ცნობილი რეჟისორის ელდარ შენგელაიას გარდაცვალება დიდი დანაკლისია ქართული კინოსთვის. შენგელაიების მთელი ოჯახი ქართული კინოს სათავეებთან იდგა. ელდარის და გიორგის დედა ნატო ვაჩნაძე მუნჯი კინოს პირველი ქართველი ვარსკვლავი იყო, მისი მეუღლე ნიკოლოზ შენგელაია - შესანიშნავი ქართველი რეჟისორი, "ელისოს" და "ნარინჯის ველის" ავტორი. და მათ ოჯახში გაიზარდა ორი დიდი რეჟისორი - ელდარი და გიორგი.
ამ ფაქტს ეხმიანება ქართველი რეჟისორი, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დიმიტრი ხვთისიაშვილი და წერს:
"მამა-შვილების ნიკოლოზ, ელდარ და გიორგი შენგელაიების საუკუნოვანი კინოამბავი დასრულდა. ერთმა ოჯახმა ქართული კინოს ოქროს ფონდში დატოვა "გიული", "ელისო", " ნარინჯის ველი", "თეთრი ქარავანი", "არაჩვეულებრივი გამოფენა", "შერეკილები", "სამანიშვილის დედინაცვალი", "ცისფერი მთები", "ალავერდობა", "ფიროსმანი", "ვერის უბნის მელოდიები", "ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა ". . . მხოლოდ შედევრები ჩამოვთვალე. ეს ჩამონათვალი ერთ ოჯახს კი არა, მთელი სახელმწიფოს კინოსკოლას ეყოფოდა.. . ასწლიანი რეტროსპექტივა დასრულდა. უკვე ისტორიის ნაწილი გახდა. სახელოვანი ისტორიის, რომელიც მათ სიცოცხლეშივე იქცა ლეგენდარულად. ჩვენ ისღა დაგვრჩენია დღეიდანვე დავიწყოთ კვლევა შენგელაიების კინოფენომენისა, რომელმაც თითოეული ქართველის და არა მხოლოდ ქართველის ცნობიერებაში არათუ შეაბიჯა, არამედ ღრმა კვალი დატოვა, ააფორიაქა, შეაყვარა და სამუდამოდ იქ დარჩა. ბატონი ელდარის გარდაცვალებამ ჩაკეტა ეს საუკუნოვანი ეპოპეა. ამიტომაცაა, რომ მისი წასვლა ერთი დიდი ხელოვანის გარდაცვალება კი არ არის მხოლოდ, არამედ დიდი ნიჭიერების, მრავალმხრივობის, შთაგონების, აღმაფრენის, სიყვარულის კვანძის შეკვრაა. რამხელა ბედნიერებაა ღვთით ბოძებული თითო სიცოცხლე ასეთ საყოველთაო სიყვარულსა და აღფრთოვანებაში რომ გაიხარჯება".