"ბინაში საშინელი სურათი დამხვდა: კედლები სულ დაჭმული იყო, შპალერი ჩამოხეული, ლამინატი აყრილი... სიმწრისგან ვტიროდი" - შეგვიძლია თუ არა თაღლითი მდგმურისგან თავის დაცვა?! - მშობლები

"ბინაში საშინელი სურათი დამხვდა: კედლები სულ დაჭმული იყო, შპალერი ჩამოხეული, ლამინატი აყრილი... სიმწრისგან ვტიროდი" - შეგვიძლია თუ არა თაღლითი მდგმურისგან თავის დაცვა?!

2025-07-25 21:43:14+04:00

გაქირავებული ბინის მეპატრონეებს რომ უამრავი პრობლემა ექმნებათ, ეს ბევრმა იცის. ისინი ხშირად ვერ ახერხებენ თაღლითი მდგმურების გაყვანას ბინიდან, რადგან არ არსებობს სათანადო კანონი, რომელიც მესაკუთრის უფლებებს დაიცავს. პრობლემა რომ მწვავეა, ცხადი შეიქნა გასულ კვირას გაზეთ "კვირის პალიტრაში" გამოქვეყნებული სტატიითაც სათაურით: "ფრთხილად, თქვენს ბინაში თაღლითი მდგმურია", რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მივიღეთ დაზარალებული მოქალაქეების უამრავი წერილი. ისინიც იურისტ ნუგბარა როსტიაშვილის სამართლებრივი პასუხების მიღების შემდეგ გვთხოვენ, რომ გამოსავლის პოვნაში დავეხმაროთ. რომ ჩვენ, მედიამ, მივაწვდინოთ ხმა ხელისუფლებას, რათა პრობლემა მოგვარდეს. ისინი საკანონმდებლო ორგანოს სთხოვენ მიიღოს ისეთი კანონი, რომელიც მოქალაქეებს დაიცავს თაღლითი მდგმურებისგან. როგორც იურისტი ნუგბარა როსტიაშვილი ამბობს, მასაც არაერთი მოქალაქე აკითხავს კითხვით, როგორ გამოასახლოს ბინიდან მდგმური და როგორ დაიბრუნოს უძრავი ქონება, რომელიც გააქირავა, ან მდგმურის გასვლის შემდეგ ხელში შერჩათ დაზიანებული ბინა, გადაუხდელი ქირა და კომუნალური გადასახადები. როგორც იურისტი გვირჩევს, უნდა მივმართოთ სასამართლოს ჩვენი უფლებების დასაცავად. თუმცა ყველამ იცის, რომ ეს დიდ ხარჯსა და დროსთან არის დაკავშირებული. შეიძლება ორი წელიც კი დაგჭირდეს, რომ მიიღო სასამართლოს გადაწყვეტილება, მაგრამ მაინც ვერ აინაზღაურო ზარალი, რადგან ხშირად დამქირავებლების სახელზე ქონება არ ფიქსირდება. ხელისუფლებამ ჯერაც ვერ მოიცალა იმ პრობლემის მოსაგვარებლად, რომ აღარ იყოს საჭირო გამოსახლებისთვის თუნდაც სასამართლო პროცესი. მართალია, წლების წინ იუსტიციის მინისტრი დაგვპირდა, რომ კანონპროექტს შეიმუშავებდნენ და როცა ხელშეკრულების პირობები დაირღვეოდა, მესაკუთრეს შეეძლებოდა პირდაპირ აღსრულების პროცესის დაწყება, სასამართლოს გარეშე, თუმცა მისი სიტყვები დაპირებად დარჩა. ჩვენ რედაქციაში შემოსული წერილებიდან რამდენიმეს გამოქვეყნება გადავწყვიტეთ. იქნებ ამ გზით კიდევ ერთხელ ვცადოთ ხალხის გასაჭირის მიტანა საკანონმდებლო ორგანომდე.

"მოვითხოვთ მიიღონ კანონი და დაგვიცვან თაღლითი მდგმურებისგან"

მაქვს სამოთახიანი ბინა "წერეთლის" მეტროსთან, რომელსაც ვაქირავებ. ეს არის ჩემი შემოსავლის ერთადერთი წყარო, რადგან უმუშევარი ვარ. შემოსავლების სამსახურში ვიხდი გადასახადს, ვარ კანონმორჩილი მოქალაქე და მინდა ჩემი უფლებებიც დაიცვას სახელმწიფომ.

სამაკლერო კომპანიის დახმარებით ბინა მივაქირავე ორ სტუდენტ არაბ ახალგაზრდას. დავდეთ ერთწლიანი ხელშეკრულება, რომელსაც მხარეებმა მოვაწერეთ ხელი. წესისამებრ ბოლო თვის ბინის ქირა სააგენტომ წაიღო. ხელშეკრულებაში გაწერილი იყო ჩემი უფლებები, რომ თუ მდგმური დაარღვევდა მითითებულ პირობებს, შემეძლო მისი გაშვება.

ერთ დღეს იქ მისულს ჩემი ბინის ჰოლში ძაღლი დამხვდა. ვუთხარი, რომ ძაღლი არ მინდოდა ბინაში, რადგან რემონტი ახალი გაკეთებული მქონდა. მომატყუეს, მეგობრის ძაღლია, რამდენიმე დღით წასულია დასასვენებლად და დროებით დაგვიტოვაო. ზაფხული იყო და ესეც ჩვეულებრივ ამბად აღვიქვი. მერე მეც მომიწია ქალაქიდან სამი თვით გასვლამ. სექტემბერში თბილისში რომ დავბრუნდი, ბინაში მივედი, რადგან ერთი თვის ბინის ქირა დამიგვიანეს. ბინაში ისევ რამდენიმე ბიჭი და საშინელი სურათი დამხვდა: კედლები სულ დაჭმული იყო, შპალერი ჩამოხეული, აივანი ნაგვით იყო გატენილი.

განაგრძეთ კითხვა