ვის უფრო ემსგავსება ბავშვი ხასიათით, დედას თუ მამას და ვისი გენები უფრო ძლიერად მოქმედებენ გოგონასა და ბიჭის თვისებებზე - მშობლები

ვის უფრო ემსგავსება ბავშვი ხასიათით, დედას თუ მამას და ვისი გენები უფრო ძლიერად მოქმედებენ გოგონასა და ბიჭის თვისებებზე

2025-07-29 10:37:53+04:00

ხასიათი იმ თვისებების ერთობლიობას გამოხატავს, რომელიც ადამიანს გააჩნია. ზოგი გაბედული და მამაცია, ზოგი - ფრთხილი და წინდახედული. ზოგს ხმაურიანი ცხოვრება მოსწონს, ზოგი - სახლში, კომფორტულად, მშვიდად ყოფნას ამჯობინებს. ზოგიერთი ადამიანი ძალიან გულღია და მხიარულია, ზოგი უფრო დინჯი და გულჩათხრობილი...

ხასიათის ზოგიერთი თვისება ბავშვობაშივე ყალიბდება, ზოგი წლებთან ერთად, ცხოვრებისეული გამოცდილების ფონზე იცვლება. თუმცა, სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ზოგიერთ თვისებას ადამიანები თავიანთი მშობლებისაგან მემკვიდრეობით იღებენ. მაგრამ, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ზოგჯერ მშობლები ძალიან მშვიდი ადამიანები არიან, შვილს კი ხმაურიანი ცხოვრება მოსწონს ან პირიქით. საინტერესოა, რატომ ხდება ასე?

პასუხი მარტივია: გენები მხოლოდ ჩვენს მიდრეკილებას განსაზღვრავენ და შემდეგ ყველაფერი გარემოსა და აღზრდაზეა დამოკიდებული. ზოგიერთი მეცნიერი თვლის, რომ ჩვენი ხასიათის დაახლოებით მესამედი ბიოლოგიური ფაქტორებით არის განსაზღვრული. ანუ ჩვენი სხეული და ტვინი თავდაპირველად გარკვეულ ტემპერამენტზეა მორგებული.

მაგალითად, ზოგიერთი ბავშვი ცვლილებებს საკმაოდ მარტივად ეგუება. ზოგს კი სიახლეებთან ადაპტირება უჭირს. მრავალი კვლევა აჩვენებს, რომ ასეთი განსხვავებები სიცოცხლის პირველი თვეებიდანვეა შესამჩნევი.

ოჯახი და უშუალოდ, ის გარემო, რომელშიც ბავშვი იზრდება, მისი ხასიათის ჩამოყალიბებაზე განსაკუთრებულ გავლენას ახდენს. ის, როგორც ღრუბელი, ისე შთანთქავს ნებისმიერ ქცევასა თუ სიტყვას.

xasiati-mshoblebi-2-1753771250.jpg

თუ დედა და მამა მას ყოველდღიურად აჩვენებენ, როგორ გაუმკლავდეს სირთულეებს, როგორ განაგრძოს წინსვლა წარუმატებლობის შემთხვევაში და როგორ ისიამოვნოს წარმატებით, მაშინ ბავშვის ხასიათიც მტკიცე და შეუპოვარი იქნება.

თუ გსურთ, თქვენი შვილი პასუხისმგებლიანი ადამიანი გაიზარდოს, აჩვენეთ, როგორ ანაწილებთ მოვალეობებს ოჯახში, როგორ ასრულებთ დანაპირებს, როგორი დამოკიდებულება გაქვთ სხვადასხვა საქმესთან.

გსურთ, თანაგრძნობისა და სხვების დახმარების უნარი განუვითაროთ? მაშინ, პირველ რიგში, თავად იყავით თანამგრძნობი ადამიანი. აჩვენეთ, როგორ უანგაროდ ეხმარებით ახლობლებს, მეგობრებსა და თუნდაც სრულიად უცნობ ადამიანებს. ინიციატივების გამოვლენასა და სიკეთის კეთებას მხარი მაქსიმალურად დაუჭირეთ.

დააკვირდით საკუთარ თავს. დაფიქრდით, რა თვისებების გადაცემა გინდათ თქვენი შვილებისთვის? შემდეგ კი განსაზღვრეთ, თუ როგორ შეგიძლიათ კარგი მაგალითის მიცემა.

ზოგადად, გარემოს, იმ საზოგადოებას, რომელსაც ბავშვი ოჯახს გარეთ ხვდება, სკოლას, თანატოლებს, კულტურულ ღონისძიებებს, ჰობის, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. რაც უფრო მრავალფეროვანია ბავშვის გამოცდილება, მისი ხასიათის თვისებებიც უფრო მდიდარი და გამორჩეულია.

მაგალითად, დადასტურებულია, რომ ის ბავშვები, რომლებიც სპორტით არიან დაკავებულები, სიძნელეებს უფრო მარტივად უმკლავდებიან. ხოლო, იმ ბავშვებს, რომლებსაც კითხვა უყვართ, ახალ გარემოსთან შეგუება და სხვადასხვა ასაკის ადამიანთან კომუნიკაცია შესანიშნავად გამოსდით.

xasiati-mshoblebi-3-1753771273.jpg

საიდან მოდის განსხვავება?

არის შემთხვევები, როდესაც და-ძმას სრულიად საპირისპირო ხასიათის თვისებები აქვს. აქაც ისევ ბუნებასა და აღზრდას შორის ურთიერთქმედების რთული მექანიზმი ჩნდება. ზოგჯერ განსხვავება მშობლების განსხვავებული რეაქციების, დისციპლინისადმი მიდგომის ან არჩევანის თავისუფლების განსხვავებების გამო წარმოიქმნება.

მაგალითად, შესაძლოა, უფროსი ბავშვი დიდი პასუხისმგებლობის აღებასაა მიჩვეული და პრობლემის დამოუკიდებლად გადაჭრას სწრაფად ახერხებს. უმცროსი კი მუდმივად ზედამხედველობის, სხვების ზრუნვის ქვეშ იზრდება და ამიტომ, ეს თვისებები მასში განსხვავებულად ვითარდება.

ამიტომაა, ძალიან მნიშვნელოვანი, რომ მშობლებს შვილების მიმართ ინდივიდუალური მიდგომა ჰქონდეთ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მშობლების სტრესისადმი მდგრადობასა და ბავშვებში შფოთვის დონეს შორის პირდაპირი კავშირი არსებობს. როდესაც უფროსები სირთულეებზე მშვიდად რეაგირებენ, ბავშვები დაბრკოლებების ასევე მშვიდად გადალახვას სწავლობენ.

რაც შეეხება მშობლების გავლენას:

საინტერესო დეტალია ის, რომ ბიჭები მამას ხშირად ჰბაძავენ, გოგონები კი - დედას. ამიტომ, მნიშვნელოვანია, მშობლებმა თავიანთი როლი გააცნობიერონ და შვილებს მაგალითი აჩვენონ.

გახსოვდეთ, თქვენი შვილი უნიკალური და განუმეორებელია. ბუნებრივი მიდრეკილებების მიუხედავად, გადამწყვეტ როლს თქვენი მხარდაჭერა და დახმარება თამაშობს. აღზრდა შემოქმედებითი და საინტერესო პროცესია. თქვენ ზრდით პატარა ადამიანს, რომელსაც შეუძლია, ბედნიერი და წარმატებული ზრდასრული გახდეს.

ხასიათი კი თანდათანობით, წლების განმავლობაში ყალიბდება. მთავარია, თქვენი შვილი გიყვარდეთ და პატივს სცემდეთ. დადებით შედეგს აუცილებლად დაინახავთ.