქვეყნებდნენ გერმანელი ოკუპანტების სისასტიკის მამხილებელ ყველა დოკუმენტსა და მასალას, მათ შორის დღიურებსაც. ამ გამოსვლამ ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა ანე ფრანკზე, რომ გადაწყვიტა, ომის შემდეგ წიგნი გამოეცა. საამისოდ კი დღიური გამოადგებოდა. ანე ფრანკი 1945 წლის მარტში, 15 წლის ასაკში გარდაიცვალა ბერგენ ბელზენის საკონცენტრაციო ბანაკში. ოტო ფრანკმა, რომელიც ცოცხალი გამოვიდა საკონცენტრაციო ბანაკიდან, აასრულა ქალიშვილის ნატვრა და მისი დღიური წიგნის სახით გამოაქვეყნა.

ამ და კიდევ სხვა არაერთი წიგნის შეძენა ბიბლუსის საზაფხულო კამპანიის „გადაფურცლე ზაფხული“ ფარგლებშია შესაძლებელი. მრავალფეროვან გამოცემებზე 50%-მდე ფასდაკლებით ისარგებლებთ როგორც ფიზიკურ მაღაზიებში მთელი ქვეყნის მასშტაბით, ისეონლაინ.

R