რამდენად გამოგადგებათ გრანტის მისაღებად მეოთხე არჩევითი საგნის ჩაბარება და რა ხდება, თუ გრანტი მეოთხე საგნით აიღეთ და ის თქვენთვის სასურველ პროგრამაზე არ ბარდება - პასუხები არჩევით საგნებთან დაკავშირებულ კითხვებზე - მშობლები

რამდენად გამოგადგებათ გრანტის მისაღებად მეოთხე არჩევითი საგნის ჩაბარება და რა ხდება, თუ გრანტი მეოთხე საგნით აიღეთ და ის თქვენთვის სასურველ პროგრამაზე არ ბარდება - პასუხები არჩევით საგნებთან დაკავშირებულ კითხვებზე

2025-07-28 12:02:41+04:00

ხშირად აბიტურიენტები სავალდებულო 3 საგნის გარდა, მეოთხე, დამატებით საგანს აბარებენ. ზოგიერთი მეოთხე საგანს ირჩევს იმიტომ, რომ უნივერსიტეტში ჩარიცხვა გარანტირებული ჰქონდეს და თუ მესამე, სავალდებულო საგანში ჩაიჭრება, მეოთხეს ქულა გამოიყენოს. ზოგი მეოთხე საგანს გრანტისთვის ანიჭებს უპირატესობას.

აბიტურიენტებს ხშირად აინტერესებთ, რა ხდება მაშინ, თუ მეოთხე საგნით გრანტს აიღებენ, მაგრამ ეს საგანი კონკრეტულ პროგრამაზე არ ბარდება. ასევე, შენარჩუნდება თუ არა სახელმწიფო გრანტი, თუ მეოთხე საგანში ჩაიჭრებიან ან გამოცდაზე არ გამოცხადდებიან. ქვემოთ ასეთ შემთხვევებს განვიხილავთ.

თუ გრანტს მეოთხე საგნით აიღებთ, მაგრამ ჩამონათვალში პირველ პროგრამაზე, რომელიც არჩეული გაქვთ და ჩაირიცხებით, კონკრეტული საგანი, მაგალითად, სამოქალაქო განათლება არ ბარდება, გრანტს ვერ გამოიყენებთ. მაგრამ, თუ, მაგალითად, პირველ პრიორიტეტულ პროგრამაზე ვერ მოხვდებით და ჩაირიცხებით იმ პროგრამაზე, რომელიც მე-4, მე-5 ან შემდეგ პრიორიტეტად გაქვთ და იქ კონკრეტული საგნით, მაგალითად, სამოქალაქო განათლებით აბიტურიენტები მიიღებიან, გრანტს გამოიყენებთ.

მაგალითად, თუ პროგრამათა ჩამონათვალში პირველ ადგილზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკისმცოდნეობა გიწერიათ, აღნიშნულ პროგრამაზე აბიტურიენტები, ძირითად საგნებთან (ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენა) ერთად ისტორიის, მათემატიკის ან ლიტერატურის გამოცდით ჩაირიცხებიან.

თუ თქვენ ჩააბარეთ, ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენა, ლიტერატურა და მეოთხე საგნად სამოქალაქო განათლება აირჩიეთ, სამოქალაქო განათლების ქულით გრანტი აიღეთ, ამერიკისმცოდნეობაზე ვერ გამოიყენებთ, იმიტომ, რომ ამ კონკრეტული საგნით აღნიშნული პროგრამა აბიტურიენტებს არ იღებს.

მაგრამ, თუ პირველ პროგრამაზე ვერ მოხვდით და ჩაირიცხეთ იმ პროგრამაზე, სადაც სამოქალაქო განათლებაც ბარდება, მაგალითად, სამართალზე - ასეთ შემთხვევაში, გრანტს გამოიყენებთ.

აღსანიშნავია, რომ არჩევითი საგნების ქულები არ იკრიბება (ჯამდება მხოლოდ სამი საგნის ქულები და უპიორატესობა ენიჭება იმას, რომელიც უფრო მაღალია. განსხვავებით სამედიცინოსგან, სადაც 4 საგანია სავალდებულო). გრანტს აიღებთ იმ საგნით, რომელშიც უფრო მაღალი შეფასება გექნებათ.

ასევე, თუ მეოთხე საგანში ჩაიჭრებით ან გამოცდაზე არ გამოცხადდებით, ეს გრანტის მიღებაში ან პროგრამაზე ჩარიცხვაში ხელს არ შეგიშლით. 3 სავალდებულო საგნით თუ სახელმწიფო გრანტი მოგენიჭებათ, მეოთხე საგანში ჩაჭრა ან გამოცდაზე გამოუცხადებლობა პრობლემას არ შეგიქმნით.

თამარ იაკობაშვილი