ბავშვის ხშირი ავადობისგან შეწუხებული მშობლები, პირველ რიგში, სუსტ იმუნიტეტზე საუბრობენ და მის გასაძლიერებელ საშუალებებს ეძებენ. სინამდვილეში ბავშვის ხშირი გაციება სულაც არ ნიშნავს, რომ ბავშს სუსტი იმუნიტეტი აქვს და იმუნოლოგთან მკურნალობა სჭირდება.
ვირუსებთან ადაპტაციას ყველა ბავშვის ორგანიზმი სხვადასხვანაირად ახერხებს. ამის გამო ბავშვებს ტალღისებული ავადმყოფობის ტენდენციები ახასიათებთ - შეიძლება, ერთი ან ნახევარი წელიწადი ყოველთვე ავად ხდებოდეს, შემდეგი ნახევარი ან ერთი წელი საერთოდ არ გახდეს ავად.
ეს ყველაფერი ნორმის ფარგლებშია და შეშფოთების მიზეზი არ გაქვთ. საერთოდ, სკოლამდელ და დაწყებითი კლასების მოსწავლეებს "უფლება აქვთ", წელიწადში დაახლოებით 10-ჯერ-12-ჯერ გაცივდნენ.
თუ გაციებები ხშირად გაწუხებთ, გართულებები იშვიათად ან საერთოდ არ გაქვთ, მშვიდად იყავით. სამაგიეროდ, ორგანიზმის გაკაჟებაზე ან დამცავი სისტემის გაძლიერებაზე ზრუნვა მოგიწევთ.
გაკაჟება, ჯანსაღი კვება, ზომიერი ფიზიკური დატვირთვა, დადებითი ემოციები და დღის სწორი რეჟიმი - ამ ყველაფერს ნამდვილად შეუძლია გაციების პრობლემები უკეთესობისკენ შემოაბრუნოს.