გაიცანით აბიტურიენტები, რომლებმაც სამივე საგანში უმაღლესი ქულები მიიღეს - "მნიშვნელოვანია, რომ როცა რაღაც არ გამოდის, მაინც შეუპოვრად გავაგრძელოთ შრომა" - - მშობლები

გაიცანით აბიტურიენტები, რომლებმაც სამივე საგანში უმაღლესი ქულები მიიღეს - "მნიშვნელოვანია, რომ როცა რაღაც არ გამოდის, მაინც შეუპოვრად გავაგრძელოთ შრომა"

2025-08-01 18:38:36+04:00

დღეიდან ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნება დაიწყო. აბიტურიენტებმა რამდენიმე ძირითად საგანში თავიანთი ქულები უკვე გაიგეს.

2025 წლის ორ წარმატებულ აბიტურიენტს გაგაცნობთ, რომლებმაც სამივე საგანში მაქსიმალური ქულების მიღება შეძლეს:

ლიზი ჯობავა 2025 წლის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული აბიტურიენტია. მან სკოლა "ქართული სასწავლებელი" დაამთავრა. სწავლის გაგრძელებას თავისუფალ უნივერსიტეტში მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების პროგრამაზე აპირებს. ლიზიმ სამივე საგანში მაქსიმალური შეფასება დაიმსახურა - ქართულ ენასა და ლიტერატურაში 60-დან 60 ქულა, გერმანულ ენაში 70-დან 70 ქულა, მათემატიკაში კი 51-დან 51 ქულის მიღება შეძლო.

ლიზი ამბობს, რომ მაქსიმალური შედეგის მიღწევა მრავალწლიანი შრომითა და მონდომებით შეძლო. მან სკოლა ოქროს მედალზე დაასრულა და ახლა რამდენიმე რჩევას მომავალ აბიტურიენტებს უზიარებს:

112-1754066490.jpg

- პირველ რიგში, აღვნიშნავ, რომ ძალიან კარგი მასწავლებლები მყავდა. ისინი დიდ მოტივაციას მაძლევდნენ. ჩემი მთავარი მიზანი იყო, რომ თავისუფალ უნივერსიტეტში, კომპიუტერული მეცნიერებების ფაკულტეტზე ჩამებარებინა და ამ ყველაფრისთვის ძალიან ბევრი ვიშრომე.

მათემატიკაში სისტემატურ მუშაობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ბევრს ვმეცადინეობდი და გასული წლების ტესტებსაც ვაკეთებდი. ამ საგანში თუნდაც ერთი გაკვეთილის გაცდენამაც კი შეიძლება, პრობლემა შექმნას. ამიტომ, ყოველთვის მაქსიმალურად ვშრომობდი.

- მათემატიკის ტესტზე წელს ბევრმა აბიტურიენტმა აღნიშნა, რომ რთული იყო და სკოლის პროგრამას არ შეესაბამებოდა. თქვენ როგორ შეაფასებთ ტესტის სირთულეს?

- ვფიქრობ, ტესტი საკმაოდ რთული იყო. თუმცა, არა დაუძლეველი. შესაძლოა, ტესტური ნაწილი, წინა წლებთან შედარებით, უფრო რთულად აღექვათ და ამაში მეც ვეთანხმები. მაგრამ, საბოლოო ჯამში, არ ვფიქრობ, რომ სასკოლო პროგრამასთან შეუსაბამო იყო.

- ოლიმპიადებშიც ხომ არ იღებდით მონაწილეობას?

-მათემატიკაში არა, თუმცა, როგორც გითხარით, კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით მინდა ჩაბარება. სხვადასხვა პროექტში ვმონაწილეობდი. გუნდიც მყავს, Technovation Girls-ის გამარჯვებულები ვართ. ასევე, გერმანულის საერთაშორისო ოლიმპიადის ერთ-ერთი გამარჯვებული ვარ.

- უცხოურ ენად გერმანული აირჩიეთ...

- ჩემი სკოლა გერმანული სკოლაა და უზრუნველყოფს იმასაც, რომ სკოლის დამთავრების შემდეგ, მოსწავლეებმა გერმანულის სხვადასხვა დონე დახურონ. მე C1 ავიღე და ერთიანი ეროვნული გამოცდის ტესტის დაწერა არ გამჭირვებია.

ძალიან მიყვარს ფილმების გერმანულად ყურება. ერთ-ერთი გაცვლითი პროგრამით გერმანიაშიც ვიყავი და საუბრის დონე ამ შესაძლებლობითაც გავიუმჯობესე.

- ქართულ ენასა და ლიტერატურაში მაქსიმალური შედეგის მიღწევაში რა დაგეხმარათ?

- წიგნების წაკითხვა და წერა ყოველთვის ძალიან მიყვარდა. სკოლაშიც ძლიერი მასწავლებელი მყავდა და ვფიქრობ, კარგ შედეგს მივაღწიეთ.

- ოჯახისა მხარდაჭერას რამდენად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა?

- ჩემი ოჯახი მხარს მაქსიმალურად მიჭერდა. განსაკუთრებით, ჩემი უფროსი და. ის ჩემთვის ყოველთვის მისაბაძი მაგალითი იყო. ისიც მათემატიკასა და კომპიუტერულ მეცნიერებებზე სწავლობს და მეც დამაინტერესა.

- წლების განმავლობაში რა გაძლევდათ ყველაზე დიდ მოტივაციას, რომ მიზნებისკენ სვლა გაგეგრძელებინათ?

- მასწავლებლები, მშობლები, ოჯახის წევრები, მეგობრები. მათი მხარდაჭერა ყოველთვის მეხმარებოდა...

- რა შეგიძლიათ, მომავალ აბიტურიენტებს საკუთარი გამოცდილებით გაუზიაროთ?

- სისტემატურობასა და შრომისმოყვარეობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. მთავარია, ძალიან ბევრი იშრომოთ. აუცილებლად დადებთ იმ შედეგს, რომლის მიღწევაც გსურთ.

- მომავალში რა მიმართულებით გინდათ მუშაობის გაგრძელება?

- ზუსტად არ ვიცი, მაგრამ პროგრამირება, მათემატიკა ძალიან მიყვარს და ალბათ, სამომავლოდაც ამ სფეროს ავირჩევ.

გური ბოჭორიშვილმა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის პირველი საჯარო სკოლა დაამთავრა. ის სწავლის გაგრძელებას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში, მათემატიკისა და გამოყენებების ფაკულტეტის მიმართულებით გეგმავს.

გურიმ სამივე საგანში მაქსიმალური ქულები მიიღო- ქართულ ენასა და ლიტერატურაში 60-დან 60, ინგლისურ ენაში 70-დან 70, ხოლო მათემატიკაში 51-დან 51 ქულის აღება შეძლო. ის საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს:

11-1754066512.jpg

- პირველ რიგში, ღვთის წყალობა და მასწავლებლების უდიდესი დამსახურებაა, რომ ასეთი შედეგი მივიღე.

მათემატიკის კარგად შესწავლას ხანგრძლივი და ბეჯითი მუშაობა სჭირდება. მასწავლებელთან ტესტირებები ყოველკვირეულად გვქონდა და ეს ძალიან მეხმარებოდა, რომ ხარვეზები დამენახა და მათ გამოსწორებაზე მემუშავა. გამოცდის ფორმატის ტესტირებები დროის უკეთესად განაწილებას გვასწავლიდა და ვფიქრობ, ძალიან კარგი გამოცდილება იყო.

გარდა ამისა, მშობლები ადრეული ასაკიდანვე სხვადასხვა ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღებაში დამეხმარნენ და მგონია, ესეც დამეხმარა.

- მათემატიკის წლევანდელ ტესტზე რა შეგიძლიათ, თქვათ, რამდენად რთული საკითხები იყო?

- ვერ ვიტყოდი, რომ ძალიან რთული იყო. თუმცა, ვერც იმას ვიტყვი, რომ მარტივი იყო. ალბათ, საშუალო სირთულის ტესტი იყო. მგონია, ყველაფერს ემოციური ფონი ართულებს. თუ ემოციურმა ფონმა დაგჯაბნა, მარტივი საკითხების გაანალიზებაც კი რთულდება და გამკლავება გიჭირს. ტესტი სასკოლო პროგრამის გათვალისწინებით იყო შედგენილი. მაგრამ, როგორც აღვნიშნე, ემოციური ფონის გათვალისწინებით, სირთულე კიდევ მეტად იმატებს.

- ინგლისურ ენაში მაქსიმალური ქულის მიღებაში რა დაგეხმარათ?

-ინგლისურს მხოლოდ გამოცდების ჩასაბარებლად არ ვსწავლობდი. ვცდილობდი, პრაქტიკაში გამომეყენებინა. ინგლისურად წიგნები წამეკითხა, ფილმები მენახა. ასევე, ინგლისურ ენაზე სხვადასხვა ინტერვიუს ვუსმენდი და კარგი გამოცდილება იყო. შემდეგ, უკვე, როდესაც მომზადება დავიწყე, ყველა საკითხი გავაერთიანე და გამოცდის ფორმატიც გავითვალისწინე. მასწავლებელს ამ შემთხვევაშიც ძალიან დიდი როლი ჰქონდა.

- ქართულ ენასა და ლიტერატურაზეც გაგვიზიარეთ გამოცდილება...

- ლიტერატურის კითხვა ძალიან მიყვარს. დაწყებით კლასებში ჩემმა მასწავლებელმა გრამატიკა განსაკუთრებით შემაყვარა. მათემატიკასთან ერთად, ქართული ჩემი საყვარელი საგანი იყო. გრამატიკას ყოველთვის დიდ ყურადღებას ვუთმობდი. როცა დაწყებითი საფეხური დავასრულე, შემდეგ მასწავლებელმა ლიტერატურა შემაყვარა. ლიტერატურის კითხვით დაგროვილი ცოდნა, რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია, რომ მსჯელობა ააგო და პარალელების გავლება შეძლო. მასწავლებელმა სწორი მიმართულება მომცა და დამეხმარა, რომ ჩემი ცოდნა გამეერთიანებინა.

- ოჯახისა და მასწავლებლების მხარდაჭერას რა როლი ჰქონდა, რომ წარმატებისათვის მიგეღწიათ?

- უმნიშვნელოვანესია იმიტომ, რომ მასწავლებლები ამა თუ იმ საკითხის მიმართ პირველად დამოკიდებულებას აყალიბებენ. სამივე საგანზე შემიძლია, ვთქვა - ჩემი მასწავლებლებიდან გამომდინარე, შეუძლებელი იყო მათი გაკვეთილი არ მოგესმინა და მაქსიმუმი არ გაგეკეთებინა...

- როგორც აღნიშნეთ, წარმატების მისაღწევად წლების განმავლობაში, ბევრს შრომობდით. პიროვნული თვისებებიდან კიდევ რა გეხმარებოდათ, რომ მოტივაცია შეგენარჩუნებინათ?

- შრომისმოყვარეობა და სიბეჯითე ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, თავდაჯერებულობა, რომ აუცილებლად გამოგივა ის, რასაც გინდა, რომ მიაღწიო. ადამიანს ყველაფერი შეუძლია, თუ ღვთისა და საკუთარი თავის რწმენა ექნება. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ როცა რაღაც არ გამოდის, მაინც შეუპოვრად გავაგრძელოთ შრომა. მომავალ აბიტურიენტებსაც მინდა, ვუთხრა, თავიანთ მიზნებს ბოლომდე მიჰყვნენ და ნერვიულობასა და პატარა დაბრკოლებებს არ მისცენ შესაძლებლობა, გეგმებზე უარი თქვან, რადგან ყველაფერი ჩვენ ხელშია.

- სამომავლოდ რა მიმართულებით გეგმავთ მუშაობას?

- მინდა, სამეცნიერო მიმართულებით ვიმუშაო და დრო მათემატიკაში სხვადასხვა საკითხის კვლევასა და ძიებას დავუთმო.

თამარ იაკობაშვილი

შრომამ, საკუთარ თავზე მუშაობამ შედეგი ნამდვილად გამოიღო. დროის მენეჯმენტსა და პასუხისმგებლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა - გაიცანით აბიტურიენტები, რომლებმაც ინგლისურ ენაში მაქსიმალური ქულა მიიღეს
ამ წლების უკან უდიდესი შრომა იმალება და ძალიან მიხარია, რომ შესაბამისი შედეგი მივიღე... - რას ამბობენ აბიტურიენტები, რომლებმაც ქართულ ენასა და ლიტერატურაში მაქსიმალური ქულა მიიღეს