გარდაცვალებამდე სულ რამდენიმე დღით ადრე, 96 წლის დედოფალმა, რომელმაც სიკვდილის მოახლოება იგრძნო, თავისი ყველაზე სანდო მრჩევლები შეკრიბა და მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა. დედოფალმა მოითხოვა, რომ გაკეთებულიყო ყველაფერი, რათა ბოლომდე დასრულებულიყო გამოძიება სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებით, რომელიც ათწლეულების განმავლობაში სერიოზულ ჩრდილს აყენებდა ბრიტანულ მონარქიას.
დედოფლის ამ უკანასკნელმა სურვილმა, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ გახდა ცნობილი, შუქი მოჰფინა ერთ-ერთ ყველაზე ბნელ ამბავს ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ისტორიაში. საქმე ეხებოდა ბუკინგემის სასახლის ორ ყოფილ თანამშრომელს — მძღოლ ელვინ სტოქსდეილსა და დვორეცკი პოლ კიდს, რომლებსაც 1970-80-იან წლებში პედოფილური ქსელის ჩამოყალიბებაში სდებდნენ ბრალს. ორივე დააკავეს, აღიარეს დანაშაული, თუმცა სასამართლო პროცესის დასრულებამდე გარდაიცვალნენ. ამავდროულად, ეჭვების აჩრდილი სამეფო ოჯახის სხვა წევრებსაც გადასწვდა.
„ბრალდებულები ვერ იმოქმედებდნენ მაღალჩინოსანთა მფარველობის გარეშე,“ — ამტკიცებს Radar Online-ის წყარო. „სტოქსდეილის საქმეს შეიძლებოდა მონარქია მთლიანად ჩამოეშალა და დედოფალმა ეს იცოდა.“
მიუხედავად იმისა, რომ დედოფალი წლების განმავლობაში ერთგულად იცავდა მონარქიის სტაბილურობას, სიცოცხლის ბოლო დღეებში აშკარად გააჩნდა შიში — რომ ამ დანაშაულთა სრული გამოძიება და გამოქვეყნება მონარქიის იმიჯზე მომაკვდინებლად იმოქმედებდა. მან 70 წელი მიუძღვნა იმ რეპუტაციის შექმნას, რომელსაც ახლა ასეთი სკანდალები ემუქრებოდა.
მისი სურვილი — „დასრულებულიყო გამოძიებები“ — ერთი შეხედვით, ცხადია. მაგრამ თავად სიტყვათა შერჩევა — დასრულება და არა გახსნა — დღემდე იწვევს დავას ექსპერტებს შორის. იყო ეს მცდელობა დამნაშავეების სამართლიანად გასამართლებისა თუ სინამდვილეში ჩუმად საქმის დახურვის გზავნილი, რომ არ შერყეულიყო სამეფო სახლის საყრდენი?
დედოფლის სიფრთხილე და ერთგვარი ორაზროვნება არაა გასაკვირი. სწორედ მისი მეფობის დროს გადადგა მონარქიამ პირველი ნაბიჯები გამჭვირვალობისკენ — დაწყებული 1969 წლის დოკუმენტური ფილმით „სამეფო ოჯახი“, დამთავრებული დიანას სიკვდილის შემდეგ საზოგადოების წინაშე დუმილის დარღვევით. თუმცა საბოლოო მიზანი, როგორც ჩანს, მაინც სტაბილურობის შენარჩუნება იყო.
დედოფლის განსაკუთრებული შფოთვა მის მემკვიდრეებს უკავშირდებოდა. ის ცდილობდა, რომ ისინი არ გამხდარიყვნენ ამ ძველი, მაგრამ გაუხსნელი ჭრილობების მსხვერპლნი.
სამეფო ოჯახის წარმომადგენლებმა უარი თქვეს კომენტარზე, ხოლო გამოძიებებს ახალი სამხილები არ გასჩენიათ. თუმცა ექსპერტები აღნიშნავენ, რომ თვითონ ის ფაქტი, რომ დედოფალმა სიცოცხლის ბოლო დღეებში ეს საკითხი წამოჭრა, მის სერიოზულ შეშფოთებაზე მიუთითებს. ქალმა, რომელმაც შრომითა და პედანტურობით საკუთარი დაკრძალვის თითოეული დეტალი დაგეგმა, ასეთი მძიმე თემის წამოჭრა უკანასკნელ ჟესტად აქცია.
დღეს, თითქმის სამი წლის შემდეგ, მისი ეს უკანასკნელი სურვილი კვლავ შეუსრულებელია. თუმცა მისი შინაარსი გაცილებით მეტია, ვიდრე კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეების მოგვარების მცდელობა. ეს იყო სიმბოლური შეხსენება იმისა, რომ ყველაზე ხანგრძლივი და სანიმუშო მეფობაც კი ვერ შლის წარსულის ყველა ჩრდილს. და რომ ზოგჯერ მმართველის ბოლო სიტყვები — არ არის ტრიუმფალური გამოსვლა, არამედ მწარე აღიარება დაუმთავრებელი საქმეებისა.
როგორც The Guardian-მა აღნიშნა დედოფლის მემკვიდრეობაზე მომზადებულ სტატიაში: „ელისაბედ II წავიდა და დარჩა არა მხოლოდ პლატინის იუბილე, არამედ კითხვები, რომელთათვის პასუხის გაცემაც მონარქიას ჯერ კიდევ წინ აქვს.“ და ამ კითხვებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული სწორედ ბუკინგემის სასახლის კედლებში ათწლეულების წინ მომხდარი ძალადობებია — ის თემა, რომელიც დედოფალმა, სიცოცხლის უკანასკნელ დღეებში, კვლავ გაიხსენა და დღის წესრიგში დააბრუნა.