თანამედროვე სამყაროში სოციალური ქსელები ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. განსაკუთრებით პოპულარული ახალგაზრდებშია. ისინი TikTok-ს, Instagram-სა და სხვა სოციალურ ქსელებს აქტიურად იყენებენ. ეს არის სივრცე კომუნიკაციისთვის, თვითგამოხატვისა და სხვადასხვა ინფორმაციის მოძიებისათვის. თუმცა, სოციალურ ქსელებში აქტიურობას ნეგატიური გავლენაც აქვს.
კვლევების თანახმად, 13-17 წლის მოზარდების ნახევარზე მეტი სოციალურ ქსელებს ყოველდღიურად იყენებს. მათი 45% აღიარებს, რომ ისინი თითქმის მთელი დღე ონლაინ არიან...
თამამად შეიძლება ითქვას, რომ სოციალური ქსელები ბავშვებისთვის მეორე რეალობად იქცა, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ხშირ შემთხვევაში უსაფრთხო სულაც არ არის. კვლევები აჩვენებს, რომ სოციალური ქსელები ბავშვებისა და მოზარდების ცხოვრების ხარისხს ზოგჯერ სრულიად აუარესებს და ისინი სხვადასხვა მიზეზის გამო უბედურები არიან.
ფსიქოლოგები ამ საკითხზე უკვე დიდი ხანია საუბრობენ და მშობლებს ყურადღებისკენ მოუწოდებენ.
"სოციალური შედარების" ფენომენმა, რომელიც ფსიქოლოგმა ლეონ ფესტინგერმა 1954 წელს აღწერა, სოციალური ქსელების ეპოქაში კატასტროფული მასშტაბები მიიღო. დღეს სოციალური ქსელები სხვა ადამიანების წარმატებების ვიტრინაა: იდეალური ფოტოები, მოგზაურობები, წვეულებები, გართობა, ბრენდული ნივთები და სამოსი... როდესაც მოზარდი ამას უყურებს და არ აქვს ისეთი შესაძლებლობები, როგორიც, პირობითად, სოციალური ქსელის რომელიმე ვარსკვლავს, თავს "წარუმატებელ", "შეუხედავ", "დაჩაგრულ" ადამიანად გრძნობს და ფიქრობს, რომ მისი ცხოვრება მოსაწყენია.
2018 წელს ასეთი ექსპერიმენტი ჩატარდა: მოზარდების ორმა ჯგუფმა სოციალურ ქსელში ერთი საათი გაატარა. ერთი ჯგუფი მეგობრების, სხვადასხვა ცნობილი ინფლუენსერის ვიდეოებსა და ფოტოებს ათვალიერებდა. მეორე ჯგუფი კი - ნეიტრალურ კონტენტს. ექსპერიმენტით დადგინდა, რომ პირველი ჯგუფის შფოთვის დონე 30%-ით გაიზარდა იმის გამო, რომ საკუთარ თავს მეგობრებსა და სოციალური ქსელების ვარსკვლავებს ადარებდნენ.
პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, საკუთარ შვილებს აუხსნათ, რომ სოციალური ქსელები ხშირად ძალიან ყალბია და იქ გამოქვეყნებული ინფორმაცია ლამაზადაა შეფუთული. როგორც წესი, ადამიანები მშობლებთან ჩხუბს, სახეზე გამონაყარს, სკოლაში ცუდი ქულის მიღებას სოციალურ ქსელებში არ აღნიშნავენ. სამაგიეროდ, ხშირად იდეალურ ფოტოებსა და ვიდეოებს ვხედავთ...
უთხარით შვილებს, რომ ის ბლოგერებიც კი, რომლებსაც უამრავი გამომწერი და გულშემატკივარი ჰყავთ, სხვადასხვა პრობლემას განიცდიან და მათი ცხოვრება სულაც არ არის ისეთი იდეალური, როგორიც შეიძლება, ერთი შეხედვით, კამერაში ჩანდეს.
ცალკე საკითხია სოციალურ ქსელებში ე.წ. ლაიქებისა და გაზიარებების რაოდენობა. ნეირობიოლოგებმა დაამტკიცეს, რომ მოწონებების მიღება ტვინის იმავე ცენტრებს ააქტიურებს, რასაც ტკბილეულის ჭამა ან აზარტული თამაშები. ეს ეფექტი განსაკუთრებით მოზარდებში გამოიხატება, როდესაც ისინი ისედაც მნიშვნელოვან ეტაპს გადიან და მოწონებასა და აღიარებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ, თუ სოციალურ ქსელებში მათ ფოტოებს იმაზე გაცილებით ნაკლები მოწონება და კომენტარი აქვს, ვიდრე თანატოლების, ესეც შფოთვასა და არასრულფასოვნების კომპლექსს იწვევს.
ამავდროულად, დადგენილია, რომ ბავშვების შემთხვევაში კიბერბულინგი უფრო მტკივნეულია, ვიდრე სკოლაში განცდილი ჩაგვრა. რადგან, ეს ბულინგი სკოლის დამთავრების შემდეგ არ სრულდება. ონლაინ, 24-საათიანი რეჟიმით მიმდინარეობს და ხშირად სრულიად უკონტროლოა.
თინეიჯერის ტვინი ყოველი მოწონებიდან დოფამინით ივსება. ეს იგივე მექანიზმია, რაც გეიმერებში ან მწეველებში ვითარდება. კვლევების თანახმად, მოზარდებს, რომლებიც დღეში 3 საათზე მეტს ატარებენ სოციალურ ქსელებში, დეპრესიის განვითარების 45%-ით მაღალი რისკი აქვთ.
ე.წ. "ციფრულ დეტოქსზე" შეთანხმდით. შეეცადეთ, თქვენს შვილებს ჰობის პოვნაში დაეხმაროთ, ხატვაზე, სხვადასხვა წრეზე შეიყვანოთ, სპორტით დააკავოთ და ოფლაინ გართობის შესაძლებლობა მისცეთ.
დამახინჯებული რეალობა: "იდეალური უნდა ვიყო"
ფილტრები, იდეალური სხეული, მდიდრული ნივთები - ხშირ შემთხვევაში ბევრი მოზარდისთვის მიუწვდომელ სტანდარტს ქმნის. არსებობს ასეთი რეალური მაგალითი: 13 წლის გოგონამ ჭამა შეწყვიტა, რომ მისთვის საყვარელ ბლოგერს დამსგავსებოდა. აღმოჩნდა, რომ ბლოგერი სხვადასხვა ფილტრს იყენებდა და პარალელურად, პლასტიკურ ქირურგიასაც მიმართავდა...
განსაკუთრებით დაუცველები 12-16 წლის გოგონები არიან. 60% თავის გარეგნობას ბლოგერების გარეგნობას ადარებს. 30% მძიმე შფოთვას განიცდის იმის გამო, რომ "იდეალური" პარამეტრები არ აქვს. 15% კი მზადაა, უკიდურესი ფორმა გამოიყენოს - ძალიან მკაცრს დიეტაზე დადგეს და პლასტიკურ ქირურგიასაც კი მიმართოს.
მნიშვნელოვანია, მშობლებმა შვილებს აუხსნან, რომ არ არსებობს "მახინჯი" ფიგურა, რომ ყველა ადამიანი ინდივიდუალურ სილამაზეს ატარებს და ფოტოებზე ე.წ. ლაიქების რაოდენობა მათ პიროვნებას არ განსაზღვრავს.
ალგორითმები შოკისმომგვრელ ვიდეოებს (ძალადობის, დეპრესიული კონტენტი) უფრო აქტიურად ავრცელებენ. ბავშვის ფსიქიკამ კი არ იცის, როგორ გაფილტროს და გაუმკლავდეს ნეგატიურ ამბებს. კვლევებით დადგინდა, რომ 10-14 წლის ყოველი მეორე ბავშვი სოციალურ ქსელში აწყდება ისეთ კონტენტს, რომელიც მათი ფსიქიკისათვის მიუღებელია.
ხშირად ბავშვებისათვის სოციალური ქსელების სრულად აკრძალვას საპირისპირო შედეგი მოჰყვება. ამიტომ, მშობლის მთავარი მისიაა, რომ შვილს ამ სრულიად უკონტროლო, უზარმაზარ სივრცეში სწორად ნავიგაცია, ინფორმაციის გაფილტვრა ასწავლოს და აღზარდოს ადამიანი, რომლის თავდაჯერებულობაც ე.წ. ლაიქებსა და არსებულ სტანდარტებზე არ იქნება დამოკიდებული.