რა შემთხვევაში ვითარდება გონართროზი და როგორია მისი მკურნალობის მეთოდები? - ინტერვიუ ორთოპედ-ტრავმატოლოგ გიორგი ჯგუშიასთან - მშობლები

რა შემთხვევაში ვითარდება გონართროზი და როგორია მისი მკურნალობის მეთოდები? - ინტერვიუ ორთოპედ-ტრავმატოლოგ გიორგი ჯგუშიასთან

2025-07-31 10:37:17+04:00
გონართროზი მუხლის სახსრის ქრონიკული პროგრესირებადი დაავადებაა, რომელიც მუხლის სახსარში ხრტილის განლევით ხასიათდება.

„ნიუ ჰოსპიტალსის“ ორთოპედ-ტრავმატოლოგ გიორგი ჯგუშიას განმარტებით, დაავადება შეიძლება იყოს პირველადი, რომელიც ასაკის მატებასთან ერთად ვითარდება და სხვადასხვა მექანიკური და ბიოლოგიური პროცესით არის განპირობებული და მეორადი, რომელიც არასრული ან საერთოდ არ ჩატარებული მკურნალობის შემთხვევაში ვითარდება.

მისი განმარტებით, როდესაც პაციენტი საწყის ეტაპზე უგულებელყოფს მსუბუქ ტკივილს, სათანადო მკურნალობის გარეშე დისკომფორტი გაძლიერდება და მუხლის სახსრის მდგომარეობა გაუარესდება. გონართროზის დროულად აღმოჩენის შემთხვევაში კი ინიშნება შესაბამისი მკურნალობა და შესაძლებელია დაავადების სტადიების განვითარების შეზღუდვა. სწორედ ამიტომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია, დროულად მივმართოთ ექიმს.

უფრო დეტალურად, რა სიმპტომები ახასიათებს დაავადებას, ვინაა რისკ-ჯგუფში და როგორია მისი მკურნალობს მეთოდები ორთოპედ-ტრავმატოლოგი გიორგი ჯგუშია საუბრობს:

- საინტერესოა, ჩვენს ქვეყანაში რამდენად გავრცელებული გართულებაა გონართროზი?

- ძალიან გავრცელებული გართულებაა. სურათი უფრო ნათლად რომ დავინახოთ, საქართველოში სახსრების ენდოპროთეზირებას შორის პირველ ადგილზეა მენჯ-ბარძაყის ენდოპროთეზირება, ხოლო მეორე ადგილზე - გონართროზის შემდგომი ენდოპროთეზირება.

- ვინ მიეკუთვნება რისკ ჯგუფს და რამდენად არის გენეტიკური განწყობა გონართროზის განვითრების ერთ-ერთი საფუძველი?

- გონართროზი ასაკთან ერთად პოგრესირებადი დაავადებაა. მის რისკ-ჯგუფში კი შესაძლოა იყვნენ ჭარბწონიანი პაციენტები, რადგან როდესაც სახსრის ღერძული დატვირთვა უფრო დიდია, სახსრისა და ძვლის ხრტილოვანი მატრიქსის ცვეთა უფრო მაღალი ინტენსივობით მიმდინარეობს. რაც უფრო მეტი წონა აქვს პაციენტს, რისკიც იზრდება.

გონართროზი შეიძლება განვითარდეს ისეთი გენეტიკური დაავადებებისა და გართულებების დროს, როგორიცაა: ძვლოვანი ქსოვილის არასრულად განვითარება, მარფანის სინდრომი - როდესაც ძვლოვანი სტრუქტურა არასწორად ვითარდება, სხვადასხვა ხრტილოვანი და ნეკროზული ცვლილება.

შესაძლებელია, რისკმა მოიმატოს, თუ პაციენტს აქვს სინოვიალური ქსოვილის, მენისკის ან/და ჯვარედინა იოგების დაზიანება და შესაბამის მკურნალობას არ იტარებს. პოსტოპერაციულად გონართროზის განვითარების რისკს ზრდის მცირე ზომის ოპერაციული ჩარევებიც.

რისკ ჯგუფში არიან პაციენტებიც, რომლებიც მაღალი სიხშირით იღებენ მიკროტრავმებს, რაც შეიძლება უკავშირდებოდეს მათ პროფესიასა თუ საყოფაცხოვრებო პირობებს. როდესაც ჩვენი პროფესია მოითხოვს მუდმივად ჯდომას, დიდი ხნის განმავლობაში არ ვიცვლით პოზიციას და ამავდროულად გვაქვს გონართროზის განვითარების თუნდაც გენეტიკური მიდრეკილება, ბუნებრივია, რისკი იზრდება.

გონართროზის პირველადი ფორმა შედარებით ხანდაზმული ასაკიდან ვითარდება, მაგრამ მეორადი ფორმა, რომელსაც რიგ შემთხვევებში პოსტ-ტრავმული დაზიანებები განაპირობებებს,როგორიცაა მაგალითად პოსტ-ტრავმული მოტეხილობების შემდგომი მდგომარეობა, ხშირად ბევრად დაბალ ასაკშიც კი გვხვდება.

- რას ნიშნავს გონართროზის მსუბუქი და მძიმე ფორმები?

- გონართროზის საწყისი ეტაპი შეიძლება ეწოდოს მდგომარეობას, როცა პაციენტს მსუბუქი ტკივილი აწუხებს. მე-4 სტადიასთან გვაქვს საქმე, როდესაც ტკივილი არის ძლიერი და მოსვენებულ მდგომარეობაშიც კი შემაწუხებელი. ასევე, ბოლო სტადიაა, როდესაც მუხლის სახსრის გაშლა-მოხრა თითქმის შეუძლებელია, იმდენად ძლიერ ტკივილს იწვევს.

დაავადების სტადია განისაზღვრება რენტგენოლოგიური კრიტერიუმების მიხედვით, რომელიც საშუალებას გვაძლევს, ზუსტი დიაგნოზი დავსვათ და შესაბამისი მკურნალობა დავიწყოთ.

- გონართროზის დიაგნოსტირებისა და მკურნალობის რა მეთოდებია ხელმისაწვდომი „ნიუ ჰოსპიტალსში?“

- „ნიუ ჰოსპიტალსში“ დიაგნოსტირების აბსოლუტურად ყველა მეთოდია ხელმისაწვდომი. როგორც ზემოთ აღვნიშნე, მისი გამოვლენის ძირითადი მეთოდია მუხლის სახსრის რენტგენოლოგიური გამოკვლევა. საჭიროების შემთხვევაში ასევე ტარდება ულტრასონოგრაფიული და მაგნიტორეზონანსული გამოკვლევა ან კომპიუტერული ტომოგრაფია.

რაც შეეხება მკურნალობის მეთოდებს, ის შეიძლება იყოს კონსერვატიული, როდესაც სხვადასხვა სახის ოპერაციის უკუჩვენება გვაქვს ან როდესაც დაავადება საწყის სტადიაშია. კონსერვატიულ მეთოდებში შედის არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებით მკურნალობა და სახსარსშიდა ინექცია სხვადასხვა სახის პრეპარატით (ძირითადი არის ჰიალურონის მჟავის პრეპარატები და თრომბოციტებით გამდიდრებული პლაზმის შეყვანა სახსარში). საწყის ეტაპზე ორივე პროცედურა მაღალი ეფექტიანობით გამოირჩევა, მაგრამ მესამე და მეოთხე ხარისხის ართროზების დროს მხოლოდ მცირე შედეგს გვაძლევს. საბოლოო ჯამში, მაინც ოპერაციული მკურნალობა ხდება მიზანშეწონილი.

ეს არის ქრონიკული პროგრესირებადი დაავადება, რომელიც მთელი ცხოვრება უნდა იმართოს. მას ყველა ეტაპზე სჭირდება პერიოდული კონტროლი და მკურნალობა.

- როდის არის მიზანშეწონილი მუხლის სახსრის ენდოპროთეზირება და ენდოპროთეზირების რა სახეები არსებობს?

- ენდოპროთეზირება არის მუხლის სახსრის ძვლოვანი-ხრტილოვანი ზედაპირებისა და იოგოვანი აპარატის ჩანაცვლება ენდოპროთეზით. ის შესაძლებელია იყოს ნაწილობრივი ან სრული. ნაწილობრივი ჩანაცვლების დროს იცვლება სახსრის მხოლოდ დაზიანებული ნაწილი, სრული ენდოპროთეზირების დროს კი სახსარი სრულად იცვლება.

ზოგადად პრაქტიკაში სრული ენდოპროთეზირებაა მიღებული და ის კეთდება ცემენტის გამოყენებით ან მის გარეშე.

ენდოპროთეზირება ცემენტის გამოყენებით ბევრად უფრო მისაღებია, რადგან ფიქსაცია ბევრად უფრო მყარია და არ გვაქვს მოლოდინი, რომ იმპლანტსა და ძვლოვან ქსოვილს შორის შეხორცება მოხდება.იმპლანტირება ხშირად ხდება სამედიცინო ცემენტისა და ანტიბიოტიკის კომბინაციით. უფრო დეტალურად რომ განვმარტოთ, ცემენტთან კომბინაციაში ძირითადად გამოიყენება გენტამიცინი, რადგან ის არ ზიანდება ცემენტის დამუშავებისა და იმპლანტაციის პროცესში.

- რამდენად რთული და ხანგრძლივია რეაბილიტაციის პროცესი?

- ენდოპროთეზირების შემდგომ პაციენტი საჭიროებს აქტიურ რეაბილიტაციას, მეთვალყურეობას, მეთოდისტის კონტროლს, მან უნდა ისწავლოს ვარჯიშები. აუცილებელია, სახსარმა მაქსიმალურად სწრაფად დაიწყოს ვარჯიში, აუცილებელია რეაბილიტოლოგის დახმარება, სასურველია, მაქსიმალურად სწრაფად დავიწყოთ სახსრის მექანოთერაპია. ვარჯიშები და რეაბილიტაცია პაციენტს ეხმარება მუხლის არასტაბილურობა მაქსიმალურად სწრაფად მოიხსნას, მუხლის სახსრის ატროფიული კუნთები გაძლიერდეს და სახსარში მოძრაობა სრულად აღდგეს.

რეაბილიტაციის პროცესი საყურადღებოა და აუცილებლად იძლევა შედეგს. რა თქმა უნდა, ოპერაციული მკურნალობაც შესაბამისად უნდა იყოს ჩატარებული. პაციენტი გადაადგილებას ოპერაციიდან მეორე დღესვე, ყავარჯნების ან ორთოპედიული ჭოჭინის დახმარებით იწყებს. ეს პროცესი ინდივიდუალურია, მაგრამ ძირითად შემთხვევებში საწყის ეტაპზე საკმარისია 5-6 კვირა, რომ პაციენტმა ყავარჯნების გარეშე შეძლოს გადაადგილება.

რაც შეეხება გართულებებს, ძირითადი არის ინფექციური გართულება, რომელიც პაციენტების 2%-ში გვხვდება; ასევე, პროთეზის კომპონენტების მორყევა ოპერაციიდან პირველი 10 წლის განმავლობაში და თრომბოემბოლია.

საწყის ეტაპზე სასურველია ჭრილობის კონტროლი და მისი კარგად დამუშავება, რათა ინფექცია ავირიდოთ თავიდან. პაციენტს უნდა ჰქონდეს კონტაქტი მკურნალ ექიმთან, რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ ეს რისკები.

- რა უნდა გაითვალისწინონ პაციენტებმა რეაბილიტაციის დასრულების შემდგომ?

- პირველადი რეაბილიტაციის დასრულების შემდგომ აუცილებელია მუდმივი მონიტორინგი, ძვლის მინერალური ცვლის კონტროლი, ენდოკრინოლოგის მეთვალყურეობა, პაციენტი უნდა გაუფრთხილდეს, საკუთარ წონას - თუ ჭარბი წონა აქვს, უნდა დაარეგულიროს და გააკონტროლოს. წელიწადში ერთხელ სასურველია ექიმთან ვიზიტი, რომ გაკონტროლდეს, რა მდგომარეობაშია პოსტოპერაციული სახსარი, ხომ არ სჭირდება დამატებითი დახმარება. ასევე, უნდა შემოწმდეს მუხლის სახსრის სტაბილურობა, პოსტოპერაციულ პერიოდში რომელიმე პოზიცია მტკივნეული ხომ არ არის.

R