ბირმინგემში, ცნობილი მუსიკოსის მშობლიურ ქალაქში, ათასობით ადამიანი შეიკრიბა მასთან გამოსამშვიდობებლად. დღეს სწორედ ამ ქალაქში დაკრძალავენ ოზის. მუსიკოსი 22 ივლისს, 76 წლის ასაკში, გამოსამშვიდობებელი კონცერტიდან ორი კვირის შემდეგ გარდაიცვალა.
გუშინ მასთან გამოსამშვიდობებელი ოფიციალური ცერემონია გაიმართა. მას ესწრებოდნენ ოზის მეუღლე შერონ ოსბორნი, რომელთან ერთადაც 40 წელზე მეტი იცხოვრა, მათი შვილები ემი, კელი და ჯეკი, ასევე ოზის ათასობით გულშემატკივარი, რომლებიც ქალაქის ქუჩებში დაკრძალვის პროცესიას დახვდნენ.
მუსიკოსის სასახლე, ყვავილებით შემკული, კატაფალკით გაატარეს ქალაქში, ორკესტრის თანხლებით. კატაფალკა იასამნისფერი ყვავილებისგან დამზადებული ჯვრის ფორმის ყვავილების კომპოზიციით იყო მორთული. ოზი ოსბორნმა ერთხელ, დაკრძალვის გეგმებზე საუბრისას, თქვა, რომ არ იქნებოდა წინააღმდეგი ჯასტინ ბიბერის, სიუზან ბოილის და „We Are the Diddymen“-ის ნაზავი ყოფილიყო, მთავარია, რომ ეს სადღესასწაულს დამსგავსებოდა და არა დეპრესიულ ცერემონიას. ნამდვილად სადღესასწაულოდ გამოიყურებოდა ყველაფერი, ბევრი გულშემატკივარი ისე იყო ჩაცმული, თითქოს კონცერტზე მიდიოდა. გულშემატკივრები სკანდირებდნენ: „ოზი! ოზი! ოზი!“