"ესაა ბებიაჩემი, რომელიც დაქორწინდა 64 წლის ასაკში და გადაიხადა თეთრ კაბიანი ქორწილი. 66 წლის ასაკში აიღო მართვის მოწმობა. დადის ფიტნეს დარბაზში და კარგ ამინდებში დარბის პარკში, დადის აუზზე, ჰყავს გერმანული, მაღალი კლასის, ველოსიპედი, იკვებება ჯანსაღად... და დარდობს იმაზე, თმებს, წარბებს თუ ბოტოქსს რომელ სალონში უკეთ აკეთებენ.. ამბობს, ადამიანი მაშინ ბერდება, როცა აღარ მოძრაობსო და არ მოძრაობენ მარტო მკვდრები" - ეს პოსტი სოციალურ ქსელში ფსიქოლოგმაგიორგი ჩოგოვაძემ ბაბუას დის - ლია ჩაკვეტაძის შესახებ გამოაქვეყნა,რომელსაც ათი ათასობით მოწონება და კომენტარები მოჰყვა..
ქალბატონ ლია ჩაკვეტაძეს სასაუბროდ თავად დავუკავშირდით...
- დიახ, პოსტში რაც წერია, ყველაფერი სიმართლეა. გულწრფელად გითხრათ, არ ველოდი ამდენ გამოხმაურებას.
- ყოველთვის ძალიან აქტიური ვიყავი. სკოლაში ფიზკულტურის პედაგოგს ყველა სფეროში მივყავდი შეჯიბრებაზე. მიუხედავად იმისა, რომ მაღალი არ ვარ, ფრენბურთის, კალათბურთის, ჩოგბურთის შეჯიბრებებში მაღებინებდა მონაწილეობას... პირველად ფიტნესზე რომ მივედი, უკვე 50 წლის ასაკის ვიყავი. პედაგოგს ძალიან გაუკვირდა და მკითხა, შენ ადრე სპორტსმენი ხომ არ იყავიო. კიდევ უფრო გაკვირვებული დარჩა, როცა ვუთხარი, რომ სპორტსმენი არ ვყოფილვარ. ფიტნესზე კვირაში ერთხელ ძლიერი ვარჯიშები ტარდებოდა, ოფლში ვიწურებოდით, 18-19 წლის გოგოებს უჭირდათ, იატაკზე წვებოდნენ, პედაგოგი ეუბნებოდათ, ორჯერ და მეტჯერ თქვენზე უფროსია ეს ქალბატონი, როგორ არ გრცხვენიათ, მას მიბაძეთო.
- როდის დაოჯახდით?
- 64 წლის ასაკში გავთხოვდი, მანამდე ბევრი იყო ხელის თხოვნა, მაგრამ არცერთი არ იყო ჩემი ბედი. ამ ასაკში კი ისეთი მეორე ნახევარი შემხვდა, რომ მითხრან, შენს ცხოვრებაში რამეს თუ შეცვლიდიო, არავითარ შემთხვევაში! ზუსტად ასეთს ვისურვებდი, ოღონდაც ვისურვებდი, დიდხანს ეცოცხლა.