შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნება დაიწყო. აბიტურიენტებმა დღეს ქართულ ენასა და ლიტერატურაში თავიანთი შეფასებები გაიგეს.
რამდენიმე წარმატებულ აბიტურიენტს გაგაცნობთ, რომლებმაც ქართულ ენასა და ლიტერატურაში მაქსიმალური, 60 ქულის მიღება შეძლეს:
ქეთი სოფრომაძემ წმინდა ნინოს სახელობის საირხის მართლმადიდებლური გიმნაზია დაამთავრა. სწავლის გაგრძელებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სამართლის მიმართულებით აპირებს. ქართულ ენასა და ლიტერატურაში მაქსიმალური, 60 ქულის მიღება შეძლო და საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს:
- ორ მთავარ ფაქტორს გამოვყოფ - პირველ რიგში, ვფიქრობ, სკოლასა და მასწავლებელს, რომელთანაც ვემზადებოდი, განსაკუთრებული როლი აქვს. მეორე, რა თქმა უნდა, შრომა და მონდომება აუცილებელია. შედეგის მისაღწევად ბევრი ვიშრომე. ლიტერატურა და ფილმების ყურება ძალიან მიყვარს. სხვადასხვა აქტუალურ თემას ვეცნობოდი და მგონია, საბოლოოდ, ყველაფერი გამომადგა.
ოჯახისა და მასწავლებლების მხარდაჭერას ძალიან დიდი როლი აქვს. გარდა შრომისა, მათი მოტივაცია და იმედი მეხმარებოდა, რომ კარგი შედეგისათვის მიმეღწია.
სხვა აბიტურიენტებს მინდა ვუთხრა, რომ ნუ ინერვიულებენ. დროის სწორად გადანაწილებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მეცადინეობის პარალელურად, დასვენებაც აუცილებელია. გქონდეთ თქვენი თავის იმედი და გჯეროდეთ საკუთარი მიზნების.
ლუკა ადეიშვილმა სკოლა "ოპიზა" დაამთავრა. ქართულ ენასა და ლიტერატურაში მაქსიმალური, 60 ქულა აიღო. ინგლისურ ენაში კი 70-დან 69 ქულა მიიღო. ის სწავლის გაგრძელებას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, მედიცინის მიმართულებით აპირებს და საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს:
- ვფიქრობ, შრომისმოყვარეობასა და მონდომებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. უპირველეს ყოვლისა, ჩემს რეპეტიტორს მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო. არაჩვეულებრივი პიროვნებაა, რომელმაც ძალიან ბევრი, მნიშვნელოვანი ინფორმაცია მომაწოდა და, ფაქტობრივად, ეს საგანი შემაყვარა. ოჯახის წევრები მხარს ბოლომდე მიჭერდნენ და ჩემი სჯეროდათ.
ზოგადად, შრომის გარეშე არაფერი გამოდის. ამ შემთხვევაშიც, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი. ვიდრე ქართულ ენასა და ლიტერატურაში მომზადებას დავიწყებდი, მხატვრული ლიტერატურის წაკითხვა არ მიყვარდა. ვფიქრობ, საგანი პროცესში გიყვარდება. სხვა საგნებთან შედარებით, ქართულ ენასა და ლიტერატურას ყველაზე დიდი დრო დავუთმე და შესაბამისი შედეგიც მივიღე. ძალიან ბევრი ვიშრომე, "ვეფხისტყაოსნის" პერიფრაზი სრულად ხელით გადავწერე. იგივე შემიძლია, ვთქვა ჰაგიოგრაფიაზეც. ამ წლების უკან უდიდესი შრომა იმალება და ძალიან მიხარია, რომ შესაბამისი შედეგი მივიღე.
რწმენა, რომ ყველაფერი კარგად იქნება, რა თქმა უნდა, დამეხმარა. ამის გარეშე, არაფერი გამომივიდოდა...
ინგლისურშიც მაღალი ქულა მივიღე. ამ შემთხვევაშიც, შრომასა და მონდომებას, ასევე თავდაჯერებულობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა.
მარიამ სამარჯიშვილმა ახალციხის რაიონის ქალაქ ვალეს 1-ელი საჯარო სკოლა დაამთავრა. სწავლის გაგრძელებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საერთაშორისო ურთიერთობების ან პოლიტიკის მეცნიერებების მიმართულებით გეგმავს. ქართულ ენასა და ლიტერატურაში მანაც მაქსიმალური, 60 ქულის მიღება შეძლო:
- ვფიქრობ, ყველაზე მეტად საკუთარი მიზნებისადმი ერთგულება, შრომისმოყვარეობა და დროის სწორად განაწილება დამეხმარა. პროგრამული საკითხების გარდა, კითხვას, კლასგარეშე ლიტერატურის გაცნობას, სხვადასხვა სტატიის წაკითხვას დიდი მნიშვნელობა აქვს. არ ვნერვიულობდი, საკუთარი შესაძლებლობების მჯეროდა. მაქსიმალურ ქულას არ ველოდი, მაგრამ ვიცოდი, რომ ჩემი შრომა დაფასდებოდა. მომავალ აბიტურიენტებსაც მინდა, ეს ვურჩიო - არ ინერვიულონ, გამოცდაზე მშვიდად შევიდნენ და თავიანთი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოიყენონ.
მშობლების, ოჯახის წევრების, მასწავლებლების, მეგობრების მხარდაჭერა განსაკუთრებით მეხმარებოდა. ყოველდღიურად მოტივაციას მაძლევდნენ და ძალიან მეხმარებოდნენ. მამხნევებდნენ, რომ ქულების გამო განსაკუთრებით არ მენერვიულა და ეს კიდევ მეტად მამშვიდებდა.
მასწავლებლებს, ჩემს რეპეტიტორს ძალიან დიდი მადლობა. მისი მხარდაჭერა, სხვადასხვა მიმართულებით, ნამდვილად განსაკუთრებით მეხმარებოდა.
სხვა აბიტურიენტებს მინდა ვუთხრა, რომ საკუთარი შესაძლებლობების აუცილებლად ირწმუნონ. იშრომეთ და ეს შრომა დაგიფასდებათ. დრო მაქსიმალურად გამოიყენეთ და დასვენებასა და მეგობრებთან ურთიერთობასაც ნუ დაივიწყებთ, რადგან, საბოლოოდ, მოტივაციაზე, ესეც დიდ გავლენას ახდენს.
მარიამ კომახიძემ ნიუტონის თავისუფალი სკოლა დაამთავრა. ის სწავლის გაგრძელებას უცხოეთში, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში, პოლიტიკისა და ეკონომიკის მიმართულებით აპირებს. მარიამმა როგორც ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ასევე ინგლისურში მაქსიმალური ქულების მიღება შეძლო და ის საკუთარ გამოცდილებას ახლა მომავალ აბიტურიენტებს უზიარებს:
- სკოლაში კარგი ზოგადი განათლების მიღება ძალიან დამეხმარა. გამორჩეული მასწავლებლებისა და რეპეტიტორების დახმარებით, ასევე შრომისმოყვარეობით სასურველი შედეგის მიღება შევძელი. მათი დაუღალავი შრომა და მოტივაცია ნამდვილად დიდ სტიმულს მაძლევდა.
წლების განმავლობაში, ვცდილობდი, რაც შეიძლება, მეტი ლიტერატურა წამეკითხა, ფილმები მენახა, ბევრი საინტერესო რამ გამეგო. მაქსიმალური შედეგის მიღება მინდოდა და ამ მიზნისთვის ყველაფერს ვაკეთებდი. იგივე შემიძლია, ვთქვა, ინგლისურზეც.
ოჯახის მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ისინი ძალიან დამეხმარნენ. საუკეთესო მასწავლებლებთან დავდიოდი, ტრანსპორტირებაში ხელს მიწყობდნენ, ემოციურად მამხნევებდნენ. მათ სიყვარულსა და მოტივაციას ყოველთვის ვგრძნობდი.
გამორჩეული რეპეტიტორები მყავდა. ყველანაირად ცდილობდნენ, რომ ინდივიდუალურად მორგებული საგაკვეთილო პროცესი შემოეთავაზებინათ და ჩემი ინტერესები გაეთვალისწინებინათ.
მომავალ აბიტურიენტებს მინდა ვუთხრა, რომ საკუთარი შესაძლებლობების ირწმუნონ და ახსოვდეთ, რომ შრომა არასდროს დაეკარგებათ.
მარიამ მაღრაძემ თბილისის მე-60 საჯარო სკოლა დაამთავრა. ჯერჯერობით, სასწავლო მიმართულებაზე კიდევ ფიქრობს. მან ქართულ ენასა და ლიტერატურაში მაქსიმალური, 60 ქულის მიღება შეძლო და საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს:
- ამ პროცესში საკუთარი შეცდომების გაანალიზება განსაკუთრებით დამეხმარა. ძალიან კარგი მასწავლებელი მყავდა, რომელიც მოტივაციას მაძლევდა და ბევრ მნიშვნელოვან ინფორმაციას მიზიარებდა. წიგნების წაკითხვა მიყვარს. უცხო ტექსტებიდან ციტატებს, საინტერესო ფრაზებს ვიმახსოვრებდი. ვფიქრობ, კარგ ზოგად განათლებას დამოუკიდებელი აზროვნების განვითარებისაში დიდი მნიშვნელობა აქვს.
ოჯახის წევრების მხარდაჭერას სულ ვგრძნობდი და ესეც მაძლევდა მოტივაციას.
როცა რაიმე მეშლება, მაქსიმალურად ვცდილობ, საკუთარ შეცდომას დავაკვირდე, გავაანალიზო და გამოვასწორო. როგორც აღვნიშნე, მაქსიმალური შეფასების მიღებაში ეს მიდგომაც გამომადგა. მინდა, მომავალ აბიტურიენტებსაც ეს ვურჩიო - საკუთარ შეცდომებს დააკვირდნენ და გამოცდილებად გამოიყენონ.
თამარ იაკობაშვილი