პედიატრები ასახელებენ 3 შეცდომას, რომლებსაც მშობლები ყველაზე ხშირად უშვებენ - მშობლები

პედიატრები ასახელებენ 3 შეცდომას, რომლებსაც მშობლები ყველაზე ხშირად უშვებენ

2025-07-24 11:23:16+04:00

პედიატრები ხშირად აღნიშნავენ, რომ მშობლები ზოგჯერ გარკვეულ მითებზე დაყრდნობით მოქმედებენ და ბავშვის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, გარკვეულ შეცდომებს უშვებენ. წარმოგიდგენთ რამდენიმე მათგანს:

1. "სარძევე კბილებს მკურნალობა არ სჭირდება"

ერთ-ერთი ყველაზე ხშირი და სახიფათო შეხედულებაა, რომ სარძევე კბილების მკურნალობა საჭირო არ არის, რადგან ისინი მაინც იცვლება. თუმცა რეალობა სხვაგვარია. კარიესი ინფექციაა, რომელიც სხვა კბილებზე ვრცელდება. თუ ერთ კბილს არ ვუმკურნალეთ, შესაძლებელია მალე მთელი პირის ღრუ დაზიანდეს. სარძევე კბილები იცვლება ნელ-ნელა, ამიტომ ღრმად დაზიანებული კბილები მუდმივ კბილებს უკავშირდება და შესაძლებელია ისინი ამოსვლისთანავე დაზიანდეს. გაფუჭებული კბილი კი ტკივილსა და დისკომფორტს იწვევს, რაც ბავშვის კვებასა და ზოგად განვითარებას უშლის ხელს. კარიესიანი კბილი ინფექციის წყაროა, რომელიც ორგანიზმში შეიძლება გავრცელდეს და სხვა ორგანოების ანთება გამოიწვიოს იმუნიტეტის დაქვეითებისას. სწორედ ამიტომ, სარძევე კბილებიც აუცილებლად უნდა ვუმკურნალოთ. პატარებს სტომატოლოგთან ვიზიტი რეკომენდებულია ყოველ 3 თვეში, რადგან მათთან კარიესის განვითარება გაცილებით სწრაფად მიმდინარეობს.

2. "ცხვირი სულ გაჭედილი აქვს - ალბათ ჰაიმორიტია"

ჰაიმორიტი, ანუ სინუსების ანთება, საკმაოდ მძიმე და უსიამოვნო მდგომარეობაა. ბავშვს აქვს ტემპერატურა, თავბრუსხვევა, სუნთქვის გაძნელება, ზოგჯერ ტკივილიც. მშობლები ხშირად ფიქრობენ, რომ თუ სურდო ორი კვირა არ გადის, ბავშვი აუცილებლად ჰაიმორიტით არის ავად. სინამდვილეში ჩვილებს ჰაიმორის ღრუები საერთოდ არ აქვთ. ისინი მხოლოდ ოთხი წლის ასაკიდან იწყებენ ჩამოყალიბებას. შესაბამისად, ამ ასაკამდე ჰაიმორიტის დიაგნოზი არ ისმება. თუმცა, თუ ბავშვს ხანგრძლივი სურდო აქვს, კონსულტაცია მაინც მნიშვნელოვანია, რათა დადგინდეს ზუსტი მიზეზი და დაგეგმოს მკურნალობა.

3. "დღეს კუჭში არგასულა, უნდა დავეხმაროთ"

ბევრ მშობელს აწუხებს ჩვილების შეკრულობა. ტირილი, შებერილი მუცელი და გაღიზიანება მშობელს აფიქრებინებს, რომ ბავშვი სასწრაფოდ დახმარებას საჭიროებს. ამ დროს ხშირად მიმართავენ ბებიების რჩევებს და იყენებენ გაზგამყვანს. ეს მეთოდი შესაძლოა ერთჯერადად დაეხმაროს, მაგრამ ნაწლავების ლორწოვანის გაღიზიანებას, მიკროფლორის დარღვევას და ხშირ შემთხვევაში დაზიანებას იწვევს. არსებობს შემთხვევები, როცა ასეთი ჩარევები ნაწლავის სერიოზული ტრავმით დასრულებულა. სწორ ნაწლავზე ზემოქმედება არ შეიძლება. დღეს პედიატრებს აქვთ უსაფრთხო და ეფექტური საშუალებები, რომლებიც ბავშვებს ბუნებრივად დაეხმარება. ხშირი შეკრულობის შემთხვევაში კი აუცილებელია გასტროენტეროლოგის კონსულტაცია, რათა დადგინდეს რეალური მიზეზი და სწორი მკურნალობა დაინიშნოს.