როდემდე გაგრძელდება საქართველოში უნალექო ამინდი და ჰაერის მაღალი ტემპერატურა - პროგნოზი გარემოს ეროვნული სააგენტოდან - მშობლები

როდემდე გაგრძელდება საქართველოში უნალექო ამინდი და ჰაერის მაღალი ტემპერატურა - პროგნოზი გარემოს ეროვნული სააგენტოდან

2025-07-30 11:05:11+04:00

გასული დღეების განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, უნალექო ამინდი და მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა. როგორი ამინდია მოსალოდნელი მომდევნო დღეების განმავლობაში და გაგრძელდება თუ არა მაღალი ტემპერატურა, ვრცლად გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსი დოდო გვაზავა გვესაუბრება:

"სამხრეთიდან ცხელი ჰაერის მასების გადმოსვლა ნარჩუნდება. გუშინ, დასავლეთ საქართველოში, იმერეთის რეგიონში +40 გრადუსიც დაფიქსირდა. სამეგრელოში +38 გრადუსამდე იყო, სანაპირო რაიონებში კი +35, +36 გრადუსამდე აღინიშნა. ცხელოდა მთიან აჭარაშიც. +40 გრადუსი დაფიქსირდა. მაღალ მთაში კი +34. რამდენიმე გრადუსით ნაკლები იყო აღმოსავლეთ საქართველოში. ბარში, მათ შორის, დედაქალაქში, მაქსიმალური ტემპერატურა +36 გრადუსი დაფიქსირდა. მთიან რაიონებში, სამცხე-ჯავახეთში, ახალციხეში +37 გრადუსი იყო, კახეთის რეგიონში კი +34, +36 გრადუსის ფარგლებში იყო.

დღეს საღამოს საათებიდან, ხვალ დღისითაც, დასავლეთ საქართველოზე შავი ზღვის არეალიდან წამოსული ღრუბლიანი და გრილი ჰაერის მასები იმოქმედებს, რამაც შესაძლებელია, სინოტივის დონის მატება გამოიწვიოს. არ არის გამორიცხული, ზოგან გაწვიმდეს. მაგრამ, ეს ტემპერატურის მგრძნობელობაზე მნიშვნელოვნად არ იმოქმედებს. შესაძლებელია, ტემპერატურამ რამდენიმე გრადუსით დაიკლოს, მაგრამ სიცხე მაინც ნარჩუნდება. ამიტომ, მიმდინარე დღეების განმავლობაში, დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა +36, +37 გრადუსის ფარგლებში იქნება. აგვისტოს დასაწყისში დროგამოშვებით, ხანმოკლე ხასიათის წვიმაა მოსალოდნელი. მაქსიმალური ტემპერატურა კი თვის პირველ კვირაში, დაახლოებით, +33, +35, +37 გრადუსის ფარგლებში იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოში დასავლეთიდან მოქმედი შედარებით გრილი ჰაერის მასები უფრო მეტად მთაგორიან რაიონებზე იმოქმედებს. შესაძლებელია, მცხეთა-მთიანეთში, სამცხე-ჯავახეთში, ღამისა და საღამოს საათებში მცირე ხანმოკლე ხასიათის წვიმა აღინიშნოს. მაგრამ, აქ უფრო სამხრეთიდან ცხელი ჰაერის მასების გადმოტანაა აქტიური.

ამიტომ, მაქსიმალური ტემპერატურა, აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის, დედაქალაქში, აგვისტოს პირველი კვირის განმავლობაში შენარჩუნდება და +34, +39 გრადუსამდეა მოსალოდნელი.

ზღვის კურორტებს რაც შეეხება, თვის პირველი კვირის განმავლობაში შესაძლებელია, ტემპერატურამ რამდენიმე გრადუსით დაიკლოს, ზოგან საღამოს საათებში მცირე, ხანმოკლე ხასიათის წვიმაც აღინიშნოს, თუმცა სიცხე ნარჩუნდება." - გვითხრა დოდო გვაზავამ.

თბილისში კი მომდევნო 10 დღის პროგნოზი ასე გამოიყურება:

523878710-2386319508467653-6381289597735524628-n-1754025616.jpg

თამარ იაკობაშვილი

უხილავი სითბური ტალღები, რომლებიც ჩვენს ჯანმრთელობას ემუქრება: კიდევ უფრო სახიფათო იქნება თბილისი და ბათუმი
11:00-დან 20:00 საათამდე ფანჯრები დახურული უნდა იყოს - რით ემუქრება სითბური ტალღები ჩვენი და ჩვენი შვილების ჯანმრთელობას