"გილოცავ, ყველაზე თავისუფალო კაცო. ვამაყობ შენით!" - როგორ ულოცავენ კოლეგები და მეგობრები დაბადების დღეს მსახიობ ანდრო ჭიჭინაძეს - მშობლები

"გილოცავ, ყველაზე თავისუფალო კაცო. ვამაყობ შენით!" - როგორ ულოცავენ კოლეგები და მეგობრები დაბადების დღეს მსახიობ ანდრო ჭიჭინაძეს

2025-07-30 22:54:27+04:00

საპროტესტო აქციებზე დაკავებული მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე დღეს 29 წლის გახდა. დაბადების დღე მას პირველმა დედამ მიულოცა სოციალურ ქსელში:

ლიკა გუნცაძე: "29 წლის გახდა ჩემი ანდრო. ჩემი შვილი, ჩემი მეგობარი. გილოცავ, ანდრუშა! ყველაფერში გენდობი".

ანდროს დაბადების დღეს ბევრი მისი კოლეგა გამოეხმაურა:

კახა კინწურაშვილი: "ლიკა, გილოცავ ანდროს დაბადების დღეს. ვიცი რამდენად გიმძიმს, რომ პირადად ვერ ულოცავ, მაგრამ ისიც ვიცი, რამდენად ბედნიერი ხარ, რომ ესეთი ღირსეული შვილის დედა ხარ!"

ნანა ჯანელიძე: "ლიკა, მთელ თქვენს დიდ ოჯახს ვულოცავ ანდროს დაბადების დღეს. თავისი სიმტკიცით ანდრო ჩვენ გვიღრმავებს სიკეთის გამარჯვების იმედს და რწმენას".

გივიკო ბარათაშვილი: "ანდროს დაბადების დღეა. ახლა რაც მის თავს ხდება, საბოლოო ჯამში ყველაფერი სასიკეთოდ ხდება. უფრო სწორად, მან შეძლო, რომ ასე ყოფილიყო. თავისი ადამიანობით, ღირსებით და სისუფთავით. გილოცავ, ყველაზე თავისუფალო კაცო. ვამაყობ შენით".

დავით ჩხეიძე: "დილიდან ყოველი მეორე პოსტი ანდრო ჭიჭინაძის მილოცვით და ფოტოთი მხვდება.

მისმა დაკავებამ თავიდანვე მიიპყრო ყურადღება, რადგან - "ცნობილი სახეა", როგორც ჩვენთან ეძახიან.
მეგობრებიც ძალიან ერთგულობენ - ძირითადად მსახიობები, რეჟისორები. თეატრიც გამოექომაგა.
იმ შერჩეულ პროცესთა შორის, რომლებსაც ვესწრები, ერთ-ერთი ანდროსია.
რასაც ვუყურებ, მისი ბრალეულობა ამ დრომდე არაფრით მტკიცდება -
არც პოლიციელზე თავდასხმა, არც ორგანიზებული მოქმედება.
გარდა იმისა, რომ ანდრო თავიდანვე ჭარბი ყურადღებით სარგებლობდა, საქმის მსვლელობისას მან გამორჩეულად დაიმსახურა ჩემი პატივისცემა.
მთელი პროცესი დგას, გულმოდგინედ უსმენს მოწმეს, უფლებადამცველს, მოსამართლეს...
ესალმება ყველა მისულს, გამოხატავს მათ მიმართ სითბოს და მადლიერებას.
იშვიათად რომ დაინახო დამჯდარი.
ეს დგომა ხასიათიანია - კაცის დგომის მთავარ მნიშვნელობას ატარებს.
ამიტომ ანდრო ჩემთვის "ცნობილი სახე" აღარ არის - ანდრო პირისპირ უდგას რეჟიმს და უსწორებს თვალს, არ არჩენს სიტყვას.
ამდენი ხანია შემოდის და დგება. შეუპოვრად.
დედა სხვა გრძნობას და დატვირთვას ატარებს, ამიტომ პატიმრების დედები ყოველთვის ყურადღებას იპყრობენ…
და მედია, პოლიტიკური პირები… ყოველთვის მათ გამოყოფენ - ისინი ჩვენ ვიცით.
მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ ანდროს უკლებლივ ყველა სხდომაზე შედის მისი ძმა - ვასკა.
ჯდება უკან მარჯვნივ კუთხეში და მთელ პროცესს ძმასთან ერთად ისეთივე დაძაბული აკვირდება, უსმენს, როგორც ანდრო.
მისი ინტერესი არ არის გარკვევა, მისი ძმა დამნაშავეა თუ არა - რადგან იცის, რომ არ არის.
ვასკა მიდის, რომ ანდროს ხერხემალი ჰქონდეს გამართული, რომ უმცროსმა ძმამ სიმართლის რწმენა და ძალა არ დაკარგოს ცხოვრებაში.
სადმე სისუსტე არ აჩვენოს, რამე არ შეეშალოს, თუ ზეწოლა გაიზარდა - მარტოობა არ იგრძნოს…
და ყოველ ჯერზე კმაყოფილია - თავისი ძმის დგომით, სიტყვით, მოქცევით - რომ ანდრო ერთდროულად დარჩა მართალიც და გაუტეხელიც.
შემდეგ საღამოს მიდის და დგება რუსთაველზე, ჭიჭინაძის კუთხეში - და იქაც უსწორებს თვალს რეჟიმს.
ყოველ დღე, დაუღალავად, მუდმივი განცდით, რომ ყურადღებას აკლებს საკუთარ ოჯახს, შვილებს… საქმეს, რომელიც გვერდით გადადო.
მოწმეს ვუსმენდი, მითქმა-მოთქმა ატყდა. მოვიხედე, ანდრო გვეკითხებოდა - ვასკა წავიდა? გავხედე და დაღლილს თავი ჰქონდა ჩამოდებული წინა სკამზე - მაშინვე ასწია - არა, აქ ვარ!
ჩვენ მტკიცე და შეუპოვარნი ვართ რეჟიმის პირისპირ, რადგან ანდრო მტკიცეა, პატიმრები უტეხები არიან.
და ანდრო მტკიცეა - შენი ძმობით, ვასკა!
და ამიტომ შენ გილოცავ განსაკუთრებით მის დაბადების დღეს - და ამ ქვეყანას ვულოცავ, რომ შენი სახით ასეთი ძმობა კიდევ არსებობს.
ე.ი. საქართველო არსებობს".

შეგახსენებთ, ბოლო სხდომაზე ანდრომ აღნიშნა, რომ ის არ აპირებს შეწყალების მოთხოვნას და ბოდიშის მოხდას, რადგან ბრალდება, რაც მას და მასთან დაკავებულებს აქვთ წაყენებული, გამოგონილია.

„პირველ რიგში, მინდა გთხოვოთ [მოსამართლეს] დამასრულებინოთ, დიდი ხანი არ დამჭირდება და არც ამ თემას არ დავუბრუნდები…

ისეთ პერიოდში ვცხოვრობთ, სადაც ინფორმაცია უფრო ძლიერი და მნიშვნელოვანი იარაღია, ვიდრე თავად იარაღი. რაც დრო გადის, სულ უფრო ხშირად მომდის ინფორმაცია და სურვილი, რომ მე თუ ბოდიშს მოვიხდი, გამიშვებენ და ეს ეხება დანარჩენებსაც. სინამდვილეში, საკითხი დგას ასე: - ძალიან რთულია ამას კორექტული პასუხი მოვუძებნო, მაგრამ ვაი თქვენს პატრონს უბედურს, ვინც ამას ითხოვს! ეს ბოდიში და შეწყალება შეუძლიათ შესთავაზონ იმ პოლიციელებს, რომლებიც რუსთაველზე დარბოდნენ….

მე არავის დასჯა და დაჭერა არ მინდა. რაც შეეხება ბრალდებას, ის არის მოგონილი. ის ვიდეოები, რაც აქვს პროკურატურას წარმოდგენილი, ინდივიდუალურად რომ გაგვერჩია, ამით არანაირი დანაშაული არ დგინდებოდა და მერე მოიგონეს ჯგუფურობა და ამით კი კიდევ უფრო შეიყვანეს საკუთარი თავი ჩიხში.

მე რომ ვინმე დამეზიანებინა, ამდენს ნამდვილად არ ვილაპარაკებდი.

მე არ უარვყოფ სიტყვიერ შეურაცხყოფას და არც იმ ქმედებას, რაც ჩანს - იქ ჩანს, რომ ამ ქმედებით არავის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

კიდევ ერთხელ, მნიშვნელოვანი მგონია, რომ ნებისმიერი მიღებული ინფორმაცია დღევანდელ დროში გადავამოწმოთ, იმიტომ, რომ რელიგიას შეუძლია თავისუფლება მოგვართვას ან წაგვართვას, ასე შეუძლია ინფორმაციასაც. ინფორმაციის გადამოწმება კიდევ შესაძლებელია“, განაცხადა ანდრო ჭიჭინაძემ.