დედამ  3 წლის გოგონა რამდენიმე დღით სახლში მარტო დატოვა ერთი ქილა პიურეს ამარა - რატომ იცავენ მეზობლები ქალს, რომლის წინააღმდეგ საქმე აღიძრა - მშობლები

დედამ 3 წლის გოგონა რამდენიმე დღით სახლში მარტო დატოვა ერთი ქილა პიურეს ამარა - რატომ იცავენ მეზობლები ქალს, რომლის წინააღმდეგ საქმე აღიძრა

2025-07-29 09:44:34+04:00

რამდენიმე დღის განმავლობაში 3 წლის გოგონა დედამ სახლში სრულიად მარტო დატოვა. პატარა დახურულ კარს მიღმა დედას ელოდა და ტიროდა. მეზობლები აღშფოთდნენ და პოლიცია გამოიძახეს. საბოლოოდ, ბავშვი სოციალურმა სამსახურმა წაიყვანა, თუმცა მოულოდნელად კორპუსის მობინადრეები დედის მხარეს დადგნენ. შემთხვევა კრასნოდარის ერთ-ერთ ახალაშენებულ კორპუსში მოხდა.

გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, როგორ ტირის პატარა გოგონა დაკეტილი კარის მიღმა. ვიდეოები სოციალურ ქსელებში და მედიაში გამოჩნდა. თვითმხილველები ცდილობდნენ ბავშვის დამშვიდებას, თუმცა უმეტესად ისმოდა დედის გაკიცხვა: „შვილი დატოვა მარტო, რომ კაცებთან ევლო“. სამართალდამცველებიც მალევე ჩაერთვნენ საქმეში. ბინა პოლიციამ და ბავშვთა დაცვის სამსახურმა დაათვალიერა.

„ბავშვმა მითხრა, დედა წავიდა და აღარასდროს დაბრუნდებაო. ძალიან ეშინოდა. დაახლოებით სამი დღე ასეთ ტირილში გაატარა,“ — განუცხადა მეზობელმა ჟურნალისტებს.

ბინაში შესვლის შემდეგ აშკარა იყოს, რომ დედამ მიატოვა ბავშვი. ოთახში მხოლოდ ერთი საწოლი იყო. სამზარეულოში არც ქურა იყო, არც მაგიდა — მხოლოდ ნიჟარა. მზა საკვები არ ჩანდა. პატარას მხოლოდ ერთი ქილა საბავშვო პიურეთი ჰქონდა დატოვებული.

ბავშვი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესამოწმებლად საავადმყოფოში გადაიყვანეს . დედას, 36 წლის ნატალიას ქალაქიდან გაუსვლელობის აკრძალვა დაუწესდა. მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ბავშვის მიმართ დაუდევრად მოპყრობისა და საფრთხეში დატოვების მუხლით აღიძრა. ერთი შეხედვით, საქმე თითქოს ნათელი იყო — კიდევ ერთი უპასუხისმგებლო დედა. მაგრამ მოულოდნელად მეზობლებმა დედის მხარე დაიჭირეს და მის გამართლებას ცდილობდნენ.

ნატალია ადრე ადლერში ცხოვრობდა, სადაც გოგონა შეეძინა. ბავშვი მამამ შვილად არ სცნო, ამიტომ დაბადების მოწმობაში მამობის გრაფა ცარიელია. ნატალია მარტო ებრძოდა სიღარიბეს და ცოტა ხნის წინ იპოთეკით იყიდა ბინა, სადაც ეს ამბავი მოხდა.

სიღარიბის გამო ფული არც საკვებისთვის ჰყოფნიდა და არც იპოთეკის გადასახდელად. 12 ათას რუბლზე მეტი დახმარება არ ერიცხებოდა, მაშინ როცა ბინისთვის 16 ათასს იხდიდა. ამიტომ გადაწყვიტა ველზე ემუშავა ბოსტნეულის კრეფაზე, რაც ნაღდ ფულში ანაზღაურდებოდა. მაგრამ ბავშვის დატოვება არავისთან შეეძლო — არც ნათესავი ჰყავდა, არც მეგობარი.

„დადგინდა, რომ 3 წლის ბავშვი რამდენიმე დღე შინ მარტო იყო. დედა დროდადრო ბრუნდებოდა, თუმცა დიდ დროს მარტო ატარებდა. ქალის თქმით, იძულებული იყო მინდორში ემუშავა,“ — განაცხადეს კრასნოდარის პოლიციის არასრულწლოვანთა განყოფილებაში.

როდესაც ისტორიის სრული სურათი გამოიკვეთა, მეზობლები ნატალიას დასაცავად გამოვიდნენ. ბევრს მიაჩნია, რომ მას დასჯა კი არა, დახმარება სჭირდება.

„ფიქრობდა, რომ სათბურში იმუშავებდა, სანამ ბავშვს ეძინა. დიახ, ეს სადავო გადაწყვეტილებაა, მაგრამ ის შემთხვევა არაა, რასაც ინტერნეტში წერენ. არც სვამს, არც ეწევა, არც კაცებთან დარბის. ეს არ არის ის ქალი, რომელსაც ლანძღვა და დასჯა ეკუთვნის,“ — ამბობენ მეზობლები.