24 ივლისს, დილით რუსეთში, ამურის რეგიონში ავიაკომპანია "ანგარას" "ან-24"-ის სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდა. თვითმფრინავი ხაბაროვსკი-ბლაგოვეშჩენსკი-ტინდას მიმართულებით მიფრინავდა. ტრაგედია აეროპორტიდან 15 კილომეტრის მოშორებით, დაშვების დროს მოხდა.
პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ნამსხვრევები დიდ ფართობზეა მიმოფანტული. ბორტზე 48 მგზავრი იმყოფებოდა, მათ შორის ხუთი ბავშვი და ეკიპაჟის ექვსი წევრი. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ეკიპაჟის ყველა წევრი და ასევე, ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი გარდაიცვალა. თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა.
"ანგარას” ავიახაზების თვითმფრინავი ხაბაროვსკიდან ადგილობრივი დროით 07:36 საათზე აფრინდა. ფრენის დროს ყველაფერი კარგად იყო და 45 წუთის შემდეგ თვითმფრინავმა ბლაგოვეშჩენსკში წარმატებით დაეშვა. გრაფიკის მიხედვით, ის ტინდაში ერთ საათში უნდა გაფრენილიყო, თუმცა რეისი ორი საათით გადაიდო. დაგვიანების მიზეზები ამჟამად გაურკვეველია. შედეგად, თვითმფრინავმა ფრენის გაგრძელება მხოლოდ 11:20 საათზე შეძლო.
"ან-24" რადარიდან ადგილობრივი დროით დაახლოებით 13:00 საათზე გაქრა. რთული ამინდის პირობების გამო ტინდას აეროპორტში პირველივე ცდაზე ვერ დაეშვა. შემდეგ კი კავშირი გაწყდა. თვითმხილველების თქმით, რომლებმაც თვითმფრინავი ჩამოვარდნამდე ცოტა ხნით ადრე დაინახეს, "ან-24" სახიფათოდ დაბალ სიმაღლეზე დაფრინავდა და უცნაური გუგუნის ხმას გამოსცემდა.
თავიდან მაშველებს იმედი ჰქონდათ, რომ პილოტები თვითმფრინავის დაშვებას შეძლებდნენ. თუმცა, სამწუხაროდ, ის აეროპორტიდან მოშორებით ჩამოვარდა და ცეცხლი გაუჩნდა. სამძებრო სამუშაოები დაუყოვნებლივ დაიწყო. ტინდადან 15 კილომეტრში, სოფელ კურიანთან მაშველებმა თვითმფრინავის ცეცხლწაკიდებული ნამსხვრევები იპოვეს. SOS სიგნალის არარსებობა მიუთითებდა, რომ ავარია მოულოდნელად მოხდა და გადარჩენის შანსი, ფაქტობრივად, აღარ არსებობდა.
კატასტროფის გამომწვევ მთავარ მიზეზად, ამ ეტაპზე, არახელსაყრელი ამინდი სახელდება. ტინდას რაიონში სავარაუდო დაშვების დროს რთული მეტეოროლოგიური სიტუაცია იყო, პილოტმა კონტროლი დაკარგა და ავარია განვითარდა. ვრცელდება ინფორმაცია იმასთან დაკავშირებითაც, რომ თვითმფრინავი ტექნიკურად გაუმართავი იყო.
ჩამოვარდნილი ,,ან-24” ირკუტსკის ავიაკომპანია "ანგარას" მფლობელობაში იყო. კომპანია ფრენებს ციმბირსა და შორეულ აღმოსავლეთში ახორციელებს. ის ავიაკომპანია "ისთლენდის" ტურისტული ჰოლდინგის ნაწილია და ოპერირება 2000-იანი წლების დასაწყისში დაიწყო. თუმცა ამბობენ, რომ თავად თვითმფრინავი 50 წლის იყო და საბჭოთა ეპოქიდან დაფრინავდა. მგზავრები ხშირად წერდნენ მისი სიძველის და ხარვეზების შესახებ, რომ საკმაოდ საშიში იყო მასზე ფრენა, თუმცა ავიაკომპანია არაფერს ცვლიდა და ყველას არწმუნებდა, რომ ყველაფერი რიგზე იყო.