თითქმის ყველა მშობელს ერთხელ მაინც გამოუცდია მომენტი, როცა ბავშვი მოულოდნელად იწყებს ტირილს ან ყვირილს — თითქოს ერთი წამით ადრე მხიარული იყო და უეცრად ყველაფერი შეიცვალა. ასეთი შემთხვევები ხშირია ნებისმიერი ასაკის ბავშვებში, სანამ ისინი ემოციების რეგულაციის უნარს არ შეიძენენ. კვლევები აჩვენებს, რომ ბავშვები, რომლებიც საკუთარ ემოციებზე კონტროლის მოპოვებას სწავლობენ, უკეთესად მეტყველებენ, უკეთ ესმით საკუთარი თავის და მომავალში უკეთესად უძღვებიან სოციალურ ურთიერთობებს. ემოციური რეგულაცია ასევე პირდაპირ კავშირშია აკადემიურ წარმატებასთან.
ემოციური რეგულაცია ნიშნავს იმ უნარს, რომ ადამიანი საკუთარ ემოციურ რეაქციებს ისე მართავს, რომ ეს იყოს სოციალური თვალსაზრისით მისაღები და ფსიქოლოგიურად გამაჯანსაღებელი. ის დაკავშირებულია როგორც ფსიქიკურ, ისე ფიზიკურ ჯანმრთელობასთან და ითვლება დეპრესიისა და შფოთვის პრევენციის ძლიერ საშუალებად. ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს საკუთარი ემოციური მდგომარეობის გაცნობიერება და გააზრება. ემოციური რეგულაციის სწავლებას ბავშვებისთვის შეიძლება ძალიან ადრეული ასაკიდან შეიგიძლიათ დაიწყოთ. ახალშობილები ჯერ ვერ ახერხებენ დამოუკიდებლად ემოციური მდგომარეობის მართვას, მაგრამ თუ ასეთ მომენტებში მშობელი ან სხვა ზრდასრული ადამიანი თბილად და სწორად ეხმარება - დროულად რეაგირებს მის წუხილზე, ფიზიკურ კონტაქტს ამყარებს და რუტინას უყალიბებს, ეს გამოცდილება მომავალში საფუძველს უყრის ემოციური რეგულაციის უნარების ჩამოყალიბებას.
ემოციური რეგულაციის განვითარება ამცირებს ისტერიკებისა და ემოციური აფეთქებების რაოდენობას, აუმჯობესებს აკადემიურ შედეგებს, ამაღლებს სოციალურ უნარებს და ეხმარება შფოთვისა და დეპრესიის პრევენციაში.
პირველ რიგში, ბავშვმა უნდა ისწავლოს საკუთარი ემოციების ამოცნობა და გაგება. ამაში დაეხმარება გრძნობების ცხრილები ან თამაშები, რომლებიც ასახავს ემოციების სახეებს და მათ ინტენსივობას. ასე ბავშვი სწავლობს, რომ მის გრძნობებს სახელი აქვს და ამაზე შეიძლება ლაპარაკი. სასარგებლოა სუნთქვითი ვარჯიშებიც, რადგან ნელი და თანაბარი სუნთქვა აწყნარებს გონებას და სხეულს. ღრმა სუნთქვის ტექნიკა ასწავლის ბავშვს, როგორ ამოიცნოს ძლიერი ემოციები და როგორ გაუმკლავდეს მათ.
უფრო მოზრდილი ბავშვებისთვის სასარგებლოა დღიურის წერა — ფიქრებისა და განცდების ჩაწერის გზით ისინი უკეთ სწავლობენ საკუთარი თავის გაგებას.
ამ უნარების განვითარება ეტაპობრივად ხდება და თანმიმდევრულობას, მოთმინებასა და ოჯახურ მხარდაჭერას მოითხოვს. ერთ-ერთი მარტივი გზა, რითაც მშობელი შეიძლება დაეხმაროს ბავშვს, არის ყოველდღიური ოჯახის წევრებთან ერთად ჭამის ტრადიცია. მაგალითად, ვახშმის დროს შეგიძლიათ ითამაშოთ თამაში „ვარდი, ეკალი და კვირტი“, სადაც ყველა საუბრობს დღის საუკეთესო, ყველაზე რთულ და სამომავლო განცდებზე.
ძალიან მნიშვნელოვანია ძილის რეჟიმის დაცვაც. რეგულარული ძილი აუცილებელია როგორც ბავშვის, ისე მშობლის ემოციური წონასწორობისთვის. შეეცადეთ ბავშვს ერთსა და იმავე დროს დააძინოთ და დაამკვიდროთ დამამშვიდებელი საღამოს რიტუალი, მაგალითად წიგნის წაკითხვა ან ზღაპრის მოყოლა.
გარდა ამისა, მშობლები თავად უნდა იყვნენ მაგალითი. როცა ზრდასრულები საუბრობენ საკუთარ ემოციებს და ჯანსაღად რეაგირებენ სტრესზე, ბავშვებიც სწავლობენ მსგავსად მოქცევას. სასარგებლოა ხშირად საუბარი ემოციებზე — მოუყევით ბავშვს, თუ როგორ გიჭირდათ ოდესღაც საკუთარი გრძნობების ამოცნობა და როგორ უმკლავდებოდით მათ.
არანაკლებ მნიშვნელოვანია ემოციების დადასტურება — როცა ბავშვი რაღაცაზე ძალიან მძაფრად რეაგირებს, ნუ ჩათვლით ამას უაზრობად. იმისთვის, რომ ბავშვმა ისწავლოს ემოციების მართვა, მას სჭირდება უსაფრთხო სივრცე, სადაც მის გრძნობებს პატივს სცემენ და საშუალებას აძლევენ, გამოხატოს საკუთარი თავი.
ემოციური რეგულაციის უნარები არ ყალიბდება ერთ დღეში. ის საჭიროებს თანმიმდევრულობასა და მხარდაჭერას — როგორც მშობლისგან, ისე ბავშვისგან. რაც უფრო მეტი სითბო და თანაგრძნობა ექნება ბავშვს, მით უფრო ძლიერად განავითარებს ამ ღირებულ უნარს, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში გამოადგება.