ბექჰემების ოჯახური დრამა კვლავ გრძელდება. ამჯერად, ტაბლოიდები 20 წლის კრუზის მიერ უფროსი ძმის, ბრუკლინისადმი გაკეთებულ მწვავე პოსტების სერიას განიხილავს.
დევიდ და ვიქტორია ბექჰემების უმცროსი ვაჟი ძმას აკრიტიკებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კრუზმა სოციალურ ქსელში, პირად გვერდზე, ბრუკლინს კრიტიკული სიტყვები მიუძღვნა.
"თაღლითი ხარ", "იდიოტი ხარ", "კარმა მალევე დაგეწევა", "ხალხი ყველაფერს ამჩნევს", "შენ ჩემთვის მკვდარი ხარ" - წერს კრუზ ბექჰემი Instagram Note-ებში. მიუხედავად იმისა, რომ ის უშუალოდ ბრუკლინს არ ნიშნავდა, სხვადასხვა გამოცემა ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ კრუზი შეურაცხმყოფელი სიტყვებით ძმას მიმართავს.
ინტერნეტის მომხმარებლებმა განსაკუთრებით ყურადღება მიაქციეს ჩანაწერს, რომელშიც ეწერა: "ოჰ, ეს სტოკჰოლმის სინდრომი." ეს პოსტი ეხება ჭორებს, რომლის თანახმადაც, ბრუკლინი ნიკოლა პელცმა ფაქტობრივად მძევლად აიყვანა და მისი ნებართვის გარეშე ვეღარაფერს აკეთებს... ინსაიდერები ამტკიცებენ, რომ ბექჰემების ოჯახი მას მანიპულატორად აღიქვამს, რომელმაც ქმარი ოჯახს დააშორა და აიძულა, საყვარელ ადამიანებთან კომუნიკაცია შეეწყვიტა.
ზოგიერთი ადამიანი იმასაც კი თვლის, რომ ბრუკლინი ცოლით შეპყრობილია, მას გვერდიდან არ შორდება და გამუდმებით კომპლიმენტებს ეუბნება.
ნიკოლა პელცსა და ვიქტორია ბექჰემს შორის დაძაბულობით დაწყებული ურთიერთობა ახლა ძმებს შორის ღია ომში გადაიზარდა.
ინსაიდერების ცნობით, დაპირისპირება 2022 წელს, ნიკოლასა და ბრუკლინის ქორწილის წინ დაიწყო. როგორც ანონიმური წყაროები ამბობენ, ვიქტორია ოცნებობდა, რძლისთვის საქორწინო კაბა შეეკერა. თუმცა, ნიკოლამ ვიქტორია ბექჰემის ბრენდის კაბის მორგებაზე უარი განაცხადა და Valentino-ს კაბა აირჩია. დედამთილმა ეს პირად შეურაცხყოფად მიიღო. სიტუაცია კიდევ უფრო გაამწვავა უხერხულმა მომენტმა, როდესაც მომღერალმა მარკ ენტონიმ ახალდაქორწინებულთა პირველი ცეკვის დროს მოულოდნელად ვიქტორიას მიმართა და მას "ოთახში ყველაზე ლამაზი ქალი" უწოდა. ინსაიდერების თქმით, ნიკოლამ ოთახი ატირებულმა დატოვა. ბრუკლინი კი სტუმრებთან დარჩა და გართობა გააგრძელა.
ამის შემდეგ ბექჰემების ოჯახსა და ნიკოლა პელცს შორის დაძაბულობა კიდევ მეტად გაღრმავდა.
ბრუკლინმა, რომელსაც დედა განსაკუთრებით უყვარდა და ხშირად "დედიკოს ბიჭადაც" კი მოიხსენიებოდა, დედისადმი მიძღვნილი ტატუ მოიშორა და ნიკოლას საქორწინო თაიგულის პატივსაცემად ყვავილების დიზაინით შეცვალა...
ისინი უკვე თვეებია, დევიდისა და ვიქტორიას გვერდით არ გამოჩენილან. მეტიც, რამდენიმე კვირის წინ დევიდ ბექჰემმა 50 წლის იუბილე გრანდიოზულად აღნიშნა. ბრუკლინი და ნიკოლა დევიდის დაბადების დღის წვეულებას არ დაესწრნენ. იქამდე, პარიზის მოდის კვირეულზე, როდესაც ვიქტორიამ საკუთარი ბრენდის კოლექცია წარადგინა და მთელი ოჯახი საგულშემატკივროდ შეკრიბა, ბრუკლინი და ნიკოლა არც მაშინ გამოჩენილან.
კრუზი, რომელიც ბექჰემების შვილებიდან ყოველთვის ყველაზე ემოციურად ითვლებოდა, თავდაპირველად კონფლიქტში არ ერეოდა, მაგრამ როდესაც მისმა ძმამ ოჯახთან ყოველგვარი კონტაქტი გაწყვიტა, მოთმინება ამოეწურა. კრუზმა TikTok-ის კომენტარებში საჯაროდ მიანიშნა, რომ ბრუკლინის კარიერული რყევებით უკმაყოფილოა და მის არჩევანს არ ეთანხმება. ფოტოგრაფიიდან და კულინარიიდან დაწყებული, იპოდრომებითა და საკუთარი ღვინის ბრენდით დამთავრებული ბრუკლინმა თავი არაერთ სფეროში სცადა. თუმცა, ჯერჯერობით, კონკრეტულ მიმართულება, რაზეც გულდასმით იმუშავებს, არ აუღია.
გარდა ამისა, კრუზმა The Beatles-ის სიმღერიდან შემდეგი სიტყვები გამოაქვეყნა: "და საბოლოოდ, სიყვარული, რომელსაც გასცემ, უდრის სიყვარულს, რომელსაც იღებ." გულშემატკივრებმა ეს სიტყვებიც ბრუკლინისადმი მინიშნებად ჩათვალეს.
აღსანიშნავია, რომ ბრუკლინმა და ნიკოლამ სოციალურ ქსელში არა მხოლოდ კრუზის, არამედ რომეოს გამოწერაც გააუქმეს... ერთადერთი ადამიანი, ვისთანაც ბრუკლინს თბილი ურთიერთობა აქვს, უმცროსი და, ჰარპერია. მეტიც, ოჯახის სხვა წევრებისაგან განსხვავებით, ბრუკლინმა მას ცოტახნის წინ დაბადების დღე საჯაროდ მიულოცა.
ჯერჯერობით, ბექჰემები დაპირისპირების შესახებ ღიად არ საუბრობენ. ინფორმაციას კი წყვილთან დაახლოებული ანონიმური წყაროები ავრცელებენ.