საჯარო სკოლებში ინგლისური ენა პირველივე კლასიდან ისწავლება. თუმცა, მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ, მეორე უცხოური ენა მე-5 კლასიდან აირჩიონ.
უფრო ზუსტად, ეროვნულ სასწავლო გეგმაში ვკითხულობთ:
მეორე უცხოურ ენად სკოლებში ევროპული ენები, რუსული და აღმოსავლური ენებიდან ჩინური ენაა. თუ სკოლას სპეციალიზებული მიმართულება არ აქვს და, მაგალითად, ფრანგულის ან გერმანულის სწავლება სავალდებულო არ არის, მაშინ საჯარო სკოლებში მე-5 კლასიდან მშობლები, ერთმანეთთან და შვილებთან შეთანხმებით მეორე უცხოურ ენას ირჩევენ.
აღსანიშნავია, რომ ეს პროცესი ხშირად აზრთასხვადასხვაობას იწვევს. შესაძლოა, მშობელთა ნაწილს კონკრეტული ენის არჩევა, მაგალითად, რუსული უნდოდეს. ნაწილს კი - გერმანული.
ამასთან დაკავშირებით, ერთ-ერთმა მშობელმაც მოგვწერა და საკითხის დაზუსტება გვთხოვა:
"ჩემი შვილი გადავიდა მეხუთე კლასში. დამირეკა დამრიგებელმა და მკითხა, თუ რომელ ენას ავირჩევდით მეორე უცხო ენის შესასწავლად. ბავშვმა და მშობელმა ავირჩიეთ გერმანული ენა. პედაგოგი მეუბნება-უმეტესობა მშობლებმა რუსული აირჩიესო. ახლა შეკითხვა მაქვს - რა უფლებები აქვს ენის არჩევაში ბავშვს და მშობელს? შეიძლება თუ არა, რომ ერთი ჯგუფის ნაწილმა ისწავლოს გერმანული, მეორე ნაწილმა რუსული და მესამე ნაწილმა სხვა ენა? თუ როგორ ხდება,იქნებ ამიხსნათ." - გვწერს მშობელი.
როგორც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში განგვიცხადეს, თუ მშობლები ერთი კონკრეტული ენის არჩევაზე ვერ თანხმდებიან, შესაძლოა, მეორე უცხოური ენის არჩევის შემთხვევაში კლასი გაიყოს. თითოეულ ჯგუფში არანაკლებ 10 მოსწავლე უნდა იყოს. ასეთ შემთხვევაში, პირობითად, ერთი ჯგუფი ისწავლის გერმანულს, მეორე - ფრანგულს ან სხვა შეთავაზებულ უცხოურ ენას.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ ხშირად მშობლები ამ წესის არაეფექტიანობაზე საუბრობენ. მათი თქმით, სკოლას კლასის გაყოფა, კიდევ ერთი სპეციალისტისათვის ხელფასის გადახდა და დამატებითი რესურსების გამოყოფა არ სურს და მშობლებს უწევთ, დასთანხმდნენ იმ ენის არჩევას, რასაც უმრავლესობა გადაწყვეტს.
თუ მსგავსი პრობლემა გექნებათ, სხვა მშობლებთან შეთანხმებას ვერ შეძლებთ ან ბავშვთა საჭირო რაოდენობის მიუხედავად, სკოლა ახალი ჯგუფის შექმნაზე უარს გეტყვით, შეგიძლიათ, კონკრეტული რაიონის მიხედვით, რესურსცენტრს მიმართოთ ან განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაუკავშირდეთ და კონსულტაცია გაიაროთ.
თამარ იაკობაშვილი