ბავშვთა ენდოკრინოლოგი, ნინო ხელაძე, გადაცემაში "პირადი ექიმი მარი მალაზონია" საუბრობს, რა პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს ჭარბმა წონამ გოგონებში:
- თუ გოგონას მცირე ასაკიდან ჭარბი წონა აქვს, მას მეორადი სასქესო ნიშნებიც უფრო ადვილად და ადრიანად უვითარდება. შესაბამისად, ეს მისთვის სტრესისა და ემოციური არასტაბილურობის დამატებითი წყარო ხდება, რამაც ასევე შეიძლება, ტკბილზე მომატებული მოთხოვნილება გამოიწვიოს. შედეგად ვიღებთ იმას, რომ ადრე მწიფდება, ციკლი ადრე ეწყება, სიმაღლეში ზრდასაც, სამწუხაროდ, ადრე ასრულებს. ეს მხოლოდ ვიზუალური კუთხით არ ქმნის პრობლემას. ხშირად მშობელი განიცდის და ამბობს, რომ უნდოდა, მისი შვილი უფრო მაღალი ყოფილიყო. გარდა ამისა, ბევრი კვლევით დასტურდება, რომ ეს სოციალურ-ემოციურ პრობლემებს იწვევს. როცა მისი გონება 8-9 წლის ბავშვისაა და უნდა, ითამაშოს, მის სხეულს კი სხვანაირი "მოსაზრებები" აქვს და სხვანაირი ჰორმონალური ბალანსია, ეს ასევე დამატებითი მნიშვნელოვანი სტრესია, რომელსაც თავად ბავშვი ვერ ერევა. ვერც ხვდება, რა უნდა ქნას...